ვორონცოვის ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში, მისივე ინიციატივითა თუ განმსაზღვრელი მნიშვნელობის მხარდაჭერით, თბილისში დაარსდა:
რუსული და ქართული თეატრები, იტალიური ოპერა, საბალეტო დასი, საჯარო ბიბლიოთეკა, სალიტერატურო ჟურნალი “ცისკარი”, კავკასიის მუზეუმი, “რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილება” (თავისი პერიოდული გამოცემით), კავკასიის სასწავლო ოლქი, ახალი ფორმები და შინაარსი შეიძინა სასწავლებლებში ქართული ენისა და სიტყვიერების სავალდებულო სწავლებამ (მათ შორის, არაქართველთა და იმ სამხედრო პირთა შვილებისათვის, რომლებიც მხოლოდ დროებით იმყოფებოდნენ საქართველოში).
ახალგაზრდებისათვის ხაზინის ხარჯზე დაარსდა 160 სტიპენდია რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მისაღებად, გაიხსნა გიმნაზიები თბილისსა (კომერციული) და ქუთაისში, მთელი საქართველოს მასშტაბით დაფუძნდა სკოლები (ბიჭვინთა, ოზურგეთი, თიანეთი და სხვ.). ვორონცოვმა საგანგებო ყურადღება გაამახვილა ქალთა განათლებაზე, რისთვისაც თბილისსა და ქუთაისში დააფუძნა წმ. ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებლები და რეალური შინაარსი და ფუნქცია მისცა თბილისშივე 1840 წელს დაარსებულ “ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტს” (1855 წლის მონაცემებით, საქართველოში უკვე არსებობდა სხვადასხვა ტიპის “147 სასწავლებელი 6023 მოწაფით” – 3, გვ. 298-300).
ვორონცოვი ხაზგასმით გამოხატავდა პატივისცემას ქართული ენის, ქართველი ხალხის ისტორიის, კულტურის, ადათ-წესებისა თუ ზნე-ჩვეულებების მიმართ (სხვათა შორის, ქართლ-კახეთის ყოფილი სამეფო ოჯახის წევრთა მიმართაც).
როგორც ჩანს, იგი მიიჩნევდა, რომ ქართველთა ენობრივი და კულტურული (ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით) თვითმყოფადობა საფუძვლად უნდა დასდებოდა რუსეთის ერთიანი და განუყოფელი იმპერიის ფარგლებში საქართველოს, როგორც ავტონომიური უფლებებით აღჭურვილი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეულის, ჩამოყალიბებას.
სარგის კაკაბაძის თვალსაზრისით, “ვორონცოვი ამზადებდა ნიადაგს საქართველოს ავტონომიისათვის რუსეთის იმპერიის ფარგლებში”.
საგანგებოდ უნდა ითქვას, რომ ვორონცოვს საქართველოს აღორძინების ერთადერთ გზად მიაჩნდა ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო და სალიტერატურო ცხოვრების ევროპეიზაცია.
იგი, ერთი მხრივ, აღიარებდა საქართველოს ეკლესიის სარწმუნოებრივ და ისტორიულ დამსახურებებს, ხოლო მეორე მხრივ, ისლამისადმი გამოვლენილი იმ დროისათვის უჩვეულო ტოლერანტობით, ვორონცოვმა პოლიტიკური რეჟიმისადმი ლოიალურად განაწყო ამიერკავკასიის მუსლიმი მოსახლეობა და ამით შამილსა და ოსმალეთს კავკასიაში პირდაპირ ხელიდან გამოჰგლიჯა მოკავშირე და დასაყრდენი.