მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა თავის რუს კოლეგას საქვეყნოდ მკვლელი უწოდა, იმას გარდა, რომ მწოდებელმა წოდებული კლიმატისადმი მიძღვნილ სამიტზე მიიპატიჟა (სხვათა შორის – ორჯერ), ტელეფონითაც ისაუბრეს – როგორც გვაუწყეს, გლობალურ საკითხებზე, მათ შორის, უკრაინაზეც და კლიმატის შესახებ მსოფლიო ლიდერების სამიტში მონაწილეობის მიღებაზეც შეთანხმდნენ.
მეტიც, აშშ-ის პრეზიდენტმა ზემოხსენებული სატელეფონო საუბრისას რუს კოლეგას უახლოესი თვეების განმავლობაში ორმხრივი სამიტის გამართვაც შესთავაზა მესამე ქვეყანაში.
რაც მთავარია, იქვე გვაუწყეს, რომ (მომყავს ციტატა): „პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა თავისი მიზანი, ააგოს სტაბილური და წინასწარგანჭვრეტადი ურთიერთობები რუსეთთან აშშ-ის ინტერესების შესაბამისად.“
ცხადია, ამ მოსალოდნელ სამიტზე მხარეები იმ საკითხებზე ისაუბრებენ, რომლებიც აშშ-სა და რუსეთს შორის განხეთქილების ვაშლის ფუნქციას ასრულებენ.
მოსკოვი ჯერჯერობით დუმს, თუმცა თანხმობის შემთხვევაშიც კი, ნაკლებად სავარაუდოა, თაფლივით დაუტკბნენ ერთმანეთს, ოღონდ ის კი ფაქტია, რომ თავმოყვარეობა თანამედროვე პოლიტიკისთვის უცხო ხილია, ხოლო ეთიკის ნორმებმა და სახის შენარჩუნების მცდელობებმა კი კარგა ხანია, როგორც ჩვენში იტყვიან – მოგჭამა ჭირი (ან იქნებ საქმე გაცილებით მარტივადაა და ცოლ-ქმრის ჩხუბი ბრიყვს მართალი ეგონაო?!).
“თბილისელები”