მიუხედავად იმისა, რომ მთელი ბავშვობა აქტიური სპორტსმენი იყო, მთავარ გზად ეს არ აურჩევია, არც პოლიტიკოსობა იყო მისი მიზანი, მაგრამ მოვლენების ეპიცენტრში არაერთხელ აღმოჩნდა. როგორც ამბობს, მისთვის მთავარი იყო, არის და იქნება კინო.
გოგა ხაინდრავა: როგორც ჩემი მშობლები და მასწავლებლები ამბობდნენ, ძალიან ცელქი და ინტერესიანი ბავშვი ვიყავი. სწავლაზე მეტად სპორტი მიზიდავდა. მერვე კლასამდე სწავლით მაინცდმაინც არ ვიკლავდი თავს, მაგრამ ბოლო წლებში კარგად ვსწავლობდი. ვაღიარებ, სკოლაში ცუდად ვიქცეოდი, რის გამოც ხშირად იძახებდნენ ჩემს მშობლებს. პირველ სკოლაში დავდიოდი და დღესაც დიდი სიყვარულით ვიხსენებ ჩემს მასწავლებლებს. იმ სკოლაში სწავლა ბედის საჩუქარი იყო. კარგი ადამიანები იყვნენ ჩემ გარშემო და დღეს ჩემი თანასკოლელები წარჩინებული საზოგადოების წევრები არიან. მათმა გარემოცვამ ჩემში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. მერე იყო სტუდენტობა და ისევ სპორტი, რასაც დიდ დროს ვუთმობდი. თბილისის „დინამოს“ დუბლებში ვთამაშობდი კალათბურთს. მთელი საბჭოთა კავშირი მოვლილი მქონდა. სპორტმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა. მივხვდი, რომ ის ბავშვის განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.
– მაგრამ სპორტი არ იქცა მთავარ გზად, რატომ?
– 1972 წელს ოლიმპიადა იყო. მე მაშინ „დინამოს“ დუბლებში ვთამაშობდი. ნაკრებში საქართველოდან ორი ძალიან დიდი ვარსკვლავი კალათბურთელი იყო – მიხეილ ქორქია და ზურაბ საკანდელიძე. საბჭოთა კავშირის პირველობაზე ვთამაშობდით მინსკში და მოედანზე კონფლიქტი მოხდა. ამის გამო გუნდი უნდა დასჯილიყო. კონფლიქტს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, გაზეთებში წერდნენ მის შესახებ. იმისთვის, რომ მიშა ქორქიასა და ზურა საკანდელიძეს პრობლემები არ შექმნოდათ, ჩვენზე, ანუ ახალგაზრდებზე გადატყდა ჯოხი და დისკვალიფიკაცია მოგვცეს. 17-18 წლის რომ ხარ, დისკვალიფიკაციას მოგცემენ და წელიწად–ნახევარი დიდ სპორტში ვერ მონაწილეობ, ეს სხვა, მიძინებული ინტერესების გაღვიძებას იწვევს და მეც ნელ-ნელა მათკენ გადავერთე.
– გამომდინარე იქიდან, რომ აფხაზეთში ხართ გაზრდილი, როცა უმძიმესი მოვლენები დაიწყო, როგორი იყო თქვენი განცდები და პირველი ნაბიჯები?
– მე პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და არც არასდროს მქონია ამის სურვილი. მაგრამ მაშინ ქვეყანაში ისეთი მდგომარეობა იყო, გინდოდა თუ არა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყველა ვმონაწილეობდით. იმ დროს, ჩვენმა მტრებმა ყველაფერი გააკეთეს ჩვენი საზოგადოების გახლეჩისთვის და მიზანს მიაღწიეს, მაგრამ მე იქ ძმობამ წამიყვანა და არა მტრობამ. ეს აფხაზებმაც ძალიან კარგად იციან. მათ მთელი ჩემი მოღვაწეობა ხელისგულზე ედოთ. გაგანია ომის დროს ვიყავი პოლიტიკურად პირველი პირი – აფხაზეთის სახელმწიფო მინისტრი და პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი. აგერ არიან აფხაზები და თუ ვინმეს არ შერცხვება, ქვა ესროლოს იმას, რასაც მე იქ ვაკეთებდი, აქ ვარ და ველოდები. იმის შემდეგაც შევსულვარ აფხაზეთში. გალში, სოხუმში ქუჩაში ფეხით მივლია, იმიტომ, რომ მე აფხაზების წინაშე დანაშაული არ მაქვს. პირიქით, რაც შემეძლო ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მათთვის საფრთხე ამერიდებინა და მათი ოჯახები დამეცვა.
