ჩეხეთიდან რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა გაძევების საპასუხოდ კრემლი ჩეხური წარმოების საქონლის, მათ შორის ლუდის იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს.
„თუ სარკისებური ზომები გვინდა, საელჩოს ყველა თანამშრომელი, მათ შორის ელჩიც უნდა გავაძევოთ, რაც ფაქტობრივად დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას გამოიწვევს. ამიტომ ახლა ალტერნატიული საპასუხო ნაბიჯები განიხილება“, – აცხადებს გამოცემის ერთ-ერთი წყარო.
2020 წელს ჩეხეთიდან რუსეთში ლუდის იმპორტი 10%-ით გაიზარდა და 38 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ამასთანავე, ექსპერტების განცხადებით, რუსულ ბაზარზე იმპორტირებული ჩეხური ლუდის წილი ძალიან მცირეა, ვინაიდან ლუდის ჩეხური სახეობები რუსეთში ლიცენზიით, იმპორტირებული ნედლეულის გამოყენებით მზადდება.
17 აპრილს ჩეხეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევა. დიპლომატები რუსეთის დაზვერვაზე ფარულად მუშაობდნენ. ამასთანავე, ჩეხეთის ხელისუფლებამ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ამ პირებს კავშირი ჰქონდათ 2014 წელს საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებასთან, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.
18 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში ჩეხეთის საელჩოს 20 დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.