ტყუილია, როცა ამბობენ, რომ კვერცხების შეღებვას გვიკრძალავდნენ კომუნისტები. ახლა მოვისმინე, ვინმე ბესიკ გამყრელიძე ამბობს: — კომუნისტების დროს მასწავლებელს, აღდგომის კვერცხის შეღებვის გამო, ხელები თუ ჰქონდა წითლად შეღებილი, სამსახურიდან ათავისუფლებდნენო ! ამას საიდან იგონებენ?
მე კომუნისტების ეპოქაში დავიბადე და გავიზარდე და მსგავსი რამ არ ყოფილა! კვერცხსაც ვღებავდით და საფლავზეც გავდიოდით! რატომ ამბობენ ასეთ ტყუილს? და რამდენ ასეთს? რაში სჭირდებათ? ამას მერე ახალგაზრდები იმეორებენ – თქვენ კომუნისტების დროს კვერცხსაც ვერ ღებავდითო!
მე არ ვიცი, რა ხდებოდა 30-იან წლებში, მაგრამ რაც ჩემი თავი მახსოვს, სულ არ ვიყავი შეზღუდული არაფერში, რასაც ახალ ვაწყდები, და იმასთან შედარებით, როგორც ახლა ვარ, დიახაც, თავისუფალი ვიყავი. არც დღე მეშინოდა ქუჩაში გასვლის და არც ღამე, არც ამდენი ძაღლი და მამაძაღლი იყო ქუჩაში და არც ასეთი ჩაბნელებული (ეს ეკონომიკური ნათურები ხომ გინდ ყოფილა, გინდ არა, თვალებზე ძალიან ცუდად მოქმედებს) იყო ქალაქის ქუჩები! რა არის ამდენი ტყუილი, ამდენი დეზინფორმაცია, ამდენი სიყალბე? შეზღუდვები ახლა რომაა, სად იყო მაშინ? ნებისმიერი ყველაზე “კორუმპირებული” კომუნისტიც კი ამათზე პატიოსანი იყო! ესენი კი გამოდიან ტელეეთერში და იმდენ სიბინძურეს ამბობენ, რა გითხრათ რაა… საქმეს ისიც ართულებს, რომ ადამიანს ყველაფრის თქმის უფლება აქვს იმის მიუხედავად, რთულია თუ მართალი. არავითარი ცენზურა! თან, რაც მეტ სისულელეს ამბობს, მით მეტ ტაშს იმსახურებს! ვხედავ ერთს – რომ ყალბ გარემოში ვცხოვრობ, რომ ყველა მატყუებს, რომ რაც მეტად ჩუმად ვარ,მით მეტად მავიწროვებენ, მაგრამ ისიც ვიცი, ხმა თუ ამოვიღე, არც მაშინ გამიწევენ ანგარიშს! ესეც პრივილეგირებულთა ხვედრია! მაშ ვინ ვარ მე დღეს? – არავინ! აი, ესაა სიმართლე! აბსურდის თეატრში ვარ, სადაც ჩემი შესასრულებელი როლი სხვამ დაიკავა, მე კი ტაშს მაკვრევინებს.
რუსუდან კოტაშვილი; სოციალური ქსელი