მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთის ელჩმა რუსეთის საგარეო უწყებაში ოცი წუთი დაჰყო და კომენტარის გარეშე დატოვა სამინისტრო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა პოლონეთის საელჩოს ხუთი თანამშრომელი, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორია 15 მაისამდე უნდა დატოვონ, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
პოლონეთის ელჩი კშიშტოფ კრაევსკი დღეს, 23 აპრილს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს, რა დროსაც რუსულმა მხარემ მტკიცედ გააპროტესტა მანამდე პოლონეთის მიერ რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება.
„ელჩს ეუწყა, რომ პოლონეთიდან რუსი დიპლომატების გამოძევებასთან დაკავშირებული პროვოკაციული ქმედებების პასუხად, გამომდინარე ორმხრივობის პრინციპიდან, სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუსეთის ფედერაციაში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს ხუთი თანამშრომელი. ქვეყნის ტერიტორია მათ 2021 წლის 15 მაისი დღის ბოლომდე უნდა დატოვონ“, — განაცხადეს სამინისტროში.
როგორც რუსეთის დიპლომატიურ უწყებაში აღნიშნეს, პოლონეთმა ეს ნაბიჯი აშშ–ისთვის სოლიდარობის ნიშნად გადადგა, რომელიც მოსკოვს „აბსურდული საბაბით“ ადანაშაულებს „თავის ტერიტორიაზე განხორციელებულ კიბერთავდასხმებში“.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას თქმით, რუსი დიპლომატების გამოძევება პასუხობს არა საკუთრივ პოლონეთის, არამედ აშშ–ის ინტერესებს.