გერმანია რუსეთისთვის უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას არ ეთანხმება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნისა და უკრაინაში სამხედრო ძალების მობილიზებასთან დაკავშირებით რუსეთისთვის უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას არ ეთანხმება, – „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ მინისტრმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადა.

მან რუსეთ-გერმანიის ამჟამინდელი ურთიერთობა დაახასიათა, როგორც „ძალიან ცუდი“, მაგრამ დასძინა, რომ ეს „ასე არ უნდა დარჩეს”. მაასი მიიჩნევს, რომ გერმანიის მთავრობა უფრო მეტად უნდა ჩაერთოს რუსეთთან დიალოგში. მისი თქმით, „დიპლომატიის არსს“ წარმოადგენს ისეთ ქვეყნებთან დიალოგი, რომლებსაც საწინააღმდეგო მოსაზრებები აქვთ.

„ახლა ეს განსაკუთრებით რუსეთს ეხება,” – აღნიშნა მაასმა.

ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით მინისტრმა განაცხადა, რომ უფრო მკაცრი სანქციები მისი გათავისუფლების ან მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით კონტრპროდუქტიული იქნება.

„თქვენი აზრით, მოსკოვი იტყვის: „დიდი მადლობა კიდევ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებისთვის? მე ასე არ ვფიქრობ, ვფიქრობ, რომ პირიქით იქნება”, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნავალნის დაღუპვის შემთხვევაში რუსეთს შედეგებით უკვე დაემუქრა.

„მჯერა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ზუსტად იცის რას ელოდება”, – აღნიშნა მაასმა.

ამავე დროს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანიის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციები ძალაში მანამდე დარჩება, სანამ ეს საკითხი პოლიტიკურად არ გადაწყდება.