რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფედერალური კრების წინაშე გამოსვლისას ყურადღება დაუთმო არა მხოლოდ საშინაო პოლიტიკას, არამედ საგარეო პოლიტიკურ პრობლემატიკას.
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალური კრების წინაშე გამოსვლისას საგარეო პოლიტიკურ პრობლემატიკაზე საუბრისას მიუთითა დასავლეთის დუმილზე ბელარუსში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით და ისაუბრა რუსეთის მზადყოფნაზე, ასიმეტრიულად უპასუხოს პროვოკაციებს.
უკრაინის საკითხი
სამხედრო ექსპერტის, ალექსეი ლეონკოვის აზრით, ვლადიმერ პუტინის გაფრთხილება, რომ ნებისმიერი პროვოკაციის ორგანიზატორები პასუხს მიიღებენ, თუ რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს საფრთხე შეექმნება, პირველ რიგში, უკრაინას ეხება.
„რუსეთმა შეწყვიტა იმ წესებით თამაში, რომლებიც მას დაუდგინეს. მოსკოვს მიაჩნია, რომ მსოფლიოში სამხედრო გზით, რასაკვირველია, ბევრი წყვეტს საკითხებს, მაგრამ უკეთესია მოლაპარაკება. ვისაც არ სურს მოლაპარაკება და ყველა ხიდს წვავს, უნდა ესმოდეს, რომ პასუხი სწრაფი და ასიმეტრიული იქნება. უკრაინის სიტუაცია უკავშირდება ყირიმისა და დონბასის გამო დაწესებულ სხვადასხვა სანქციას. რუსეთს თავს ახვევდნენ წესებს, მაგრამ ეს დრო დასრულდა და პრეზიდენტმა ეს პირდაპირ განაცხადა“, – აღნიშნა ექსპერტმა.
ვლადიმერ პუტინმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ ნებისმიერ სამხედრო პროვოკაციას საპასუხო ზომები მოყვება, ხოლო უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება პარტნიორებმა პრაქტიკულად ფაქტის წინაშე დააყენეს – მათ უნდა იბრძოლონ, ამბობს ლეონკოვი. უკრაინაში ხომ ფულია ჩადებული, მათ სამხედროებს ამზადებდნენ.
ამიტომ ზელენსკის შემთხვევით არ უხსენებია, რომ პუტინს დონბასში საბრძოლო შეხების ხაზზე შეხვდება, მაგრამ ეს შეხვედრა არ შედგება – იგი უნდა შეხვდეს დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ხელმძღვანელებს და მათთან პირისპირ გამართოს დიალოგი, აღნიშნავს ექსპერტი.
„თუ პუტინს დონბასსა და უკრაინაზე კონკრეტული არაფერი უთქვამს, ეს არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც სისუსტე“, – დარწმუნებულია ალექსეი ლეონკოვი.
გადატრიალება ბელარუსში
განსაკუთრებული ყურადღება ვლადიმირ პუტინის გზავნილში ბელარუსის თემას დაეთმო. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბელარუსის საკითხთა კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ნიკოლაი მეჟევიჩის შეფასებით, რუსეთის ლიდერმა მიანიშნა, როგორ მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება ბელარუსის რესპუბლიკაში.
„ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ ახლა გასაგებია, რატომ ამბობს დასავლეთი უარს რუსეთთან თანამშრომლობაზე კიბერუსაფრთხოების სფეროში – სახელმწიფო გადატრიალება ბელარუსში გულისხმობდა, მათ შორის, ქსელში მუშაობასაც. მართლაც, გლობალურ სამყაროში უსაფრთხოების სისტემის შესაქმნელად საკმარისია სამი სახელმწიფოს – აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ძალისხმევა, მაგრამ ამერიკელებს არ სურთ არც რუსეთთან და მის მოკავშირეებთან თანამშრომლობა, არც ჩინეთთან. ამიტომ მსოფლიო არის იქ, სადაც არის“, – ფიქრობს მეჟევიჩი.
ექსპერტს ეჭვი არ ეპარება, რომ ვაშინგტონს კავშირი აქვს ბელარუსში ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მცდელობასთან.
„ვერ დავიჯერებ, რომ ლიტვის დაზვერვას მსგავსი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება შეუძლია. ან პოლონეთს. აქ აშკარად ამერიკის ხელი ურევია. ვინაიდან მინსკის მიმართ სხვა დიდი სახელმწიფოების ინტერესის გამოვლენა შეუძლებელია. პრეზიდენტების მოშორება კი – ბოლო ორასი წლის განმავლობაში საყვარელი ამერიკული გასართობია. ახალი არაფერია“, – აღნიშნა სპეციალისტმა.