თურქეთში სრული ლოკდაუნის რეჟიმი ამოქმედდა

თურქეთში ლოკდაუნი ამოქმედდა. შეზღუდვები 17 მაისამდე გაგრძელდება. გადაწყვეტილება რეგულაციების გამკაცრების შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატების გამო მიიღო.

ლოკდაუნის განმავლობაში ყველა ოფისი, სამუშაო ადგილი დახურული იქნება. საქალაქთაშორისო მოძრაობა სავალდებულო ნებართვით განხორციელდება, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი 50%-იანი დატვირთვით იმუშავებს.

გარდა ამისა, ლოკდაუნის მოქმედების პერიოდში სკოლები და ბაღები დაიხურება, ხოლო დანარჩენი სასწავლო დაწესებულებები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ.

მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში, თურქეთში 37 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

“იმედინიუსი”