ასეთი დამოკიდებულება პოლიტიკურად მათ დააზიანებს, ვინაიდან მათი უფროსები მალე შემოვლენ პარლამენტში, გვერდით დამისხდებიან და მოუწევთ ჩემი ატანა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ დეპუტატმა, „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საპროტესტო აქციას, რომლის დროსაც „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები ოპოზიციონერებს პარლამენტთან შეურაცხმყოფელი შეძახილებით დახვდნენ.
„პოლიტიკაში და მათ შორის ქუჩის პოლიტიკაში მიღებულმა ხუთწლიანმა გამოცდილებამ გაგვაკაჟა. გარდა ამისა, არცერთი პოლიტიკური პარტიის მიმართ რაღაც პიეტეტი არასდროს არ გვქონია. ნებისმიერთან მივდიოდით სალაპარაკოდ და ახლაც ასე ვართ. თუ ჩვენთვის რამე იყო მოულოდნელი, ეს იყო უპატივცემულო დამოკიდებულება. სავარაუდოდ, ეს ადამიანები მიცნობენ, და მათი უფროსები ხომ მით უმეტეს მიცნობენ. ამავე დროს, ასეთი დამოკიდებულება არაპრაგმატულია. პოლიტიკურად ეს მათ დააზიანებს, ვინაიდან მათი უფროსები მალე შემოვლენ პარლამენტში, გვერდით დამისხდებიან და მოუწევთ ჩემი ატანა. მე ამის გამო არანაირი ზიანი არ მადგება, პირიქით, მგონია, რომ რეიტინგი მეზრდება. თუ ასე გააგრძელებენ და ხელს შეუწყობენ ჩემს მომავალ პოლიტიკურ წარმატებას, მე მადლიერი დავრჩები. ხოლო თუ არ შემოვლენ, კიდევ უფრო მეტი არეალი დამრჩება ოპოზიციის ფლანგზე“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.