ოქრო განიწმინდება ცეცხლით – თეიმურაზ შაშიაშვილის რეტრო-ინტერვიუ

მე პატივს კაცთაგან არ ვეძებ…

იოანე საბანისძე

მისთვის მწერლებთან სიახლოვე სულიერი მოთხოვნილებაა. ან ჩვენთან მობრძანდება, ან თვითონ მოგვიწვევს.ასე გრძელდება წლების განმავლობაში.

იყო ქალაქის მერი, პარლამენტარი, თუ პრეზიდენტის რწმუნებული, ეს ურთიერთობა არ შეწყვეტილა.

უყვარს წიგნი, წიგნიერი ხალხი. მისი დახმარებით არა ერთი სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურული წიგნი გამოიცა. რესპუბლიკის გაზეთები სავსეა წერილებით, სადაც მას მოიხსენიებენ, როგორც ჭეშმარიტ პოლიტიკოსს, მკაცრ ხელმძღვანელს, აქვე იხილავთ ისეთ წერილებსაც, მისი გაღიზიანებაც რომ მოუნდომებიათ.

ჩვეულებრივი სიდინჯით, სიდარბაისლით ცდილობს საქვეყნო საქმე აკეთოს, ზოგჯერ სამართლიანი კორექტივები შეიტანოს სამთავრობო გადაწყვეტილებებში.

ენდობა პატიოსანი და სუფთა ხალხი. პატივს სცემს ინტელიგენცია, ცდილობს ნდობა გაამართლოს, ამისთვის უძილო ღამეები, უღვთოდ გაფლანგული ჯანმრთელობა, ნერვების წყვეტამდე მისული მოთმინებაა საჭირო.

გეჩხუბება თუ გარიგებს, მის თვალებში გულწრფელობა სჩანს, ეს ნიშნავს, დაუჯერო. მისი გამოსვლები ყველგან და ყოველთვის სამართლიანობისაკენ მოუწოდებს ადამიანებს. გულოვანებით, რისკის გამო ხშირად ჩაუგდია სიცოცხლე საფრთხეში, ბევრი აღუფრთოვანებია, ბევრისთვის შური ჩაუსახავს.

დავსწრებივარ მის საჯაროდ გამოსვლას საფრანგეთში, იუნესკოს სახლში, მომისმენია მისი სიტყვა დიდი ბრიტანეთის მიწაზე, ქალაქ ნიუპორტთან დაძმობილების დროს. ორი დიდი ქვეყნის რამოდენიმე ქალაქში მისი გამოსვლა, ყოველთვის შეფასდა, როგორც საქმიანი და საინტერესო.ფედერიკო მაიორმა თეიმურაზ შაშიაშვილის სიტყვა, რომელიც მან იუნესკოში წარმოსთქვა, კლასიკურობის ნიმუშად გამოაცხადა.

ამდენი არაჩვეულებრივობის მიუხედავად, ის მაინც ჩვეულებრივი ადამიანია, იმიტომ, რომ მიწაზე დააბიჯებს.გაჩნდა დედისა და მამის მეშვეობით, ჰყავს მეუღლე, შვილები, დედმამისშვილები, მეგობრები, მტრები… ტირის, იცინის, უხარია, სწყინს…

შევეცადეთ ცოტა ხნით ყველაფერისათვის ჩამოგვეცილებინა, ვთხოვეთ რამოდენიმე წუთი ჩვენთვის დაეთმო და კითხვებზე ეპასუხა.

თეიმურაზ ლანჩავა _ გაზაფხულს გილოცავთ, ბატონო თემურ.

გაზეთ ,,უქიმერიონის” ეს ნომერი. სწორედ რომ გაზაფხულის მზით, სითბოთი და სიკეთით გვინდა იყოს სავსე.

თეიმურაზ შაშიაშვილი: -(სიცილით) ვიმღეროთ ,,გაზაფხული შემოსულა, ლენ”... იქნებ ორი თემურის კარგი დუეტიც შედგეს.

რომ არ გვითხრან, რა გემღერებათ ამ ორშაბათ დილითო, კითხვაზე სერიოზულად გიპასუხებ. მადლობა მოლოცვისათვის, განსაკუთრებული საუბრის გაზაფხულის მარადიული თემით დაწყებისათვის.

