9 მაისი _ დიადი გამარჯვების დღე

დიდი სამამულო ომის დამთავრებიდან 76 წელიწადი გავიდა 71 წლის წინათ, 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინის რაიონ  კარლჰორსტის შენობაში, რომელშიც განლაგებული იყო საბჭოთა არმიის მე-5 არმიის  შტაბ ბინა, ცენტრალური ევროპის დროით 22 საათსა და 43 წუთზე (მოსკოვის დროით _ 9 მაისს, 00 საათსა და 43 წუთზე) ხელი მოეწერა ფაშისტური გერმანიის კაპიტულაციის აქტს.

ამ ისტორიული დოკუმენტით დასრულებულად გამოცხადდა სამხედრო კონფლიქტი გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის, რაც, აგრეთვე, ნიშნავდა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებას ევროპის კონტინენტზე.

ეს იყო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი და მასშტაბური ომი, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირმა, მისმა მრავალეროვანმა მოსახლეობამ მთავარსარდალ იოსებ სტალინის მეთაურობით, ომის უმძიმეს პირველ თვეებში შეძლო  სახალხო მეურნეობის გადაწყობა ომის ყაიდაზე, სამხედრო ტექნიკისა და მეომრების მობილიზაცია, ქვეყანაში შემოჭრილი ჰიტლერელების შეტევის მოგერიება, შემდეგ იერიშზე გადასვლა და მტრის  საკუთარ ბუნაგში _ ბერლინში მოხრჩობა.

გერმანულ ფაშიზმზე გამარჯვებაში ღირსეული წვლილი შეიტანა საქართველოს მოსახლეობამაც. საქართველოდან ომში გაიწვიეს 700 ათასამდე მებრძოლი, მათგან 300 ათასი ვერ დაუბრუნდა მშობლიურ კერას. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მსხვერპლი, პროცენტული შეფარდებით, არ გაუღია არც ერთ ქვეყანას, რომელთა ტერიტორიაზეც მიმდინარეობდა საომარი მოქმედებები. ქართველი მეომრები გმირულად იბრძოდნენ კავკასიის მისადგომებთან, რუსეთის ევროპულ ნაწილში, უკრაინაში, ბელორუსიაში, ბალტიისპირეთში, სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპაში, ჩეხეთში, პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთში,

მონაწილეობდნენ ბერლინის შტურმში.

უდიდესი განსაცდელის ჟამს ქართველმა ხალხმა, ისევე, როგორც მოწინავე საბჭოთა კავშირის სხვა ერებმა, გამოავლინა გმირული სული, გამძლეობა, თავდადება, გამარჯვებისადმი რწმენა.

165 ქართველ მეომარს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება, 244 700 ჯარისკაცი და ოფიცერი დაჯილდოვდა სსრკ-ის ორდენებითა და მედლებით.

9 მაისი _ გამარჯვების დღე _ უდიდესი დღესასწაულია. მას პატივს სცემენ და მოწიწებით აღნიშნავენ მსოფლიოს იმ ქვეყნებში, რომლებიც დაზარალდნენ ფაშიზმისგან. მიმდინარე წელს გამარჯვების დღე 76-ედ აღინიშნება. გამარჯვების პირველი დღე გრანდიოზულად იზეიმა საბჭოთა კავშირმა, ყველა ქალაქში გაიმართა სახალხო სეირნობები, მიტინგები, უკრავდნენ ორკესტრები, გამოდიოდნენ თეატრისა და კინოს პოპულარული მსახიობები. ამ ისტორიულ დღეს მოსახლეობას მიმართა ფაშიზმზე გამარჯვების სულისჩამდგმელმა იოსებ სტალინმა. მოგვიანებით მოსკოვის ცა გაანათა გამარჯვების სალუტმა _ ათასობით საზენიტო იარაღიდან გასროლილმა 30-მა ზალპმა, შემდეგ კი ათობით თვითმფრინავმა ცაზე ფერადი გირლანდები გამოსახა.

გამარჯვების დღესასწაული, რომელიც ერთობით მოიპოვეს საბჭოთა ხალხებმა, ყოველთვის დარჩება ისტორიაში და შეგვახსენებს იმ სისხლიმღვრელ მოვლენებსა და ფაშისტი დამპყრობლების განადგურებას.

1941-45 წლების ომი საბჭოთა ხალხებისთვის, მათ შორის ქართველებისთვის, დიდი სამამულო ომი იყო. მადლობა დიდი სამამულო ომის ვეტერანებს, სამარადისო დიდება დიდ სამამულო ომში დაღუპულ ქართველ მეომრებს!

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