ნატო გელაშვილი 49 წლის გახდა. შარშან, 18 აპრილს, რომ არა, ახლად დაწყებული პანდემია, დაბადების დღეს მაცხოვრის საფლავზე შეხვდებოდა. აღდგომა 19 აპრილს იყო და იუბილარი ავტორ-შემსრულებელი, უდიდესი ქრისტიანული სასწაულის მომსწრეც გახდებოდა. მაგრამ კორონავირუსმა გეგმა შეუცვალა. წელს არაფერი დაუგეგმავს, ვერც ზოგადი სიტუაცია მისცემდა ამის საშუალებას.
ნატომ “პრაიმამბებს” დაბადების დღესა და ლექსების კრებულზე უამბო.
ნატო გელაშვილი – დილით წირვაზე ვიყავი. ამ ქვეყნად მოვლინებისთვის, უფალს მადლობა შევწირე. ეკლესიაში სრული სიამოვნება მივიღე, რასაც სახლში მისული ვერ ვიტყოდი.
ვინ შედიოდა-გადიოდა, არ ვიცოდი, გადაჩვეული ვარ ამდენ მოძრაობს. უფალს მადლობა, რომ ბევრს გავახსენდი. იმაზე მეტს, ვიდრე ველოდი.
სახლში მისულს ბუშტები და ქაოსი დამხვდა. ჩემი სტილისტი კიბეზე ასული რომ ვნახე, გავოცდი. ეს დღე არ დამავიწყდებაო, მითხრა. ბუშტებით მორთვაში მიაღებინეს მონაწილეობა.
გლოვოების ცვენა იყო, საჩუქრად შეკვეთილი ტორტები და სხვადასხვა საკვები მოჰქონდათ. ძალიან გამახარა ემიგრანტების ყვავილებმა ბელგიიდან.
“შემოგირბენ და წავალო”, მეუბნებოდნენ, მოდიოდნენ და მიდიოდნენ მეგობრები. მე, ძირითადად, ტელეფონი მეჭირა და ვპასუხობდი. იმდენი ზარი შემოვიდა, ბევრს ვერც ვუპასუხე. უჩემოდ მოილხინეს გოგოებმა. ერთი მახსოვს, რომ მადღეგრძელეს, დანარჩენი სულ დაკავებული ვიყავი.
ისეთი ლამაზი შარფები მომივიდა-მეთქი, რომ ვთქვი, ჩემმა “ჭოხოებმა” ერთმანეთს შეხედეს. თურმე ბიჭების შეკვეთით მოსულა და ამდენ საჩუქარში, მე წარწერისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. დედა, ვერ თქვი, ამდენი ხანი შარფები თუ მიიღე, ჩვენ ვურეკავდით ფირმას, სად არის ჩვენი შეკვეთაო, მითხრეს.
წინა ღამით, მეძინებოდა, მაგრამ ბიჭებმა ცოცხალი თავით არ დამაძინეს; მიკიჟინეს, მოდი, ვიმღეროთო, ისაო, ესაო. 12 საათზე შუქები ჩააქრეს და ტრადიციული ტორტის სიურპრიზი მომიწყეს.
საერთოდ, მინდოდა გავპარულიყავი და ჩემთვის შევხვედროდი ამ დღეს, მაგრამ ვინ მომცა ამის საშუალება?! ქაოსური დღე იყო.
ნატო თავისი ლექსების კრებულის გამოშვებას გეგმავს. კრებულში შევა ავტორის ცალკეული პოეტური ფრაზები, სხვადასხვა ჩანაწერების ამონარიდები, ნარკვევები, ჩანახატები…
ნატო – სოციალურ ქსელში დავწერე, სახელწოდება ერთად მოვიფიქროთ-მეთქი და ბევრი ვერსია ითქვა. ვნახოთ, საბოლოო ჯამში იქედან სახელწოდებად ამოვარჩევ.
მუსიკის კეთების დრო, ჯერჯერობით, არ არის. პოეზია იმდენად მიყვარს, რომ ჩემი შინაგანი მე, მუსიკას მეორე ადგილზე გადაიტანდა. პოეზია ჩემთვის ყოველთვის წინ იყო.
ვისაც ნატო უყვარს, დარჩებათ ჩემგან ეს კრებული. ეს არ არის პომპეზური განაცხადი. უბრალოდ ჩანახატების, ლექსების ერთობლიობა იქნება.
ძალიან არ ვჩქარობ, ნაჩქარები არაფერი მიყვარს. თუმცა, ვფიქრობ, წელს მოესწრება.
წყარო: primeambebi.ge