ჩემთვის ბუნებრივი უქიმერიონი მუდმივი გაზაფხულია, სიბრძნის გორაა, საიდანაც კეთილის ქმნის ძალა მიედინება. მიხარია, რომ მწერალთა გაზეთი ,,უქიმერიონი” საკუთარი ისტორიის ფესვებშია.

დიდი ფილოსოფოსი ჰეგელი თვლიდა, რომ ხელოვნება ბუნებრიობისაკენ სწრაფვაა. ,,ბუნება მბრძანებელიაო”, –  ამბობდა ვაჟა.

ადამიანი ბუნების შვილია და ამავე დროს ადამიანსაც აქვს ბუნება. მისი საზომიც სწორედ ეს არის. ბედნიერია ადამიანი, რომელიც მუდმივად გაზაფხულისაკენ ისწრაფვის, შეიძლება ზამთარში მყინვარწვერზე იდგე და სულში დიდი გაზაფხული გქონდეს.

ამ გაუსაძლის დროს სწორედ ასეთი კაცები სჭირდება, შურზე და მტრობაზე ამაღლებულნი, გაზაფხულივით თბილი, ნათელი კაცები.

თ.ლ. – ,,უქიმერიონს” არ უღალატნია ტრადიციებისათვის, იგი ბოლომდე წმინდა ლიტერატურული გაზეთი რჩება. როგორ ფიქრობთ, როდესაც პოლიტიკამ წალეკა ყველაფერი, ჩვენი მისდამი ასეთი უგულისყურობა ნაკლად ჩაითვლება თუ ღირსებად?

თ.შ. – მხოლოდ და მხოლოდ ღირსებად. ილია ჭავჭავაძე ტყვიამ კი არა, სწორედ პოლიტიკურმა ნიაღვარმა მოკლა, არც ნიკო ნიკოლაძეს, ყველაზე დიდ ევროპულად მოაზროვნე ქართველს დამართა კარგი დღე.

ის, რაც დღეს პოლიტიკაში ხდება, ეროვნული ტრაგედიაა, როცა თითქმის მთელი ერი პოლიტიკოსობს. როცა მწერალშიც კი პოლიტიკური მძლავრობს. როცა პოლიტიკოსი ცდილობს მწერალი და მწერლობაც (ეს უკვე ტრაგედიაზე მეტია) პოლიტიკური ზეგავლენის სფეროდ აქციოს –  დაიმორჩილოს. ტრაგედიაა ისიც, როცა მწერალი თავის დამკვიდრებას პოლიტიკისა და პოლიტიკოსის ლანძღვებში ხედავს.

ნამდვილი მწერალი ნებისმიერ პოლიტიკოსზე მაღლა დგას, მწერალში კაცობრიობის სუნთქვაა ჩასახლებული და ეროვნულ ძარღვებში გავლით იქმნება ქართული მწერლობა, ლიტერატურა და ხელოვნება, ეროვნული საგანძური.

ამას წინად ერთად ვიყავით ხელოვნების დიდ დღესასწაულზე  –  ცნობილი ქორეოგრაფების, ქალბატონ მავრა დეისაძის და ბატონ ომარ ჩივილაძის საიუბილეო საღამოზე.

ბოლო წლებში მწერალთა ბრწყინვალე წიგნები გამოვიდა, საოცრებებს ვხვდებით მხატვართა ნამუშევრებში.

ჩვენ ერთად ვნახეთ, როგორ გააერთიანა ხელოვნებამ პარიზში ფრანგი და ქართველი ყველა ერის წარმომადგენლები, ვინც ამ კონცერტს ესწრებოდა. მერედა პრესამ მოიცალა ამისათვის? სამაგიეროდ ჩაატარებს რომელიღაც პარტიის რიგითი წევრი პრესკონფერენციას, გაიჭედება იქაურობა ჟურნალისტებით და იცოცხლეთ, ივსება გაზეთები  – ლანძღვით, გინებით, ზიზღით, სიძულვილით.

საქართველოს გაერთიანება სიყვარულს შეუძლია. ძალიან მინდა, ,,უქიმერიონი” სიყვარულით სავსე გაზეთი დარჩეს.

თ.ლ. –  საფრანგეთში, იუნესკოში წარმოთქმული თქვენი სიტყვა იმდენად მხატვრული იყო, რომ იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა, ფედერიკო მაიორმა აღრფრთოვანება ვერ დამალა და ხმამაღლა გამოხატა აღტაცება.ამ სიტყვის ყველაზე მეტი სამშვენისი მისი პოეტურობა გახლდათ. როგორ ფიქრობთ, ეხმარება თუ არა პოლიტიკოსს პოეტურობა?