ჩინოვნიკობა ჩემი სურვილი არასდროს ყოფილა, ეს ჩემთვის მოულოდნელი შემოთავაზება იყო და იმ ეროვნულ განსაცდელში ჩემს თავს ქვეყნის სამსახურზე უარის თქმის უფლება ვერ მივეცი. ვალდებული ვიყავი, წავსულიყავი იქ, სადაც ჩემს ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა. მე იქ ჩავედი იმ პირობით და მიზნით, რომ ეს კონფლიქტი დამესრულებინა.
– ფილმი „ოცნებების სასაფლაო“ როგორ შეიქმნა?
– იმ დროს სხვა ფილმის გადაღებისთვის ვემზადებოდით. გადაღებები უნდა დაგვეწყო, ომმა რომ მოგვისწრო. ბუნებრივია, იქით გადავერთეთ. სანამ თანამდებობას შემომთავაზებდნენ, მანამდეც, პრაქტიკულად, სულ აფხაზეთში ვიყავი – გაგრაში, სოხუმში, ეშერაში. ბევრი დოკუმენტური მასალა გადავიღეთ, რეპორტაჟები. „ოცნებების სასაფლაო“ მთლიანად ჩვენი სტუდიის ხარჯით არის გადაღებული. სახელმწიფოსგან ერთი თეთრიც არ მიგვიღია. როცა მივხვდი, რომ აფხაზეთში ჩემს მინისტრად ყოფნას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან არცერთი მხარე ომის შეწყვეტას არ აპირებდა, გადავწყვიტე, გადამეღო მხატვრული ფილმი ომზე, იმ უბედურებაზე, რაც ადამიანებს ამ დროს ემართებათ. შთამომავლობისთვის დაგვეტოვებინა ის საზარელი სურათი, რასაც ძმათა მკვლელი ომი ჰქვია. ვფიქრობ, რომ ჩვენი მისია წარმატებით შევასრულეთ. ფილმი შედგა. ამას ადასტურებს ფილმის წარმატება საერთაშორისო ფესტივალებზე. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აფხაზებმა მიიღეს ეს ფილმი და დღეს ის თითქმის ყველა ოჯახში ინახება.
– განსაკუთრებით რთულად რა გახსენდებათ?
– ბევრი უბედურება და სიკვდილი გამოვიარეთ, ხელში ჩაგვაკვდა რამდენიმეჯერ ადამიანი. ირაკლი ამირეჯიბის სიკვდილი, ეს ჩემი პირადი ტრაგედია იყო. ის განცდა არასდროს დამავიწყდება. ორმეტრიანი, ანგელოზივით კაცი… მით უმეტეს, რომ რამდენიმე დღე ვერ ვახერხებდით მისი ცხედრის გამოტანას ბრძოლის ველიდან. ჭაბუა ამირეჯიბი რეკავდა ჩემთან და მე ტელეფონს არ ვპასუხობდი. როგორ მეთქვა ჭაბუასთვის, შვილი მოგიკლეს და მიცვალებულიც ვერ გამოგვყავს ბრძოლის ველიდან-მეთქი?! ის სამი დღე უმძიმესი იყო ჩემს ცხოვრებაში.
