საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. ძალიან მოხარული ვარ, რომ პარტიებმა შეძლეს შეთანხმების მიღწევა – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განუცხადა.
“ეს იყო მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი. ძალიან მოხარული ვარ, რომ პარტიებმა შეძლეს შეთანხმების მიღწევა. ეს იყო გრძელი და რთული გზა, რომლის დროსაც მხარეებმა გამოიჩინეს რეალური გამბედაობა და ლიდერობა, წასულიყვნენ იმ კომპრომისზე, რაც წარმოდგენილია შეთანხმებაში. ვფიქრობ, 2019 წლის ივნისის მოვლენები იყო მტკივნეული ეპიზოდი ყველა ქართველისთვის და მნიშვნელოვანია, რომ მხარეები შეთანხმდნენ წინსვლაზე ამნისტიის კანონთან დაკავშირებით. ეს არ გამორიცხავს ამ მოვლენებთან დაკავშრებით პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, მაგრამ აძლევს ქვეყანას წინსვლის საშუალებას“ – განაცხადა კელი დეგნანმა.
მისივე თქმით, ნიკა მელიას გადასაწყვეტია, დატოვებს თუ არა საპატიმროს, თუმცა შეთანხმება ამის საშუალებას იძლევა.
“ეს, რა თქმა უნდა, არის ბატონი მელიას პირადი გადაწყვეტილება, დატოვებს თუ არა ციხეს, მაგრამ შეთანხმება იძლევა ბატონი მელიასა და რურუას გათავისუფლების საშუალებას. რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, რომლებიც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში განიხილებოდა, მე ვთვლი, რომ ეს არის წინ გადაგმული ნაბიჯი და საშუალებას აძლევს საქართველოს, დაიწყოს მუშაობა იმ უზარმაზარი გამოწვევების გადასაჭრელად, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა, მათ შორის, ეკონომიკის აღდგენა, „კოვიდ-19“-თან გამკლავება. ვხედავთ, რომ შემთხვევების რაოდენობა იზრდება, არსებობს სხვა გამოწვევებიც, რომლებიც ნამდვილად ითხოვს სრულად ფუნქციურ პარლამენტს“ – აღნიშნა კელი დეგნანმა
წყარო: saqinform.ge