მეწყერი მესტიის მუნიციპალიტეტში – რამდენიმე ოჯახი გარესამყაროს მოწყდა

მესტიის მუნიციპალიტეტიდან 14 კილომეტრის დაშორებით სოფელ მუჟალში ჟაბეშის უბანში, მეწყრული პროცესებისგან ადიდებულმა ღელემ ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე შეუქმნა.

ვინაიდან კვლავ არსებობს მეწყრული პროცესების გააქტიურების საფრთხე, იქ მცხოვრებნი ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

“მეხუთე დღეა ასეთ დღეში ვართ 40 კომლიანი ოჯახი, თავიდან მეწყრულმა პროცესებმა ღელის 6 მეტრიანი კალაპოტი გააჩინა, თან ჩამოიტანა ნაშალი ქვა-ღორღი და მოგლეჯილი ხეები, ეს ყველაფერი ორი სოფლის დამაკავშირებელ ხიდთან ჩაიხერგა,დადგა საშიშროება სახლში შევარდნილიყო ეს მასა. დიდმა ტრაქტორმა იმუშავა,იძულებულნი გახდნენ ხიდი გადაეწიათ, მაგრამ მერე შეჩერდა სამუშაოები. მოწყვეტილი ვართ ხიდს აქეთ დარჩენილი რამდენიმე ოჯახი,შვილებს ვერც სკოლაში და ვერც ბაღში ვერ ვუშვებთ,ვერც რაიონში მივდივართ პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად” – უთხრა “პრაიმტაიმს” სოფლის მკვიდრმა გოგია გუჯეჯიანმა.

მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, დიდი ტრაქტორი და რამდენიმე ერთეული ტექნიკა სოფელში ახლაც მუშაობს.

“ტარდება საპრევენციო ღონისძიებები,რომ დავიცვათ მოსახლეობა მოსალოდნელი საფრთხისგან” – გვითხრა მან.

მისივე განმარტებით, სოფელში მალევე დაიწყება დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა.

წყარო: ptn.ge