– “დღეს ციხიდან “მარადიულმა” პოლიტპატიმარმა ირაკლი დოკვაძემ დამირეკა. მთხოვა, ქართველი საზოგადოებისთვის მისი სააღდგომო მილოცვა გადამეცა…
ჩვენი საუბარი ევროპის მიერ “პოლიტპატიმრებად” შერაცხულ ნაცებს – ჟორიკა რურუას და ნიკა მელიასაც შეეხო.
– “ჰი-ჰი-ჰი” – ჩაიქირქილა ირაკლიმ- რაის პოლიტპატიმრები! ჯერ ერთი, ნამდვილი პოლიტპატიმრები ციხიდან შეწყალებით არ გამოდიან;
და მეორეც – რაც მაგათ “სროკი მოიხადეს,” იმაზე სამჯერ მეტი, მარტო მოფსმაში მაქვს გატარებულიო.
ვისაც არ გახსოვთ, უნდა შეგახსენოთ:
ირაკლი დოკვაძეს და პეტრე გელბახიანს შევარდნაძის ხუნტამ 1992 წელს დახვრეტა მიუსჯა. ირაკლიმ და პეტრემ 10 წელი გაატარეს ციხეში, მათ შორის – 3 წელი სიკვდილმისჯილთა საკანში, სადაც რკინის კარის ყოველ გაჩხაკუნებაზე დასახვრეტად გაყვანას ელოდებოდნენ; მაშინ ევროპამ და ამერიკამ იგი პოლიტპატიმრად აღიარეს და 2002 წელს გათავისუფლებას და რეაბილიტაციასაც კი ეღირსა!
მაგრამ, 2009 წელს ირაკლი ამჯერად სააკაშვილის რეჟიმმა დააპატიმრა, 2 ადამიანის მკვლელობის მცდელობის ცილისმწამებლური ბრალდება წაუყენა და 30 წლით პატიმრობა მიუსჯა! ამის მიუხედავად, ქვეყანაში გამოცემული ამნისტიების საფუძველზე ირაკლი წესით, უკვე თავისუფალი უნდა იყოს, რომ არა მის განაჩენში არსებული საბედისწერო ფრაგმენტი – მას წინა უკანონო პატიმრობის გამო ნასამართლობა არ მოხსნია, რის გამოც ამნისტიები არ შეეხო! ფაქტობრივად, ირაკლი დოკვაძე ციხეში რჩება ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების ერთგულებისთვის მისი წინა განაჩენის გავლენით! სწორედ იმ განაჩენისა, რომლის გამოც დასავლეთის დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა ირაკლი პოლიტპატიმრად გამოაცხადეს!
ფაქტობრივად, ირაკლი დოკვაძე უკვე “ქართული ოცნების” ხელისუფლების პოლიტპატიმარია!
ნიშანდობლივია, რომ “ქართული ოცნება” მხოლოდ ნაც კრიმინალებს და მკვლელებს ათავისუფლებს ციხიდან,
უდანაშაულო ირაკლი დოკვაძე კი,
შევარდნაძის, სააკაშვილის და ოცნების რეჟიმების ხელში,
უკვე 23-ე წელია, რაც პოლიტპატიმარია და წინ პატიმრობის კიდევ – 15 წელი აქვს!
რაც შეეხება ოცნების ხელისუფლებას – ის ირაკლისნაირებს არ სწყალობს;
მხოლოდ მკვლელ, ჯალათ და ყაჩაღ ნაცებს ათავისუფლებს.
თავისუფლება, საქართველოში ერთადერთ პოლიტპატიმარ ირაკლი დოკვაძეს!”
აქვე გთავაზობთ ირაკლი დოკვაძის ძველ ინტერვიუს, ზაზა დავითაიასთან. ინტერვიუ 3 წლის წინ არის ჩაწერილი:
ირაკლი დოკვაძე: ვიდრე ლუსტრაციის კანონს არ მიიღებენ, მე ხელისუფლების მუდმივი პატიმარი ვიქნები!
ორი დღის წინ, ჩემს ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა. მარადიული პოლიტპატიმარი მირეკავდა, რომელსაც შევარდნაძის რეჟიმმა დახვრეტა მიუსაჯა და ციხეში 10 წელი გაატარებინა, მერე, სააკაშვილის რეჟიმმაც დაიჭირა. ხელისუფლება ისევ შეიცვალა, მაგრამ დოკვაძისთვის პატიმრობის მესამე ათწლეული დაიწყო. – ჩემს მიმართ სამართლიანობის დარღვევამ ყველა აქამდე არსებულ ზღვარს გადააჭარბა, მაგრამ მუხლებზე ჩემს დაყენებას მაინც ვერ ეღირსებიან. დიახ, მე ახლაც პოლიტპატიმარი ვარ – ამ სიტყვებით დაიწყო ჩემთან საუბარი.