თ.შ.  –  პოლიტიკაც პოეზიაა, თუ ნამდვილ პოლიტიკოსთან გვაქვს საქმე.

თ.ლ.  –  ერთხელ, სამხარეო თათბირზე შემოსულს, წინა დღით გაზეთ ,,ლიტერატურულ საქართველოში” დაბეჭდილი ჩემი ლექსის სტრიქონები შემაგებე.მიუხედავად იმისა, რომ წუთით თავი შეგახსენათ პოეზიამ, თათბირი მაინც საკმაოდ მკაცრად წარმართეთ.  რით შეიძლება აიხსნას ხასიათის ასეთი ცვალებადობა?

თ.შ.  –  თუ არ ვცდები, ეს ლექსი თქვენს სიზმართან იყო დაკავშირებული. შევეცდები გავიხსენო:

,,მე თქვენ მესიზმრეთ,ქალბატონო,

გემოსათ ნისლი,

თან გდევდათ მზერა ალმაცერი,

წყეული მამრის,

თვალის შევლებით შემოხედვის

გამხადეთ ღირსი,

თავის მოდრეკით მოგესალმეთ

ამაყად ჩავლილს”…

როგორც მახსოვს მხოლოდ ეს სტრიქონები გაგახსენე. ამის შემდეგ სამი თათბირი მკაცრად წარვმართე, რაც სულაც არ არის ხასიათის უეცარი ცვალებადობა. უბრალოდ, თქვენს სიზმარში შეგაწუხათ ბედის უკუღმართობამ, მე კი იმ თათბირზე განსახილველ საკითხში –  ბიუჯეტის შეუსრულებლობაში ვხედავდი ცხოვრების უკუღმართობას.

თქვენ ბედნიერი ხართ იმით, რომ თქვენი ლექსის თემა სიყვარული იყო, მე კი უბედური იმაში, რომ ჩემი თათბირის თემა ბიუჯეტს შეეხებოდა…

თ.ლ _ პოეტმა შოთა ნიშნიანიძემ მშვენიერი ლექსი გიძღვნათ, რომელიც რესპუბლიკურ გაზეთში გამოქვეყნდა…პოეზია განცდის, ნიჭის და გონების მხატვრული გამოვლინების შედეგია. საქართველოში მეფე თუ მეაბჯრე ლექსს წერდა, გიცდიათ?!

თ.შ. –  ბატონი შოთა ჩემი უსაყვარლესი პოეტია. ლექსი მართლაც მშვენიერია, პოეტის შეცდომა იმაშია, რომ ლექსი მიძღვნა. კითხვაზე პასუხს ტიციანი გაგცემთ:

,,მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი, ლექსი თითონ მწერს,

ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს

ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,

რომ წაგიღებს და ცოცხლად დაგმარხავს”

ადამიანთა მოდგმის ფილოსოფია იმაშია, რომ თვითონ ადამიანის ცხოვრება არის ლექსი. ლექსს კი ვწერ, ჩემო თემურ, მაგრამ ჩემთვის მეტრი შოთა რუსთაველია და არ მინდა ასეთი საზომის ფონზე ჩემი ლექსის გამოქვეყნებამ ცოცხლად დამმარხოს.

დღესაც თვალინ მიდგას ჩემი ქართული ლიტერატურის მასწავლებელი დავით ჭანტურიძე, რომელიც ორატორულად მიკითხავდა ილიას:

,,პოეზია მადლია, ნიჭია, მაგრამ ამავე დროს მძიმე ტვირთიც არისო”

ზემოთ ვთქვით, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოსო პოლიტიკოსი პოლიტიკოსობდეს, პოეტი პოეტობდეს _ პოეტურად კი ორთავე უნდა ცხოვრობდეს.

თ.ლ _ საკმაოდ პოპულარული რომ ბრძანდებით, პრესას და ტელევიზიას უნდა ვუმადლოდეთ თუ საკუთარ თავს, ამ გველივით ჭრელ წუთისოფლიდან რომელი მეტად გიგემიათ, გესლი თუ სიყვარული.

