წუხელ მოსული უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სასათბურე მეურნეობები დაზიანდა.
ჰერეთისკარის, ჭიაურისა და საქობოს მოსახლეობას ქარმა, ახლად გაშენებული სათბურები დაუნგრია.
ადგილობრივების ინფორმაციით, უამინდობის გამო, რამდენიმე ადგილას ხეებიც წაიქცა, რამაც ელექტროგადამცემი ხაზების მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვია. ქარის შედეგად, სოფელ ჭიაურში ორი საცხოვრებელი სახლის სახურავია დაზიანებული.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის განმარტებით, დაზარალებული მოსახლეობის შესახებ ინფორმაცია გროვდება.
“ძლიერი ქარი და წვიმა იყო, ამ დრომდე ვაგროვებთ ინფორმაციას დაზიანებების შესახებ. ამის შემდეგ, კომისია ადგილებზე გაეცნობა ვითარებას” – განაცხადა მდივნიშვილმა. ძლიერი ქარის გამო ხეების წაქცევის შედეგად, გარკვეული დროის განმავლობაში შეფერხებული იყო საავტომობილო მოძრაობა ლაგოდეხი – აფენის ცენტრალურ მაგისტრალზეც.
წყარო: newposts.ge