კორონავირუსის ინდური ვარიანტების წინააღმდეგ ვაქცინა ეფექტურია – პაატა იმნაძე

კორონავირუსის ინდური ვარიანტების წინააღმდეგ ვაქცინა ეფექტურია – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამ დროისთვის ინდოეთში არსებული ორივე ვაქცინა კორონავირუსის ინდური ვარიანტების წინააღმდეგ ეფექტურია.

“ორმაგი, სამმაგი მუტაცია, ძირითადად მედიის მიერ მოგონილია, არ შეიძლება, ვიანგარიშოთ ასე, ორმაგად, სამმაგად, ჩვეულებრივი მუტაციებია. ორი ვარიანტია ახლა – 617 და 618, მათი ნომრებია, კიბატონო, მათში მეტი მუტაციაა, ვიდრე ეს იყო ბრიტანულ შტამში, მაგრამ ძალიან საინტერესო კვლევა გამოქვეყნდა. მოგეხსენებათ, ინდოეთში გამოიყენება ორი ვაქცინა, ისეთივე ტიპის ვაქცინა, როგორიც არის ვთქვათ „სინოფარმი“ და „სინოვაკი“, ანუ დახოცილი ვირუსისგან გაკეთებული ვაქცინა და მეორე – „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, რომელსაც ინდოეთი უშვებს. ახლა გამოქვეყნდა ჩვენი ინდოელი კოლეგების პუბლიკაცია, რომელიც აღნიშნავს, რომ ორივე ეს ვაქცინა ინდურ ვარიანტებზე მუშაობს. აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა, ინდოეთში ამდენი ადამიანი აიცრა და მაინც რატომ არის ასეთი მდგომარეობა? ინდოეთში რომ აიცრება 100 მილიონი კაცი, ეს იგივეა, საქართველოში რომ აიცრება 3 000 კაცი, მოსახლეობაზე უნდა გადავიანგარიშოთ. ინფექციის გავრცელების მხრივ პრობლემას ხსნის ის ქვეყანა, ვისაც თავისი მოსახლეობის 60 პროცენტი უკვე ჰყავს ორჯერადად აცრილი, მაგალითად, ისრაელი. ინდოეთში, თუარ ვცდები, სულ აცრილია მოსახლეობის 6 პროცენტი, მერე რა რომ ეს არის ათეულ მილიონობით ადამიანი, ეს ძალიან ცოტაა ინდოეთისთვის. ამიტომ, ინდოეთმა შეწყვიტა ქვეყნის გარეთ ვაქცინების გატანა, ეს პრობლემაა მთელ მსოფლიოში, ბევრი ვაქცინა არ არის მსოფლიო ბაზარზე, ქვეყნები, რომლებსაც თავისი პრობლემები აქვთ მოსაგვარებელი, ჯერ თავის თავს ვერ აკმაყოფილებენ. ინდოეთში მოცირკულირე შტამების წინააღმდეგ ვაქცინა მუშაობს, ორივე ის ვაქცინა, რომელიც დღეს არის ინდოეთში“ – განაცხადა იმნაძემ.

ცნობისთვის, ინდოეთში უკვე მეხუთე დღეა, რაც კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება.

წყარო: ptn.ge