მესტიის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის გამო მოსახლეობას პრობლემები შეექმნა

მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჟაბეშში, ძლიერი წვიმის შედეგად რამდენჯერმე ადიდდა ღელე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობას. ინფორმაციას ამის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

დაზიანდა სოფლის შიდა გზები და ხიდი. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და ინტენსიურ რეჟიმში ხდება ღელის განტვირთვა. ამ დროისთვის კვლავ არსებობს მეწყრული პროცესის გააქტიურების საფრთხე.

უშგულის თემში, სტიქიამ სოფელ მურყმელსა და ჩაჟაშს შორის გზის 100-მეტრიანი მონაკვეთი სრულად გაანადგურა, ამ დროისთვის შეუძლებელია ამ სოფლებს შორის ავტომობილით გადაადგილება.

ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ადიდებულმა მდინარე დევრამ დააზიანა შიდა სასოფლო გზები და ხიდი.

მიმდინარეობს სტიქიის საპრევენციო სამუშაოები, რის შემდეგაც დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დაიწყება.

 

“იმედინიუსი”