ძალიან განვიცადე ავთუშა იოსელიანის, ძალიან მაგარი ბიჭის დაკარგვა. თუ ვინმე გმირია – ეს არის ავთო იოსელიანი. ოპერაციიდან დაბრუნებულები ოთახში ტალახიან ტანსაცმელს იხდიდნენ. ავთოს შემთხვევით ხელყუმბარა გაეხსნა და იატაკზე დაუვარდა. ოთახში 15 კაცი იყო. მიიხედა-მოიხედა და რომ დაინახა, სხვა გამოსავალი არ არსებობდა, საკუთარი ტანით გადაეფარა ხელყუმბარას. თავი გაწირა დანარჩენი ბიჭების გადასარჩენად. ამ ბიჭის შესახებ ფილმის გადაღება მინდა. სცენარი მაქვს დაწერილი, რომელიც ჩემდა გასაკვირად, კინოცენტრმა დაიწუნა. აბა, გააჩერეთ ასი კაცი ქუჩაში და ჰკითხეთ აფხაზეთის გმირების გვარები და სახელები, რამდენს ეცოდინება? ავთუშა იოსელიანის სახელი რამდენს ეცოდინება? განსაზღვრული რომ არ არის – ვინ გმირია და ვინ მოყვარე, იმიტომაც ვარ ასეთ დღეში. იმიტომაც ჰყავთ სააკაშვილისნაირები საზოგადოების ნაწილს კერპებად და ავთო იოსელიანის სახელი არც იციან. კინოცენტრი ასეთ ფილმებს უარს ეუბნება და რას იღებენ ვხედავთ კარგად, უფრო სწორად, ვერ ვხედავთ…
– სიკვდილისთვის თვალებში ჩაგიხედავთ?
– ჩამიხედავს. ბევრჯერ ვყოფილვარ ისეთ ადგილას, სადაც სიკვდილი დაჰქროდა, ძალიან ახლოს გაუვლია ჩემთან და არა მხოლოდ ომში. ხიფათი ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. დაზღვეული არასდროს ხარ, მთავარია, როგორ დაუხვდები.
– თქვენ მიმართ, ხშირია უსიამოვნო ბრალდებები, რასაც ბევრი მარტივად იჯერებს, ბევრს ეჭვი უჩნდება. ამ დროს არ გაქვთ სირცხვილის გრძნობა? ყველა ხომ არ იწყებს მტყუან-მართლის ძიებას. უბრალოდ, ისმენს და იჯერებს.
– დავიწყოთ იმით, რომ ეს ბრალდებები კი არა, ჭორებია. ბრალდებები პროკურატურაშია და მე რამდენადაც მახსოვს, ჩემთვის ცხოვრებაში არავის არანაირი ბრალი არ დაუმტკიცებია. ჭორები – რამდენიც გინდა, ცილისწამება – უამრავი. მე საჯარო კაცი ვარ, მაგრამ თქვენ ვერ მომიყვანთ მაგალითს, ჩემი უკანონო ქმედების შესახებ სადმე რომ გაცხადებულიყო. შეცდომები როგორ არ მქონია, მაგრამ დანაშაული არ ჩამიდენია. ყოველ შემთხვევაში, დადასტურებული, ვხუმრობ ახლა ცოტას. ცილისწამებას არც ჭკუა უნდა და არც ნამუსი. გვარამიასა და მელაძისნაირი უნდა გახდე და მორჩა. აი, ეს არის ჩვენი სირცხვილი. თქვენ თქვით, რომ ხალხი ადვილად იჯერებს. კი, სხვისი ცუდის დაჯერება ადამიანებს უყვართ, თავისას ვერ ხედავენ, თორემ, ოღონდ რამე ჭორი გაავრცელე და უცებ აუბამენ მხარს. პრობლემა არაა, ეს მთელი ცხოვრება ჩემი თანმდევია. თუ ვინმეს რეალური ფაქტი აქვს ჩემი უმსგავსო საქციელის შესახებ, გამოვიდნენ და გვაჩვენონ. იციან, რომ პასუხს მიიღებენ და იმიტომაც არ გამოდიან. ვისაც არ მოვწონვარ, რა ვქნა, საქართველოში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნაკადულები მორაკრაკებს და შეუძლიათ, თავები გაიგრილონ.
– დღეს რატომ არ ხართ ხელისუფლებაში? თქვენი „ქართულ ოცნებასთან“ სიახლოვის გამო ბევრს ჰქონდა ამის მოლოდინი და ალბათ, შემოთავაზებებიც იყო.
