თითოეულ ჟურნალისტს გილოცავთ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს – ირაკლი ღარიბაშვილი.
მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, თითოეულ ჟურნალისტს გილოცავთ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წერს.
– “თავისუფალი, მაღალი პასუხისმგებლობის მედია საზოგადოების განვითარებისა და სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა.
დღეს, როდესაც ყალბი ახალი ამბებისა და დეზინფორმაციის გავრცელება ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად იქცა დემოკრატიებისათვის, მედიის პასუხისმგებლობას და პროფესიონალიზმს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლება და მედიაპლურალიზმი ჩვენში კონსტიტუციითაა გარანტირებული.
“ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისას საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით მე-100 ადგილზე იყო. ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად, ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდა და ჩვენი ქვეყანა 40 პუნქტით დაწინაურდა. დღეს რეგიონში ლიდერის პოზიციაზე ვართ და არაერთ განვითარებულ ქვეყანასაც ვუსწრებთ.
ჩვენი ხელისუფლება კვლავაც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით წინსვლას, გამოხატვის თავისუფლების დაცვას, მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. წარმატებებს გისურვებთ თქვენს საპატიო, ძალზე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საქმიანობაში” – ვკითხულობთ პოსტში
წყარო: itv.ge