ირაკლი დოკვაძე:
– “ქართულ ოცნებას” ზვიად გამსახურდია ყაჩაღად და ბანდიტად მიაჩნია. დღევანდელი ხელისუფლება იზიარებს ზვიად გამსახურდიას მიმართ ავადსახსენებელი ხუნტის, სახელმწიფო საბჭოს” მარიონეტი პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალდებას, რომლის მიხედვით საქართველოს რესპუბლიკის კანონიერმა პრეზიდენტმა ჩეჩნეთში დევნილობის პერიოდში ჩამოაყალიბა დივერსიული, ბანდიტურ-ტერორისტული ჯგუფები, რომლის შემადგენლობაში შევდიოდით მე, აწ გარდაცვლილი პეტრე გელბახიანი და კანონიერი ხელისუფლების სხვა ერთგული მომხრეები, რომლებმაც ხუნტას დაუმორჩილებლობა გამოვუცხადეთ! “ქართული ოცნება” ასეთ პოზიციას რომ არ იზიარებდეს, მე, ირაკლი დოკვაძე, მიმდინარე წლის 25 აპრილიდან ციხეში აღარ უნდა ვიმყოფებოდე, ამ მომენტიდან მოყოლებული, ჩემი პატიმრობა კანონის არანაირ ჩარჩოში აღარ ჯდება!
– მაგრამ, ირაკლი… თქვენ სულ სხვა ბრალდებით – 2 ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვის იხდით სასჯელს. რა შუაშია ამ საქმესთან თქვენი წინა პატიმრობისდროინდელი ბრალდება?
– არ შევუდგები მსჯელობას ახალი ბრალდების აბსურდულობაზე – ამაზე მრავალჯერ გავამხვილე ყურადღება მას შემდეგ, რაც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის პერიოდში დამაპატიმრეს. უამრავი გარემოებით მტკიცდება ჩემი უდანაშაულობა, თუმცა, ამჟამინდელ მმართველ პარტიას, რომელმაც უღალატა ხალხის წინაშე მიცემულ სამართლიანობის აღდგენის დაპირებას, ურჩევნია, ციხეში დამტოვოს, ვიდრე ჩემს მიმართ ენით აუწერელ უსამართლობას ნათელი მოფინონ… ჩაილურის წყალი დალია დაპირებებმა, რომ რეჟიმის მიერ უკანონოდ გასამართლებული პატიმრების საქმეებს გადასინჯავდნენ. ამის მიუხედავად, ნებისმიერი გათვლით, მე დღეს მაინც თავისუფალი უნდა ვყოფილიყავი იმ შემთხვევაშიც კი, თუნდაც მართლაც ჩამედინოს, რაც სააკაშვილის რეჟიმმა დამაბრალა. ჯერ ერთი, 30 წელს იმ პერიოდში მკვლელობის მცდელობისთვის კი არა, მკვლელობისთვისაც კი არ აძლევდნენ! მეორეც – ჩემთვის მოსჯილი სასჯელის 30 წლიანი ვადა სახელმწიფოში გამოსული ამნისტიების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 25 აპრილს ამოიწურა. თუმცა, ამნისტია მე არ შემახეს, სასჯელის განახევრების ნაცვლად, მხოლოდ 1/4 ნაწილი ჩამომაკლეს იმ მოტივით, რომ წინა პატიმრობა ნასამართლეობაში ჩამითვალეს. გამოდის, ნასამართლევად ვითვლები “ზვიად გამსახურდიას მიერ შექმნილი ბანდიტური ჯგუფის წევრობის” გამო ციხეში გატარებული 10 წლის (1992-2002 წწ )გათვალისწინებით, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი.
– სხვა არგუმენტიც გაქვთ?
– საქმე იმაშია, რომ დიდი პალატის 2004 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით, უზენაესმა სასამართლომ ჩემი რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მიიღო, ანუ, დაადგინა, რომ შევარდნაძის რეჟიმის პერიოდში “ბანდიტური ჯგუფის წევრობის” ბრალდებით მოსჯილ ხანგრძლივ სასჯელს უსამართლოდ ვიხდიდი და კომპენსანცია – 20 ათასი ლარიც გადამიხადეს! განა შეიძლება, რეაილიტირებული და კომპენსაციამიცემული ყოფილი პატიმარი ნასამართლევად მიიჩნიო? არანაირი ახსნა არ გააჩნია ფაქტს, რომ ამნისტია მე არ შემახეს! ცნობილია, რომ დიდი პალატის ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიც 2004 წლის 9 თებერვალს ჩემს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაადგინეს – 14 წელიწადში ერთხელ გამოდის. დიდი პალატა მხოლოდ მნიშვნელოვან საქმეებთან დაკავშირებით იკრიბება, როცა საქმე იშვიათ, სამართლებრივ პრობლემას წარმოადგენს. სწორედ ასეთ ვითარებაში მოხდა მაშინ ჩემი რეაბილიტაცია, რომელიც სახელმწიფოს მხედველობაში რომ მიეღო, მე ნასამართლევად არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივეჩნიე და ჩემთვისაც შეეხო ამნისტია, რის შედეგადაც, 25 აპრილს გავეთავისუფლებინე კიდეც! გამოდის, სახელმწიფოს რეაბილიტაციის არსი არ აქვს შეცნობილი ან სპეციალურად აიგნორერბენ ფაქტს, რომ რეაბილიტირებული ვარ. გიმეორებთ, ამ საქმეში, რისთვისაც ამჟამად უსამართლოდ ვარ მსჯავრდებული – მართლაც დამნაშავე რომ ვიყო, მიმდინარე წლის 25 აპრილიდან სრული თავისუფლება მაინც მეკუთვნის და უკვე 7 თვეა, ვერავინ მიხსნის, ციხეში რად ვიმყოფები! გამოდის, სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩემთვის გამოტანილი განაჩენით, ახალი ხელისუფლებაც, თვით ზვიად გამსახურდიას დღემდე დამნაშავედ მიიჩნევს. ზვიადს ესენი ვერ გაასამართლებენ – ცად ამაღლდა! სამაგიეროდ, მე ჯერჯერობით, ცოცხალი ვარ და ზიზღს ჩემზე ანთხევენ!