– ჩემთვის დამთავრდა პოლიტიკა, აღარ ვაპირებ ამ მდინარეში შეტოპვას. ჩემი ცხოვრება არის, იყო და იქნება კინო. რომ გითხრათ, კალთებს მახევდნენ წინადადებებით-მეთქი, ეგრეც არ ყოფილა. „ქართულ ოცნებასთან“ ორგანიზაციული ურთიერთობა არც მქონია. მე ბიძინა ივანიშვილი 2014 წელს გავიცანი, მანამდე, ათი წლის წინ, ერთხელ მყავდა ნანახი. პიროვნული ურთიერთობა ბევრთან მაქვს: გია ვოლსკი ჩემი მოადგილე იყო, ლადო კახაძე უახლოესი მეგობარია, კახა კალაძეს წლებია, ვიცნობ, ირაკლი კობახიძის მამასთან ვმეგობრობდი და ბავშვობიდან მახსოვს. მოკლედ, ბევრთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ არა პარტიული და პოლიტიკური.
– „ავტორიტეტების“ გარემოცვაში გაიზარდეთ – ქურდული სამყაროს წარმომადგენლებთან ურთიერთობის გამოცდილება გაქვთ და მათ შორის მეგობრებიც გყავთ. რა მოგცათ ამ გამოცდილებამ და როგორ მოახერხეთ დიფერენცირება?
– არანაირი დიფერენცირება, დღემდე ვმეგობრობ ჩემს ბავშვობასთან, სიყრმესთან, მაგალითად, რეზო ლორთქიფანიძესთან. ბოლომდე ვმეგობრობდი პატიკო ჩლაიძესთან – საოცრად ნიჭიერ კაცებზე მაქვს საუბარი. მე და რეზო ერთ სადარბაზოში გავიზარდეთ, მისი მამა, ზურაბ ლორთქიფანიძე, ძალიან მაგარი პოეტი იყო. რეზომ ეს გზა აირჩია, მე – სხვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთის სიყვარული უნდა დაგვეკარგა. ძალიან დიდი ტრაგედიაა, პატიკო რომ მოკლეს, უნიჭიერესი ადამანი იყო. კარგად ხატავდა, მაგარ ლექსებს წერდა. ძალიან მძიმე ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ არასდროს უღალატია წესიერებისთვის – ისე, როგორც მას ესმოდა. სხვებიც შემიძლია, დავასახელო, უბრალოდ, ეს ორი განსაკუთრებულია ჩემთვის. ამ გზას მაშინდელი ყოფა და გარკვეული მოვლენები განაპირობებდა. რეალურად, ესენი სულ სხვა ნიჭის ადამიანები იყვნენ, მაგრამ ეს გზა აირჩიეს და მე მათ არჩევანს პატივს ვცემ. მე არასდროს მომსვლია აზრად ამ გზით სიარული, მიუხედავად იმისა, რომ ეს მაშინ საკმაოდ მოდური იყო. ვინც წესიერი კაცი იყო, იქაც წესიერი იყო და სხვა საქმეშიც. უწესო კი ყველგან უწესო იყო. ასე რომ, ეს ადამიანს არ ცვლიდა, მაგრამ ცხოვრებას ართულებდა, როგორც მათთვის, ისე გარშემო მყოფებისთვის.
– მეუღლე – ქალბატონი მარიკა როდის შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში?
– მაშინ, როცა მე 26 წლის ვიყავი. შემოვიდა და სამუდამოდ დარჩა. მე რომ დღეს ისეთი გოგა ხაინდრავა ვარ,როგორიც ვარ, ეს მარიკა ჭიჭინაძის დამსახურებაა. ის არის ჩემი გულის ნაწილი და ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში. რომ არა მარიკა, კაცმა არ იცის, დავბრუნდებოდი თუ არა აფხაზეთიდან, სად ვიქნებოდი საერთოდ ან რას გავაკეთებდი. ორმოცი წელია, ამ გზას ერთად ვადგავართ, ის ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ადამიანია. როცა ის გამოჩნდა, ჩემს ცხოვრებაში ძალიან რთული პერიოდი იყო. გართულებები, გაუგებრობა სამართალთან, რომელიც საბოლოო ჯამში, გაირკვა, მაგრამ მაშინ, მართალი გითხრათ, მისი მხრიდან ძალიან გაბედული ნაბიჯი იყო ჩემი ცოლობა. კარგად ვცხოვრობთ, გვიყვარს და პატივს ვცემთ ერთმანეთს. ხანდახან მეცინება, საერთოდ როგორ გაძლო. ჩემი ცოლობა არცერთი ქალისთვის არ იქნებოდა მარტივი. ამდენი ცილისწამება, შეურაცხყოფა და ამდენი ძალადობა როგორი ასატანია?! იყო დრო, სახლიდან რომ გამოვდიოდი, გარეთ 16 მანქანა მელოდებოდა, მერაბიშვილის კაციჭამიები და სააკაშვილის მამაძაღლები წლების განმავლობაში მოსვენებას არ გვაძლევდნენ. ამ ყველაფერს გაუძლო, იმიტომ, რომ ძალიან დიდი გული აქვს.
