ბათუმში კორონავირუსული ინფექციით “ლელო საქართველოს” ადგილობრივი წარმომადგენელი ირმა გოგიტიძე გარდაიცვალა. ირმა გოგიტიძის “ფეისბუქის” პირად გვერდზე, გამოსამშვიდობებელ პოსტებს წერენ მისი მეგობრებიც.
“დღის განმავლობაში ათჯერ მაინც შემოიხედავდა ოთახში: რამე ხომ არ გინდა, ჩემო ოქრო, ჩემო სიცოცხლეო?
შეუძლებელია ერთი ადამიანი ამდენ სიყვარულს, სითბოს და მზრუნველობას გასცემდეს – ეს ყველაფერი კი ვერაგმა დაავადებამ წაგვართვა, პირველად მოვიდა ასე ახლოს და თან ისეთი გოგო გამოგვაცალა, მთელ ქალაქს რომ ეტკინა. აღდგომას გილოცავ, ირმაკო, მჯერა, ამ ბრწყინვალე დღესასწაულზე შეძელი შენი გოგუნიას გახარება, რომელზე დაუსრულებლად, დიდი სიყვარულ საუბრობდი. შენს დედიკოს, შენს ლენკასა და ზუკას გამძლეობა მისცეს უფალმა, ჩვენთან კი სამუდამოდ დარჩები. მართლაც უჩვეულო აღდგომა გათენდა ჩვენი ირმაკოსთვის ამ დღეს, 17 აპრილს, 55 წლის გახდა”, – წერს ეკატერინე დავითაძე.
შეგახსენებეთ, ბათუმში ერთ-ერთ კოვიდ-სასტუმროში 55 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადეს, პაციენტს კორონავირუსი 23 აპრილს დაუდასტურდა და მდგომარეობა უსიპტომოდ მიმდინარეობდა.
სამინისტროს ცნობით, შესაბამისი უწყებები ფაქტს სწავლობენ.
“გარდაცვლილია 55 წლის ქალი, რომელსაც თავიდან აღენიშნებოდა რამდენიმე დღიანი ცხელების ანამნეზი. 23 აპრილს, დაუდასტურდა კოვიდინფექცია. 24 აპრილს მოთავსდა ერთ-ერთ კოვიდ სასტუმროში. 26 აპრილს ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევები.
პაციენტის ბოლო 3 დღე იყო უსიმპტომო. შესაბამისად, გუშინ საღამოს 21.30 სასტუმროში ბოლო სამედიცინო შემოვლისას პაციენტი იყო სტაბილურად, სიმპტომების გარეშე. დილით, 12:00 საათზე დაფიქსირდა გარდაცვალების ფაქტი. შესაბამისი უწყებების მიერ მოხდება ფაქტის შესწავლა და გარდაცვალების მიზეზის დადგენა”,- აცხადებენ უწყებაში.
“რეზონანსი”