მეუფე სტეფანე – თუ ვინმე სისხლისღვრას დააპირებს, ტერორისტულ აქტად შევაფასებთ

მარტვილის სოფელ თამაკონის ტაძარში, სადაც ჭყონდიდის მიტროპოლიტი წირვას ატარებს, მასთან დაპირისპირებული სასულიერო პირები შევიდნენ.

მიტროპოლიტის განცხადებით, ის აქ დღეს იმისთვის არ მოსულა, რომ ის სასულიერო პირები, რომლებსაც მღვდელმსახურება შეუჩერა, ეკლესიიდან განკვეთოს. მისივე თქმით, როცა არ არის დარწმუნებული ბოლომდე საკუთარი ქმედების სისწორეში, ამას არ აკეთებს.

მეუფე სტეფანე ამბობს, რომ მართალია სალხინოს ტაძარში არ შეუშვეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა, მაგრამ დღეს იქ მამები წირავენ, ადამიანები ლოცულობენ, ამიტომაც მისთვის სხვა საკითხები დღეს პრობლემას არ წარმოადგენს. პირიქით, ცდილობს ადამიანებს მეტი დრო მისცეს ვითარების გასაანალიზებლად.

მიტროპოლიტის განმარტებით, როცა ადამიანი აღელვებულია და შინაგანი შფოთი აქვს, ყოველთვის სწორად ვერ მოქმედებს და ვერ წყვეტს ბევრ რამეს. ამიტომ, უფლება არ აქვთ მათ საბედისწერო განაჩენი გამოუტანონ, მიუხედავად იმისა, რომ მიზეზიც აქვთ და უამრავი ფაქტია, რის გამოც შეიძლება ნებისმიერი მუხლით მათი დასჯა.

„მაგრამ, არის კიდევ მეორე რამ – წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი. ამ შემთხვევაში მე ამ პრინციპით ვსარგებლობ და შინაგანად გული არ მიშვებს, რომ განვკვეთო. ხომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს სწორი განწყობა ამ მხრივ? სწორი განწყობა გვქონდა მაშინ, როცა განვკვეთე, ვინც განსაკვეთი იყო, როცა შევზღუდე მღვდელმსახურება. არცერთი წუთით არ მქონია შინაგანი თრთოლვა ან შეყოყმანება, იმიტომ, რომ ვხედავდი, ღვთის წინაშე ეს სწორი იყო. მე მთელი ღამე უფლის წინაშე გავატარე იმისთვის, რომ ეს გამეკეთებინა” – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მისივე თქმით, თუკი იძულებულს არ გახდიან, ამას არ გააკეთებს არც ახლა და არც მომავალში. მიტროპოლიტი ამბობს, რომ თუ ექნებათ საშუალება, ჩვეულებრივ წირონ და ილოცონ, არავითარი პრობლემა არ იქნება.

„აქ გავიგე მუქარასავით, რომ სისხლისღვრა მოხდება და რაღაც. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი პოზიცია ზოგადად. ხალხი სალოცავად მოდის და არა იმისთვის, რომ ვიღაცას სცემოს. თუ ვინმე სპეციალურად არ გააკეთებს ისეთ რამეს, რომ ვინმე ცემოს ან სისხლი დაღვაროს, არაფერი მოხდება. არ დავუშვებთ, რომ ეს მოხდეს.

აქ უფრო მძიმე საკითხებია, იმიტომ, რომ ეს უკვე განხილული იქნება, როგორც ტერორისტული აქტი. იქნება განხილული, არა როგორც უბრალო სამართალდარღვევა, არა მხოლოდ ის, რომ წირვის ჩატარების უფლებას არ გაძლევს, რომელიც ასევე სისხლის სამართლის დანაშაული, არამედ, თუ ვინმე სისხლისღვრაზე არის გამზადებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ტერორისტული აქტისთვის ემზადება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიციას და ყველას მივმართავთ, რომ ასეთი მუქარა არის, რომ ეს ყველაფერი ისე იყოს გაკეთებული, რომ ნეიტრალიზებული იყოს ნებისმიერი ტერორისტი, ან ნებისმიერი ის ადამიანი, რომელიც შეეცდება სისხლისღვრის ატეხვას ან ტაძარში, ან ტაძრის გარშემო” – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

წყარო: bm.ge