თურქეთის მთავარი ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ განაცხადა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას სათანადოდ არ უპასუხა.
„ამ წერტილამდე თურქეთის არაკომპეტენტურმა ადმინისტრაციამ მიგვიყვანა. ბაიდენმა გენოციდის შესახებ განცხადება გააკეთა, რის შემდეგაც ერდოღანი სამი დღის განმავლობაში ჩუმად იყო. ვიღაც ელოდა, რომ ერდოღანი ლომივით ბრდღვინვას დაიწყებდა, თუმცა დაივიწყეთ ლომი. მან კატასავით კნავილი დაიწყო. ეს სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია“, – აღნიშნა ქემალ ქილიჩდაროღლუმ.
„სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის არცერთ პრეზიდენტს 1915 წლის მოვლენები გენოციდად არ მოუხსენებია.
„რატომ მოხდა ეს ახლა? ბაიდენი იმას აკეთებს, რაც ამერიკის შიდა პოლიტიკის ფარგლებშია საჭირო. აზრი არ აქვს ბაიდენზე გაბრაზებას. 1915 წლის მოვლენები მტკივნეულია და თუ საჭიროა, შესწავლილი უნდა იყოს. ეს ისტორიკოსებმა უნდა გააკეთონ. თურქეთმა განაცხადა, რომ მზად არის ამისთვის. გახსნას სომხეთმა თავისი არქივები. ისტორიკოსებმა რეალური დოკუმენტები უნდა შეისწავლონ“, – განაცხადა მან.
24 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ, 1915-1923 წლებში, სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. საპასუხოდ, ოფიციალურმა ანკარამ განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლება უგულებელყოფს ისტორიას და ლობისტების მოთხოვნებს ემორჩილება.