„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის ფარგლებში, დანიის ტერიტორიულ წყლებში მილების ჩალაგება დაიწყო

ხომალდმა „აკადემიკ ჩერკესკიმ“ დანიის ტერიტორიულ წყლებში გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მილების ჩალაგება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტის ოპერატორის განცხადებაში.

„გემმა „აკადემიკ ჩერკესკიმ“ დღეს, საზღვაო გამოცდების წარმატებით ჩატარების შემდეგ, დანიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მილების ჩალაგება დაიწყო“, – ნათქვამია განცხადებაში.

პროექტის ფარგლებში, მილების ჩალაგებას ასევე აგრძელებს ბარჟა „ფორტუნა“, რომელმაც აღნიშნული საქმიანობა მანამდე დაიწყო. „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მილსადენით ბუნებრივი აირი რუსეთიდან გერმანიას უნდა მიეწოდოს. აღნიშნულ პროექტს აშშ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ეწინააღმდეგებიან. პროექტის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ პროექტის განხორციელება რუსეთზე ევროპის დამოკიდებულებას გაზრდის.