რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქებში წვრთნების დასრულების შესახებ განაცხადა და პირადი შემადგენლობების დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნების ბრძანება გასცა.
“მიმაჩნია, რომ მოულოდნელი შემოწმების მიზნები სრულადაა მიღწეული. ჯარებმა ქვეყნის საიმედო დაცვისუნარიანობის დემონსტრირება მოახდინეს. /…/ ისინი რუსეთის საზღვრების სიახლოვეს ვითარების ნებისმიერ ცვლილებაზე ადეკვატურად რეაგირებენ. აქ, ყირიმში, /…/ დავამუშავეთ მოქმედებები ზღვისპირეთის დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვის მიმართულებით” – წერს შოიგუ.
სამხრეთ სამხედრო ოლქის 58-ე არმიის, ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე არმიის, საჰაერო-სადესანტო ძალების მე-7, 76-ე და 98-ე დივიზიები მუდმივი დისლოკაციის პუნქტებში 1 მაისისთვის დაბრუნდებიან, – აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ “სარდლობამ გზაში ინციდენტები არ უნდა დაუშვას”.
ყირიმში გამართულ წვრთნებში 10 000-ზე მეტმა სამხედრომ, 1,2 ათასმა ერთეულმა შეიარაღებამ და სამხედრო ტექნიკამ, მათ შორის სარაკეტო კომპლექსებმა “Бал” და “Бастион”, მოიერიშეებმა “Иноходец”, სწრაფმავალმა საპატრულო კატერებმა “Раптор” მიიღეს მონაწილეობა.
ჯარის საბრძოლო მზადყოფნის საკონტროლო შემოწმების დაწყების შესახებ მინისტრმა აპრილის დასაწყისში განაცხადა. ყირიმში გამართულ თათბირზე მან აღნიშნა, რომ “რეგიონში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ნატო-ს სამხედრო და სადაზვერვო აქტივობა” და რომ “რუსი სამხედროები გულდასმით აკვირდებიან ალიანსის ქმედებებს დაგეგმილი სწავლება Defender Europe-ის წინ”.
ბოლო რამდენიმეკვირის განმავლობაში უკრაინამ და დასავლეთის ქვეყნებმა არაერთგზის გამოთქვეს შეშფოთება ყირიმსა და დასავლეთ საზღვრებთან რუსეთის “აგრესიული” მოქმედების გამო. საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ “რუსეთის ჯარები ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებში გადაადგილდებიან, ეს მოქმედება არავის უქმნის საფრთხეს და არავის უნდა აღელვებდეს”.
აიპრესი