თ.შ – პრესა და ტელევიზია იმას დაანახებს ხალხს ,,კოკასა შიგან რაცა დგას”…არისტოტელე ამბობდა _ ,,ნუ მიიღებ მონაწილეობას საჯარო გამოსვლებში -სიმართლის თქმა ხალხს დაგიპირისპირებს, ტყუილისთვის ღმერთი დაგწყვლისო.”

სოკრატე ბრძანებდა: ,,არ მეგულება კაცი, რომელიც გადარჩება, თუ უსამართლობას წინ აღუდგება.”

ვფიქრობ, სათქმელი ვთქვი, მაგრამ მაინც მთავარზე: მე თუ ვბედავ საჯარო გამოსვლებს იმიტომ, რომ ვამბობ სიმართლეს და თუ ხალხი არ მიპირისპირდება, ეს ხალხის სიძლიერეზე. თუ გადარჩენის იმედი გავქვს, ისევ ხალხის მხარდაჭერით.

თქვენი კითხვის მეორე ნაწილი პოეტურად კია ნათქვამი, მაგრამ მძიმეა.ცხოვრებამ მე მძიმე განსაცდელი მომიწყო და მიწყობს, მაგრამ როგორც იოანე ოქროპირი ამბობს: ,,ოქრო განიწმინდება ცეცხლით, ხოლო სული კი განსაცდელით და მწუხარებით. განსაცდელი ბოროტება კი არა, სიკეთეა” ბრწყინვალე ნათქვამია… ცხოვრებამ მეტი სიყვარული დამამახსოვრა და დამარწმუნა ერთ რამეში. “მოყვარე მტერი ყოვლისა, მტრისაგან უფრო მტერია”...ეს სიტყვები შოთა რუსთაველს ეკუთვნის.

ასევე დამაფიქრა ცხოვრებამ დავით აღმაშენებლის ერთ დიდ სიბრძნეზე:,,მლიქვნელთ ძმა ცუდი სივერაგე ვითნქ და შემასმენელთაი” …  მლიქვნელზე და დამსმენზე გამარჯვება ეს არის სიყვარულით გაერთიანებული საქართველო.

თ.ლ. _ ვერავის გავაკვირვებ, ერთხელ კიდევ თუ გავიმეორებ, რომ მწერლობა ერის გვირგვინია, თქვენ უზომოდ ხართ შეყვარებული მწერლობაზე. ეს სიყვარული არაერთხელ გვიგრძვნია. ბოლო წლებმა მკითხველი და მწერალი დააშორიშორა, როგორ ახსნით ამ ფაქტს

თ.შ. _ ვფიქრობ, ამ კითხვას _ უაღრესად მწვავეს, წინა თავებში უკვე გავეცი პასუხი. ქვეყანაში არ არის ნიჭის ძალაუფლება. ძლიერი და განათლებული კაცი მარწუხებშია. ჯერ კიდევ მივიდნენ არისტოტელე და პლატონი იმ აზრამდე, რომ დემოკრატია ეს არის განათლებული ადამიანების მმართველობა და არა რიცხვით მეტობა თუ უმრავლესობა.

როცა საზოგადოებაში შუბლსქელი უფრო ფასობს, ვიდრე შუბლნათელი, როცა კუჭი იმარჯვებს გონებაზე, როცა ფეხმარდი პოლიტიკოსი უფროა მიღებული, ვიდრე ტვინმარდი, როცა ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება _ ხელოვანის, მეცნიერის, როცა ფულმა დამანგრეველი ძალა შეიძინა, რადგან იგი უზნეო, გაუნათლებელი ხალხის ხელში მოხვდა, როცა ქვეყანაში სიბნელე უფრო ანათებს, როცა გაერთიანება ხდება სიძულვილით, როცა პლანეტალური აზროვნების ეპოქაში – ფეოდალურს უჭერ მხარს, როცა ქვეყანაში სიკეთე გათითოკაცებულია და ბოროტება ერთ მუშტადაა შეკრული, რატომ უნდა გაგიკვირდეს მწერლის და მითხველის დაშორება?

ქვეყნის გადარჩენა წიგნს, წიგნიერებას და ნიჭის ძალაუფლებას შეუძლია, გათითოკაცებული სიკეთის შეერთება შეუძლბელია.

დიდ პოეტს უთქვამს სიტყვები: ,,ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა”…ეს პოეტმა თქვა და არა პოლიტიკოსმა.

