ვაპირებ ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი მკვლელობის, გენოციდის აღიარებას – ბაიდენი ერდოღანს

 აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ აპირებს პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი მკვლელობა გენოციდად აღიაროს, – ინფორმაციას გამოცემა Bloomberg იმ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებსაც საუბრის შესახებ ინფორმაცია აქვთ.

თეთრმა სახლმა ორი ქვეყნის ლიდერს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ მხოლოდ მშრალი ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ბაიდენმა მისი ინტერესი გამოხატა კონსტრუქციული ორმხრივი ურთიერთობების შესახებ და უთანხმოების ეფექტური მართვის საკითხებში. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ორმხრივი შეხვედრა ნატოს სამიტის ფარგლებში, ივნისში გაიმართება, რათა ორმხრივი და რეგიონული საკითხების სრული სპექტრი განიხილონ. შესაბამისად, თეთრმა სახლმა განცხადებაში ეს საკითხი არ ახსენა.

Bloomberg კი წერს, რომ მოსალოდნელია, ბაიდენმა სიტყვა „გენოციდი“ შაბათს, მსხვერპლთა მოხსენიების დღეს, განცხადებისას გამოიყენოს.