დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის იმუნიზაციის ოპტიმალურ მაჩვენებელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინფექციის გავრცელების პრობლემას აგვარებენ ის ქვეყნები, რომლებიც მოსახლეობის 60%-ს მაინც აცრა ორჯერადად.
„ხშირად ისმის კითხვა: „ინდოეთში ბევრი ადამიანი აიცრა და მაინც, რატომაა ამ ქვეყანაში რთული მდგომარეობა?“. ინდოეთში რომ 100 მილიონი კაცი აიცრება, იგივეა, რომ საქართველოში 3 ათასი კაცი აიცრას. მოსახლეობის საერთო რაოდენობაზე უნდა გადავიანგარიშოთ. ინფექციის გავრცელების პრობლემას აგვარებენ ის ქვეყნები, რომლებიც მოსახლეობის 60%-ს მაინც აცრა ორჯერადად – მაგალითად, ისრაელი. დანარჩენი ქვეყნები, მაგალითად, ევროპის ქვეყნები, სადაც საშუალო მოცვა 20%-მდეა, ჯერ პრობლემას ვერ აგვარებენ. ვაქცინა იცავს იმათ, ვინც აიცრა, მაგრამ – არა საზოგადოებას. ამიტომ, მაგალითად, ინდოეთში, სადაც, თუ არ ვცდები, ჯერ მოსახლეობის 6%-ია აცრილი, მერე რა, რომ ესაა ათობით მილიონობით ადამიანი, ეს ძალიან ცოტაა ინდოეთისთვის. ამიტომაც შეწყვიტა ინდოეთმა ვაქცინის ქვეყნის გარეთ გატანა. ეს პრობლემაა მთელ მსოფლიოში“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 38 553-მა ადამიანმა ჩაიტარა. საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან.
“იმედინიუსი”