ჩვენ, პოლიტიკური პროსტიტუციის ეპოქაში ვცხოვრობთ, და მისი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა განათლებაზე, განათლებულ ადამიანებზე ხალხის ორიენტაციას შეუძლია…

თ.ლ. _ თეიმურაზ შაშიაშვილი პოლიტიკური მოღვაწის იქით, ყველაზე მეტ შვებას სად პოულობს?

თ.შ. _ ბუნებაში, ფილოსოფიაში, ოჯახურ გარემოში… ჩემს ნესტანთან, ნინოსთან, გიორგისთან, მამაჩემის საფლავზე, დედაჩემთან საუბარში, მეუღლესთან ერთად, მეგობრებთან, სადაც ჩემი თანამდებობა არავის აინტერესებს.

ვამაყობ, რომ ბავშვობიდანვე ზაფხულობით დასასვენებლად გელათის მონასტრის მიდამოებში მიხდებოდა არსებობა.წიგნებს სათაფლიას ტყეში ვკითხულობდი განმარტოებული. ღამეები (მათ შორის შუა ზამთარში) მივლია ნაკრძალის სასტუმრო სახლში. სისხამ დილით ვწვევივარ და მოწამეთაში ფრინველთა ორკესტრისათვის მომისმენია. უდიდეს შვებას ვპოულობ ბაგრატიდან ქუთაისს რომ გადმოვხედავ…შვებაა  –  ბრძენ კაცთან საუბარი. წიგნთან მარტო დარჩენა…შვებაა = ამაღლებული, ხაზს ვუსვამ ამაღლებული ტანჯვისაგან (სიყვარული, სწავლა, წერა, მეცნიერული კვლევით) მიღებული ბედნიერება.

თ.ლ. _ განსაცვიფრებელი ენერგიის პატრონი ბრძანდებით. თქვენი სიმტკიცე და შეუვალობა შესაშური და მისაბაძია. როგორ ფიქრობთ, შეინარჩუნებთ ყოველთვის წონასწორობას, თუ ერთხელ ხელს ჩაიქნევთ?!!

თ.შ – თუ არ ვცდები, იოანე საბანისძეს ეკუთვნის ეს სიტყვები… ,,მე პატივს კაცთაგან არ ვეძებ” ... ცხოვრებამ შექსპირს ათქმევინა:” ყინულივით რომ უმანკო იყო და თოვლივით წმინდა, მაინც ცილისწამება არ აგცდება..” პაგანინი ამბობდა: ,,უნარიანების შურთ, ტალანტებს ვნებენ, გენიალურებზე შურს იძიებენ”, როცა ეს ყველაფერი უბრალო მოკვდავმა, იცი, ის მაინც უნდა შესძლო, რომ ხელი არ ჩაიქნიო.

ჯერ არ მახსოვს ოტია იოსელიანთან სახლში, მასთან საუბარი ისე დამთავრებულიყოს, რომ არ გაგვეხსენებია ერთი უბრალო სიბრძნე ლექსად თქმული:

,,ომი გიქნიათ, გივარგილ, ომი,

ომი გვიქნია დეოფალ, ომი

წაგიგიათო ომი გივარგილ,

წავაგეთ ომი, დეოფალ,

მაშ, რაღა აზრი აქვსო ბრძოლას, გივარგილ,

ბრძოლას ყოვლთვის აქვს აზრი, დეოფალ.”

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მარტო რომ დარჩე და ბოლო პერიოდში აშკარად ვგრძნობ, რომ უმცირესობაში ვარ, ხელის ჩაქნევა არ იქნება. მირჩევნია, რამდენიმე პროგრესული კაცი მიჭერდეს მხარს, ვიდრე ათასი ბრმად მიკრავდეს ტაშს.

თ.ლ. _ ჩვენი სამწერლო ორგანიზაცია, მწერალთა დიდი უმრავლესობა იმედს ამყარებს თქვენზე, პატიოსანი და მართალი კაცი საიმედო ლიდერად და პარტნიორად გესახებათ, იქნებ სწორე და მან განაპირობა, როცა ბევრი თქვენზე მიძღვნილი ლექსი თუ ნოველლა დღის სინათლეს ელის (ბევრიც უკვე დაიბეჭდა).

თ.შ. _ დამოკიდებულებისათვის დიდი მადლობა, მე უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და ძალას მაძლევს მწერლებთან, მხატვრებთან და საერთოდ ხელოვნების წარმომადგენლებთან ურთიერთობა.