– ახლა რას აპირებთ?
– ჩემს ადვოკატთან, თამთა ბუზალაძესთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანად სარჩელს ვამზადებ, რადგან ჩემს მიმართ საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლი უხეშად არის დარღვეული. ისე გამოდის, რომ სახელმწიფო საბჭოს, ანუ ხუნტის მიერ ჩემთვის უკანონოდ წარდგენილი ბრალდების საფუძველზე ორჯერ გამასამართლეს! საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიპასუხოს, რატომ დაკარგა ძალა წინა პატიმრობის გამო ჩემი რეაბილიტაციის გადაწყვეტილებამ, იმ დასკვნამ, რომელსაც, სხვათა შორის, სხვა შვიდ მოსამართლესთან ერთად მერაბ ტურავა და ნინო გვენეტაძეც აწერენ ხელს. კურიოზია – ისევ მერაბ ტურავას მოუწევს ჩემი რეაბილიტაციის საქმის განხილვა, რაზეც განაჩენი ჯერ კიდევ 14 წლის წინ დაადგინა. თუ საკონსტიტუციო სასამართლო და მთელი ახლანდელი ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას ბანდიტად თვლიან, არაფერი მეთქის – თანახმა ვარ, მთელი ცხოვრება ციხეში გავატარო, ყველა სხვა შემთხვევაში, ვალდებულები არიან, დაუყოვნებლივ გამიღონ ციხის კარი და გამათავისუფლონ!
– საერთო ჯამში, რამდენი წელია, რაც ციხეში ხართ?
– პირველად, 1992 წელს რომ დამიჭირეს, დახვრეტა მომისაჯეს. ორწელიწადნახევარი სიკვდილმისჯილის საკანში გამატარებინეს, როცა ყოველ წუთს დახვრეტის მოლოდინში ვიყავი. ციხეში 10 წელი დავყავი, გამოვედი და რეაბილიტაციას მივაღწიე. ახლა ამ უსამართლო ბრალდებას, მაშინდელიც დაუმატეს და 30 წელი მომისაჯეს. მას მერე კიდევ 10 წელი (უკვე 12! – ზ.დ.) გავიდა. ციხეში ჯამში, 20-ჯერ (უკვე 22-ჯერ!) შევხვდი დაბადების დღეს. 1992 წლიდან 7 მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიდან, რომლებიც 4 წელიწადში ერთხელ ტარდება, ციხეში ჩემი ყოფნის განმავლობაში 6-მა ჩაიარა! გისოსებში უკვე, მე-20-ე (2022 წელი იქნება 23-ე ახალი წელი! – ზ.დ.) ახალ წელს ვეგებები. 1992 წლიდან ჩატარებული ყველა არჩევნები შევარდნაძის, ან მისი პოლიტიკური მემკვიდრეების წისქვილზე ასხავს წყალს. შევარდნაძემ შექმნა მექანიზმი, რომლის მიხედვით, ხელისუფლებაში მუდმივად, ისეთი პოლიტიკური ძალები უნდა მოდიოდნენ, რომლებიც მისი პასუხისმგებლობის საკითხს არასოდეს დააყენებენ. საქართველოში ლუსტრაციის კანონი რომ ამოქმედებულიყო, გარწმუნებთ, მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში ვერც გრიგოლ ვაშაძე მიიღებდა მონაწილეობას, ვერც სალომე ზურაბიშვილი! ვიდრე ამ კანონს არ მიიღებს, საქართველო სულ ამ ბაკქანალიაში დარჩება, ხელისუფლებაში უცხო ქვეყნების მარიონეტები გვეყოლება, მე კი მათი მუდმივი პატიმარი ვიქნები!
ესაუბრა ზაზა დავითაია
წყარო: თვალსაზრისი.ჯი