მისტერ ნოღაიდელის მიერ დათვლილი კოლოვატები და ასეულობით მილიონი აშშ დოლარები

“დამატებით 1 მლრდ კილოვატსაათი საკუთარი ენერგიის წარმოება ნიშნავს პლუს 100 მლნ აშშ დოლარს ჩვენს ეკონომიკაში”.

“ნებისმიერი ჰიდროელექტროსადგური, დიდი, საშუალო თუ მცირე, უნდა აშენდეს ტექნიკურად, სოციალურად და გარემოს დაცვითი თვალსაზრისით სწორად. ის რაც ხშირად გვესმის, რომ ჰესების მშენებლობა არ გვინდა და ა.შ. ეს არის არასწორი მიდგომა და ამაზე, პირველ რიგში, მთავრობამ უნდა მისცეს მკაფიო განმარტება საზოგადოებას“, – ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ-გრინის“ სამეთვალყურეოს საბჭოს წევრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა.

ნოღაიდელის თქმით, არცერთი ენერგეტიკული პროექტი არ უნდა განხორციელდეს, რომლის ახსნაც ჩვენ არ შეგვიძლია.

“დარწმუნებული ვარ, ჩვენ შესანიშნავად შეგვიძია იმის ახსნა, მათ შორის დეტალურად, თუ რატომ სჭირდება საქართველოს ესა თუ ის ჰიდროელექტროსადგური, მაგალითად ნამახვანჰესი. კერძოდ, მკაფიოდ უნდა განვმარტოთ, რას ნიშნავს დამატებით 1 მლრდ კილოვატსაათი საკუთარი ენერგია, 1 მლრდ კილოვატსაათ იმპორტთან შედარებით საქართველოს ეკონომიკისთვის და მოსახლეობისთვის.

უნდა ავხსნათ, რომ 1 მლრდ კილოვატსაათის იმპორტი ნიშნავს საშუალოდ 50 მლნ აშშ დოლარის გასვლას ჩვენი ეკონომიკიდან, ხოლო 1 მლრდ კილოვატსაათი საკუთარი ენერგიის წარმოება ნიშნავს პლუს 50 მლნ აშშ დოლარს ჩვენს ეკონომიკაში. ანუ, 1 მილიარდი კილოვატსაათის წარმოება ეკონომიკისთვის პლუს 100 მლნ აშშ დოლარია და ეს პლუსი, უნდა აისახოს ყველა ჩვენს თანამემამულეზე” – აღნიშნა ნოღაიდელმა

მისი აზრით, იმავდროულად საზოგადოებამ წყლის რესურსს არ უნდა შეხედოს მხოლოდ, როგორც კილოვატსაათების წარმოებისთვის საჭირო ნედლეულს.

“პირველ რიგში წყლის რესურსი უნდა განვიხილოთ, როგორც სასიცოცხლო რესურსი და ის უნდა ავითვისოთ სწორად, გარემოზე მაქსიმალურად ნაკლები ზიანის მიყენებით და იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ეს ქვეყნის ენერგეტიკის და მთლიანად ეკონომიკის განვითარებას სჭირდება” – განმარტა ნოღაიდელმა.