თეატრი ჩემთვის ხელოვნების დიდი ასპარეზია, მიყვარხართ მეტად, ვიდრე თქვენ ეს გგონიათ და (არ გეწყინოთ), წარმოგიდგენიათ. მადლობა ყველას, ვინც ლექსი მომიძღვნა, გამოქვეყნებას მე კი არ ვუშლი ხელს, არამედ ის აზროვნება, ყველაფერი ეს მლიქვნელობა რომ ჰგონიათ, მე არ მინდა ჩემდამი მოძღვნილი ლექსის გამო პოეტს სხვა თვალით შეხედონ

თ.ლ. -ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შეიძლებოდეს…

თ.შ. _ ჩემი მათემატიკის მასწავლებელი, ქალბატონი ლუბა ვაჭრიძე (მე იგი დიდ მასწავლებლად მიმაჩნია დღესაც, როცა ის ცოცხალი აღარ არის) თვლიდა, რომ ჩემი გზა მეცნიერების გზა იყო. ნათელი დაადგეს მის ხსოვნას… მე მის საფლავზე ხშირად დავდივარ და ბოდიშს ვუხდი, რომ მისი ჩანაფიქრი არ განვახორციელე. ჩემი ქართული ლიტერატურის მასწავლებელი, ბატონი დავით ჭანტურიძე თვლიდა, რომ ჟურნალისტი უნდა გამოვსულიყავი. ეს ნაბიჯი გადავდგი, მაგრამ სამი წლის სტაჟი იყო საჭირო და საბუთები არ მიიღეს უნივერსიტეტში. გამოცდები პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩავაბარე და მუშაობა სტაჟისათვის სტამბაში დავიწყე, მართალია დათქმული გზით აღარ წავედი, მაგრამ დავით მანდარიას _ ამ უკეთილშობილესი, წიგნზე და მწერალზე შეყვარებული კაცის სტამბაში მუშაობა ჩემთვის დიდ სიკეთედ იქცა.

ცხოვრებაში მთავარია კაცი იყო და თავი შენი გახლდეს.

თ.ლ. _ საქმეზე შეყვარებული ადამიანები, ისინი, რომლებიც პატიოსნებას სცემენ პატივს, შენს გვერდით დგანან, რაც არ უნდა დაგაბრალონ, უსინდისობას ვერავინ დაგწამებთ, არადა თქვენს მიმართ ბევრმა კორესპონდენტმა აიშვა და გადააჭარბა.

თ.შ. _ პრობლემას ვერ ვხედავ. არც იმ აზრს ვიზიარებ, რომ აშვებულთა დასაბმელად თვითონ უნდა აიშვა, დრო დაალაგებს ყველაფერს, გავიხსენოთ რუსთაველის შეგონება: ,,ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა”. ანდა:,,ვაჰ სოფელო რაშიგან ხარ რას გვაბრუნვებ რა ზნე გჭრსა”…იგი ასე მთავრდება: ,,მაგრამ ღმერთი არ გასწირავს, კაცსა შენგან განაწირსა.” 

ჩვენ პოლიტიკური პროსტიტუციის ეპოქაში ვცხოვრობთ და გასაკვირი არაფერია.უბედურია პოლიტიკოსი, რომელსაც ჟურნალისტის ეშინია, უბედურია ჟურნალისტიც, რომლისაც ეშინიათ.

სოკრატეს მიაჩნდა, რომ სხეული ისე ვერ განიკურნება, თუ ჯერ სული არ განიკურნა.

შორს წასვლა არ გვინდა, დიდმა პოეტმა მუხრან მაჭავარიანმა მოგვცა სულის განკურნების ბრწყინვალე პოეტური ფორმულა:

,,სხვისი ყოფილა თუ ყოფილა ჩემს თვალზე ცრემლი.

ვყოფილვარ სხვისი მწუხარებით მე ბევრჯერ ავად.

ყოვლადძლიერო გახარება თუ გინდა ჩემი,

უნარი სხვისი გახარების მიბოძე უმალ.”.

და კიდევ ერთი. ოთარ მამფორიამ ოთარ სულაბერიძეზე ითქვა: სიძულვილის კენჭი რომ გესროლა, სიყვარულის ლოდს დაგახვედრებდაო.

თ.ლ. _ უღრმესი მადლობა ღია საუბრისთვის, მომავალ შეხვედრამდე.

გაზეთი “იმერეთის მოამბე”

9 ივლისი, 1999 წელი