ევროკავშირმა “ასტრა-ზენეკას” წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ფირმაში აცხადებენ, რომ “მტკიცედ დაიცავენ” თავს პრეტენზიებისგან.
საქმე ეხება ფირმასა და ევროგაერთიანებას შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობას. ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, “ასტრა-ზენეკამ” მოსალოდნელი 120 მილიონი დოზის მაგივრად მხოლოდ მეოთხედის მიწოდება შეძლო. თავად კომპანიაში აცხადებენ, რომ “კოვაქსის” პატფორმისთვის მიწოდებული ვაქცინების 97% ზუსტად მათზე მოდის.
ფარმაკომპანიის ბელგიაში არსებული საწარმო საკმარისი რაოდენობის ვაქცინებს ვერ უშვებს. ევროკავშირის გაბრაზება გამოიწვია იმან, რომ ფირმამ უარი თქვა იმ ვაქცინების ევროგაერთიანებში შეტანაზე, რომელსაც ბრიტანეთის ორ საწარმოში აწარმოებს. “ასტრა-ზენეკას” გენერალური დირექტორის პასკალ სორიოს თქმით, კონტრაქტით ის ვალდებული იყო თავდაპირველად ბრიტანეთის მოსახლეობისთვის მიეწოდებინა ვაქცინა, რომელსაც ოქსფორდსა და სტაფორდშირში უშვებს.
ევროკავშირის წარმომადგენელის განცხადებით, ფარმა-კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი უკვე შეიტანეს, რადგანაც ხელშეკრულების პირობები არ იყო დაცული, ფირმამ კი ევროგაერთიანებას საკითხის მოგვარების ალტერნატიული ვარიანტი ვერ შესთავაზა – “გარდიანი” წერს.