– თქვენი სიყვარული როგორ დაიწყო?
– ძალიან სწრაფად. დავინახე თუ არა, ერთი წუთი არ შემპარვია ეჭვი მის განსაკუთრებულობაში. ყველაფერთან ერთად, ძალიან ლამაზი გოგო იყო. თემურ ბაბლუანის ფილმ „ბეღურების გადაფრენის“ სანახავად ვიყავი, შემოვიდა და „კინოსახლი“ გაანათა. ამ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ დღემდე და მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ ტკბილად შევაბერდით ერთმანეთს.
მესმოდა და ვგრძნობდი, რომ ძალიან განიცდიდა ყველაფერს, რაც ხდებოდა, მაგრამ ჩემთვის ხელი არასდროს შეუშლია. პირიქით, ყოველთვის მეხმარებოდა. უკვე შვილები გვყავდა, როცა დამიჭირეს, როცა აფხაზეთში წავედი და მე ერთი წუთით არ მეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ ჩემს ოჯახში კერა ანთებული, სახლი თბილი და მოვლილი იქნებოდა.
– მამობას როგორ გაართვით თავი?
– პირველი შვილზე – ბიჭზე დიდი გავლენა იქონია ჩემმა თავგადასავლებმა, ძალიან მძიმე გამოცდილება მიიღო. როცა მე ვერ მერეოდნენ, მას ერჩოდნენ ის სულმდაბალი ადამიანები, მოსვენებას არ აძლევდნენ. ცდილობდნენ, ჩემი შვილისთვის შეექმნათ საფრთხე და ამით გავეტეხეთ. ეს ვერ მოახერხეს და ამიტომ ლევანს ტკბილი ცხოვრება ნამდვილად არ ჰქონია. თუმცა ნამდვილი ხაინდრავაა. ძალიან მაგარი გვარი გვაქვს, განსაცდელს არასდროს ვუშინდებით. დღეს ის ორი შვილის მამაა. სხვათა შორის, ახლა სოფელში ცხოვრობს. ორი წელია, იქ გადავიდა და სოფლის მეურნეობა, ვენახი და ღვინო არის მისი საზრუნავი – ღმერთმა ჯანი მისცეს კარგი საქმისთვის.
რაც შეეხება მარიამს, ჩემს გოგოს – რომ არა ის, მე არ ვიცი, როგორ გავუძლებდი იმ ყველაფერს, რისი გაძლებაც მომიწია ამ ავსულებთან ჭიდილში. სახლში დაბრუნებულს ჩემი მალამო მარიამი, მისი სიყვარული და სითბო და სიმტკიცე მხვდებოდა. მისი ერთი კოცნა და ჩახუტება ამშვიდებდა ჩემს აფორიაქებულ სულს. ახლა ისეთი ბიჭი გააჩინა – ანდრია – სახლიდან გასვლა აღარ მინდა. ისეთი სიძე მყავს, რომელიც შვილივით მიყვარს. ნიკუშა საოცარი ადამიანია, მგონია, რომ ჩვენს ოჯახში გაიზარდა. რაც შეეხება რძალს – სოფოს, ჩვენ ერთ სადარბაზოში ვცხოვრობდით და ლევანის ცოლობაზე ბევრად ადრე გახდა ჩვენი ოჯახის წევრი. ასე რომ, ძალიან გულწრფელად გეუბნებით, სიძესა და რძალს შვილებისგან ვერ ვასხვავებ. სოფომ არაჩვეულებრივი შვილიშვილები ლუკა და ნინო გვაჩუქა მე და ჩემს მეუღლეს და ღმერთის მადლობელი ვარ ამ წყალობისთვის.
“თბილისელები”