ქართველებს არ გვაქვს სახელმწიფო – ეს გია ვოლსკიმაც აღიარა, თუმცა არასწორი ინტერპრეტაციით

ქართველებს არ გვაქვს სახელმწიფო, მაგრამ, ამის თქმა, ლიბერალების აზრით, რუსული ნარატივია… დიახ, ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო, ჩვენ ეს ვერ შევძელით. ამის თქმა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ბოლო 30-წლიანმა პრაქტიკამ მაიძულა. საქართველოს მმართველები ე.წ. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდანვე ეძებდნენ გარეშე ძალებს, რათა მათთვის ჩაებარებინათ ქვეყნისა და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ბედი. 

მსოფლიოში პრობლემად არის ქცეული პატარა ქვეყნების სუვერენიტეტის საკითხი, ყველა პატარა ქვეყანა რომელიღაცა დიდი სახელმწიფოს ან დიდი გაერთიანების სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებას, თვითონაც იღებს რჩევებს და ითვალისწინებს, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი, ესა თუ ის ქვეყანა ახერხებს, დაიტოვოს ქვეყნის საშინაო პოლიტიკის მართვის გარკვეული უფლება, რომელიც საქართველოსთვის უცხოა. საქართველოს სუვერენიტეტის ნიშან-წყალი აღარ ეტყობა. მაგალითად, ავიღოთ პოლონეთი. მიუხედავად ყველაფრისა, ამ ქვეყნის მმართველები ახერხებენ თავისი დღის წესრიგი მოახვიონ თავს ამა თუ იმ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ე.წ. პარტნიორ ქვეყნებს.

საქართველოში მოშლილია ყველაფერი, ჩვენი ქვეყნიდან გადახვეწილია მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომლებიც, რაც წლები გადის, უფრო და უფრო შორდებიან ფესვებს, ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს და ესეც ქმნის დემოგრაფიული განვითარების პრობლემებს.

უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში მოხდა ის, რასაც ამდენი წელიწადი ცდილობდა ჩვენი ე.წ. პოლიტელიტა – საქართველოში დამყარდა საგარეო მმართველობა.

“შარლ მიშელის გეგმა” სწორედ ამაზე მეტყველებს. დასავლელ პოლიტიკოსებს არ აინტერესებთ, ჩაიხედონ ჩვენი ქვეყნის პრობლემების დეტალებში, ჩვენ კი დაჟინებით მოვითხოვთ მათგან, რომ მოვიდნენ და დაგვილაგონ ქვეყანა, ისინიც ალაგებენ ისე, როგორც სურთ, ცდილობენ, არ აირიოს ქვეყანა და არ დაიწყოს შიდა ომები, რადგან ეს უბრალოდ, თავად არ აწყობთ…

კარგია, რომ გია ვოლსკიმ აღიარა, თუნდაც ცალყბად და არასწორი ინტერპრეტაციით, რომ ქართველებს არ გვაქვს დამოუკიდებელი სახელმწიფო: “მრცხვენია ვაღიარო, რომ ამ უშველებელი კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობის მიუხედავად, არანაირი რესურსი არ გვაქვს გადაწყვეტილებები საგარეო ჩარევის გარეშე მივიღოთ … არავინ არ თქვას, რომ საქართველოს შეუძლია იარსებოს და სამშვიდობოს გავიდეს საერთაშორისო ფინანსური და პოლიტიკური თანადგომის გარეშე. ეს ადამიანები წარმოადგენენ სერიოზულ ორგანიზაციებს, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკას განაპირობებენ…

ამ სერიოზულ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებს რომ ბალანსი არ დავახვედრეთ, იმიტომაც გვაქვს სუვერენიტეტი ცალსახად დაკარგული. ბალანსი  მხოლოდ ერთი შეიძლებოდა, ყოფილიყო – რუსეთი. ასეთი ბალანსებით ინარჩუნებენ და აძლიერებენ კიდეც თავიანთ სუვერენიტეტს მცირე სახელმწიფოები, თუნდაც ჩვენი კავკასიელი მეზობლები; მაგრამ ამას საქართველოში ვის შეაგნებინებ?! არც უნდათ, მარტივი მიზეზის გამო – დამოუკიდებლობა პასუხისმგებლობას ნიშნავს, მოითხოვს პროფესიონალიზმს, კვალიფიკაციას, ასევე გამბედაობასა და მსხვერპლის გაღებისთვის მზადყოფნას. ამ ყველაფერს მოკლებულნი არიან ჩვენი “პოლიტიკური ელიტები”, ისევე, როგორც საზოგადოება მთლიანად.

 

 

გულბაათ რცხილაძე