ზახაროვამ პრაღას მოუწოდა, ულტიმატუმები ნატოს შიგნით სასაუბროდ შეინახოს და განაცხადა, რომ „რუსეთთან ასეთი ტონით საუბარი დაუშვებელია“.
მოსკოვი პასუხს გასცემს პრაღის შესაძლოა ახალ ნაბიჯებსა და ქმედებებს რუსი დიპლომატების მიმართ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
„არ არსებობს პრობლემის გადაჭრისა თუ პრობლემის აღმოფხვრის სურვილი. პირიქით, არსებობს მისი გაღრმავების სურვილი. თუ ასეთი მიდგომა გაგრძელდება, მას შესაბამისი პასუხები გაეცემა. და ეს პრაღისთვის კარგადაა ცნობილი“, — განაცხადა ზახაროვამ რადიოსადგურ Говорит Москва–ს ეთერში.
ამასთან რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ პრაღისგან განსხვავებით, რომელიც ახლა „აბსურდული სიტუაციების მოდელირებითაა“ დაკავებული, მოსკოვს „ფანტაზიებისთვის არ სცალია“.
მანამდე ჩეხეთის ლიდერმა იაკუბ კულგანეკმა განაცხადა, რომ რუსეთმა იქიდან გამოძევებული ჩეხი დიპლომატები უკან ხუთშაბათის 12:00 საათამდე უნდა დააბრუნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობა პრაღაში კიდევ შემცირდება. ამაზე პასუხად ზახაროვამ პრაღას მოუწოდა, ულტიმატუმები ნატოს შიგნით სასაუბროდ შეინახოს და განაცხადა, რომ „რუსეთთან ასეთი ტონით საუბარი დაუშვებელია“.
მანამდე, 17 აპრილს, ჩეხეთის პრემიერმა ანდრეი ბაბიშმა გამოაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება რუსეთის სპეცსამსახურებს მიიჩნევს ეჭვმიტანილად ვრბეტიცეს საბრძოლო მასალების საწყობში 2014 წელს მომხდარ აფეთქებებში, და ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევეს. კრემლში ამ ბრალდებებს აღმაშფოთებელი და დაუსაბუთებელი უწოდეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აფეთქებების გამოძიებასთან დაკავშირებული სიტუაცია „მარაზმატიკულ აღლუმად“ შეაფასა. პრაღის ნაბიჯების საპასუხოდ, მოსკოვმა ჩეხეთის საელჩოს ოცი თანამშრომელი პერსონა ნონ–გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.
მოგვიანებით ჩეხეთის სენატმა ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა, გააუქმოს რუსეთთან მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება.