მხარე, რომელიც ნაცვლად მოლაპარაკებისა, იარაღს მოჰკიდებს ხელს, სულ მცირე დამნაშავეა. დამნაშავეა იმათ წინაშე, ვინც ხელისუფალთა უნიათობას, სიბრიყვეს, ამბიციურობას შეეწირა. დამნაშავეა ქვეყნის და ერის წინაშე, რომელმაც ხელისუფალთა მილიტარისტული ნაბიჯით დაკარგა ტერიტორიები.
მას შემდეგ ვტირით და მოვთქვამთ, ყვავილებით ვამკობთ აფხაზეთში დაღუპულ მეომართა მემორიალს — სახელდახელოდ გაკეთებულს, უნიათოს და უმგვანოს, გმირთა მოედნის კუნჭულში — სმოგითა და მავნე აირებით გაჯერებულ ტერიტორიაზე. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულ ყველა დელეგაციას მასპინძელი ხელისუფალნი გმირთა მემორიალისკენ მიაქანებენ და წამითაც არ ფიქრობენ, რამდენად შეეფერება ეს უბადრუკი მემორიალი დაღუპულ მეომრებს ან სუვერენულ სახელმწიფოს?
ხელისუფლებამ, რომელმაც მსგავს მემორიალს შესაფერისი ადგილი ვერ გამოუძებნა, მოლაპარაკებას გამართავს იმათთან, ვისთან ომმა შეიწირა გმირები?
ხელისუფლებას რაც შეუძლია, ისაა, გაჟღერებული საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ თავის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე შემდეგი შინაარსის: „შეიქმნას საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ასწლიან ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ერთიანი მემორიალი, ვაკის პარკში, რომლის რეაბილიტაცია დღეს მიმდინარეობს“.
პრეზიდენტის მოსაზრება სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის ხელმომჭირნეობისა და წუწურაქობის მსგავსია — იაფად გამოვალთ, ყველა გმირს, დაცემულს ბოლო 100 წლის ომში, ერთ მემორიალში მოვაქცევთ. რატომ ბოლო 100 წლის და არა 1000 წლის და მეტის? მათაც ხომ ქვეყნის „დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას“ შესწირეს თავი?
როგორც ჩანს, პრეზიდენტის მწირმა ცოდნამ საქართველოს ისტორიისა, ნაკლები შანსი მისცა მას ადრეული, მართლაცდა ბობოქარი საუკუნეების გახსენების, რომელთანაც ბოლო საუკუნე რა მოსატანია? მით უმეტეს, როდესაც 70 წელი, უდავოდ გამორჩეული აღმშენებლობით, სიმშვიდითა და დემოგრაფიული ბუმით, არნახულია სხვა საუკუნეებთან შედარებით. იმ 70 წლის განმავლობაში სერიოზულ, მასშტაბურ, სამამულო, მსოფლიო ომად აღიქმება დიდი სამამულო ომი, რომელშიც საქართველოს 650000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. მათგან მხოლოდ ნახევარი დაუბრუნდა სამშობლოს.
საქართველოს მსხვერპლი უტოლდება აშშ-სას და აჭარბებს სხვა ქვეყნების მსხვერპლს. ათასობით შინმოუსვლელთა ძეგლები, მემორიალები გაიხსნა საბჭოთა კავშირსა და სხვა ქვეყნებში. მსგავსი გაჩნდა თბილისში — გამარჯვების (ვაკის) პარკში. იქ განისვენებს ქართველი უცნობი ჯარისკაცი. ყოველი წლის 9 მაისს — გამარჯვების დღეს ომის ვეტერანები, საზოგადოების წარმომადგენლები გვირგვინებით ამკობენ უცნობი ჯარისკაცის საფლავს, რითაც პატივს მიაგებენ მას და ყველას, დიდ სამამულო ომში დაღუპულს.
რა კავშირი აქვს ამ წმინდა ადგილს ბოლშევიკების მიერ მენშევიკებთან შეტაკების დროს, ანდა თუნდაც აფხაზეთის ან ცხინვალის ლოკალურ ომებში დაღუპულებთან? არც არაფერი! გარდა სიტყვა „დაღუპულის“. ნუთუ ქალბატონი სალომე ვერ ხვდება განსხვავებას?!
ხვდება, მაგრამ ძალით გვტენის მენშევიკთა „გმირობას“, იმ მენშევიკების, რომლებმაც გაძარცვეს ქვეყანა და ნაძარცვით საფრანგეთში, მრავალი წლის განმავლობაში უზრუნველყვეს საკუთარი ცხოვრება.
ზურაბიშვილი მენშევიკური მთავრობის წევრის ოჯახში დაბადებულ-გაზრდილი ქალბატონი, განა ობიექტური აზროვნებით იქნებოდა შემკული? მენშევიკურ იდეოლოგიაზე აღზრდილი ცდილობს მათი სახელის უკვდავყოფას, განდიდებას.
საერთო მემორიალის პოლიტიკური სარჩული დაპირისპირებაა — საბჭოურსა და მენშევკურს შორის. ამ უკანასკნელის საბჭოურზე მაღლა დაყენება, ხოლო „ტერიტორიული მთლიანობისთვის“ დაღუპულ მეომართა გახსენება, მთავარ საკითხზე უბრალო მიტმასნებაა.
უნდა ვიმედოვნოთ, რომ გონგამოცლილი ხელისუფლება დროებით მაინც მოიხმობს ჭკუას და არ აჰყვება პროვოკატორი პრეზიდენტის შორს მიმავალ იდეებს. იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეს გააკეთოს თქვენი დახმარებაა საჭირო ინტელიგენციავ, ცნობადო სახეებო, საზოგადოების წარმომადგენლებო, თუმცა ვეჭვობ, ხმა ამოიღოთ და გვერდში ამოუდგეთ ევრაზიის ინსიტუტის ხელმძღვანელს გულბაათ რცხილაძეს, საქართველოს კომუნისტთა ლიდერს თემურ ფიფიას, რომლებმაც უკვე გამოთქვეს თავიანთი ნეგატიური მოსაზრება პრეზიდენტის წინადადებაზე.
ამ შემთხვევაშიც პირში წყალს ჩაიგუბებთ, ვინაიდან არ ისურვებთ გადაგვარებული პრეზიდენტის გაკიცხვას, მარტივი მიზეზის გამო — ის ხომ საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილია და რახან ასეა, თქვენთვის მუდამ სათაყვანებელია, მიუხედავად მისი გონებრივი სისუსტის და ავანტიურისტული ბუნებისა.
დასაწყისში აღვნიშნე და გავიმეორებ, რომ გარემო სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანზე. მით უმეტეს მძიმე გარემო, რომლის წონა და მასშტაბი ნებისმიერ ჩვენგანზეა დამოკიდებული. ვიქნებით საკუთარი თავისა და ხელისუფლების, პოლიტიკოსთა მიმართ მომთხოვნი? მძიმე გარემო, სასურველით შეიცვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიცხოვრებთ მუდამ სამგლოვიარო პროცესში.
დასასრულს, ერთ ძველ ანეკდოტს გაგახსენებთ — მოსკოვში, წითელ მოედანზე ლენინად ქცეული მავანი დააკავეს და ბლანჟეს მოპარსვა უბრძანეს. „გავიპარსავო“, — თქვა მასხარამ — „მაგრამ იდეებს რა ვუყოო“. ასეა ზურაბიშვილის საქმე, რომელმაც მართლაც არ იცის, უსაქმობის გამო რა გააკეთოს!
ჰამლეტ ჭიპაშვილი