რუსეთი 24 აპრილიდან შავი ზღვის სამ მონაკვეთში უცხო ქვეყნების სამხედრო და სხვა სახელმწიფო გემების გადაადგილებას კრძალავს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ 14 აპრილს გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, შეზღუდვა 24 აპრილის 21:00 საათიდან 31 ოქტომბრის 21:00 საათამდე იმოქმედებს და შეეხება ყირიმის სანაპიროს გასწვრივ აკვატორიას სევასტოპოლსა და გურზუფს შორის, ქერჩის ნახევარკუნძულთან ოპუკის კონცხის მიდამოებში და ნახევარკუნძულის დასავლეთ კიდესთან ახლოს მდებარე მონაკვეთს. მათი განმარტებით, ქერჩის სრუტე და მისი მისადგომები საზღვაო მიმოსვლისთვის აკრძალულ ზონაში არ შედის.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა.
„შეერთებული შტატები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის გეგმების გამო, დაბლოკოს უცხოური სამხედო-საზღვაო და სახელმწიფო გემების შავი ზღვის ნაწილებში მოძრაობა, მათ შორის ოკუპირებულ ყირიმთან და ქერჩის სრუტესთან. რუსეთს უკრაინული გემების წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების განხორციელების ისტორია აქვს. ეს ნაბიჯი მოსკოვის მიერ უკრაინისთვის ძირის გამოთხრისა და სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით წარმოებულ კამპანიაში კიდევ ერთ არაპროვოცირებულ ესკალაციას წარმოადგენს,“- აღნიშნულია განცხადებაში.