რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვი ჩეხეთისა და ბულგარეთის უსაფუძვლო და პროვოკაციულ ბრალდებებს უპასუხოდ არ დატოვებს.
„რუსეთი რეაგირებს და შემდგომშიც ასე მოხდება. რუსეთი უპასუხოდ არ დატოვებს აბსოლუტურად მიუღებელ და პროვოკაციულ ნაბიჯებს“, – აღნიშნა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
დიმიტრი პესკოვს არ დაუზუსტებია, თუ რა საპასუხო ზომებს მიიღებს რუსეთის ხელისუფლება.
„დაკონკრეტება არ მსურს. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთის ნებისმიერი ქმედება ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე განხორციელდება“, – აღნიშნა მან.
28 აპრილს ბულგარეთის პროკურატურამ 2011, 2015 და 2020 წლებში საბრძოლო მასალების საწყობების აფეთქების ოთხ ინციდენტში ეჭვმიტანილად რუსეთის 6 მოქალაქე ცნო. ბულგარეთის პროკურატურის ინფორმაციით, ოთხივე შემთხვევაში, სამხედრო პროდუქცია განკუთვნილი იყო საქართველოსა და უკრაინაში ექსპორტისათვის.