მაინც რა ძალა ჰქონია კრემლს, ნახევარ მილიონზე მეტი საქართველოს მოსახლე ძალით გაერეკა ომში?

ყოფილ საბჭოეთში ხშირად იბადება კითხვა — ვითომ რა უბედურებას მოგვიტანდა გერმანიის გამარჯვება, თუ არა სიკეთეს — გერმანული ავტომანქანებით სეირნს და ბავარიული ლუდის სმის? ახალგაზრდა ქართველობაც სვამს ასეთ კითხვას, რაც ოჯახის, სკოლის, უმაღლესის „დამსახურებაა“. ასეთ შემთხვევაში არცოდნა, არცოდვააო, ვერ ვიტყვით!!!

ეს, დანაშაულია — სახიფათო უცოდინრობა, წარსულის იგნორირება, შეუფასებლობა, დასავლურ პროპაგანდაზე ბრმა აყოლა.

როგორც ამჟამინდელი გაევროპელებულ-გაამერიკელებული ქართველობა ამბობს — ის ომი, რუსეთის ომი იყო, რომელშიც ქართველობა ძალით გარეკეს. 750000 კაცი — დიდ სამამულო ომში მონაწილე, ძალით გარეკეს? მაინც რა ძალა ჰქონია კრემლს, ნახევარ მილიონზე მეტი საქართველოს მოსახლე ძალით გაერეკა ომში? გამოდის, რომ დანარჩენმა საბჭოთა რესპუბლიკებმაც მოსკოვის დაძალებით შეაკლეს თავი ფაშისტებს? იქნებ საკუთარი ოჯახის, რესპუბლიკის, მომავალი სიკეთისთვის ეკვეთნენ ისინი გერმანულ ფაშიზმს და არა ვიღაცის კარნახით?

წლევანდელ 9 მაისს თითო-ოროლა ომის ვეტერანი თუ შეხვდება, მაგრამ სად? გამარჯვების პარკში არსებულ უცნობი ჯარისკაცის საფლავთან იკრიბებოდნენ ისინი ყოველ წელს, რაც ამჟამად, მერიის მიერ პარკის სარემონტოდ „ალყაში მოქცევის“ შემდეგ, იქ მისვლა შეუძლებელია.

ისევ მოძრაობა „საქართველოს უკვდავი ჯარი“, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე და მისი კოლეგები თუ გადაარჩენენ ხელისუფალთა და პოლიტიკოსთა მხრიდან მივიწყებაშეპარულ 9 მაისობას, გაიხსენებენ დაღუპულ გმირებს და კანტი-კუნტად შემორჩენილ ვეტერანებს.

მოძრაობა „საქართველოს უკვდავი ჯარი“ საქართველოს მოსახლეობას ხომ გაზეთის მეშვეობით სისტემატურად აწვდის ინფორმაციას ომში მონაწილეთა და მათი ოჯახების თაობაზე, რითაც გვახსენებს იმ ომის პერიპეტიებს, რომელსაც სამართლიანად ეწოდება „დიდი სამამულო ომი“.

ყველა ომს, რასაც კაცობრიობის ისტორიაში ჰქონდა ადგილი, თავისი მთავარსარდალი ჰყავდა. მათზე ტომებია დაწერილი, ასობით ფილმია გადაღებული, მაგრამ ყველაზე მეტად მწერლისა და რეჟისორის ყურადღება დიდი სამამულო ომის დროინდელი საბჭოეთის ხელისუფალის იოსებ სტალინის პიროვნებისადმი არის მიპყრობილი. ამ ზღვა მასალას შორის — სიყალბითა და ტენდენციურობით გაზავებულში, შეინიშნება ისეთიც, რომელიც ობიექტურად ასახავს ამ უაღრესად ბუმბერაზი პიროვნების ფოლადისებურ, მტკიცე სახეს, რომელსაც უდიდესი პატივით მოიხსენიებდნენ მისი ოპონენტებიც კი ჩერჩილის, რუზველტის, დე გოლის და თქვენ წარმოიდგინეთ ჰიტლერის სახით.

მოვიყვან ჰიტლერის უსაყვარლესი არქიტექტორის, მესამე რაიხის შეიარაღებისა და მრეწველობის მინისტრის, ფიურერის ვიწრო წრის წარმომადგენლის ალბერტ შპეერის მოგონებების წიგნიდან ამონარიდს — შპეერს, ნიურნბერგის სამხედრო ტრიბუნალმა 20 წლით მიუსაჯა პატიმრობა, რომლის მოხდის შემდეგ ლონდონში დასახლდა, სადაც 1981 წელს გარდაიცვალა. აი რას წერს ის:

„სლავების განუვითარებლობის თეორიით შეპყრობილი ჰიტლერი მათ წინააღმდეგ ომს „ქვიშაში თამაშს“ უწოდებდა, მაგრამ რაც უფრო დიდხანს გრძელდებოდა ომი, მით უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებდნენ მისგან რუსები. ჰიტლერს მოსწონდა ის, თუ როგორ მედგრად ხვდებოდნენ რუსები თავიანთ დამარცხებას. სტალინს ჰიტლერი პატივისცემით მოიხსენიებდა ხოლმე, განსაკუთრებით ხაზს უსვამდა მის თავდაჯერებულობასა და სიმტკიცეს და პარალელებს ავლენდა საკუთარ თავსა და სტალინს შორის. ის საფრთხე, რომელიც 1941 წლის ზამთარში მოსკოვს ემუქრებოდა, ჰიტლერის აზრით, მის ახლანდელ — 1943 წლის მდგომარეობას წააგავდა. როგორც კი ფრონტზე გამარჯვებების ტალღა იწყებოდა, ჰიტლერი მაშინვე ხუმრობის ტონით ამბობდა, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა, რუსეთზე გამარჯვების შემდეგ ქვეყნის მმართველობა ისევ სტალინისთვის ჩაებარებინათ, რადგან რუსებთან ურთიერთობას სტალინზე უკეთ ვერავინ შეძლებდა.

საერთოდ ჰიტლერი სტალინს ისე უყურებდა, როგორც თავის კოლეგას. როდესაც სტალინის ვაჟიშვილი ტყვედ ჩავარდა, ჰიტლერმა ბრძანა, რომ მას განსაკუთრებით კარგად მოპყრობოდნენ. ალბათ ეს ფაქტიც სტალინის მიმართ პატივისცემით აიხსნება“.

„სრულიად საწინააღმდეგო მოსაზრება ჰქონდა ჰიტლერს ჩერჩილისა და რუზველტის მიმართ. მისი აზრით, ჩერჩილი სმის მოყვარული, არაფრის მაქნისი, დემაგოგი იყო, ხოლო რუზველტთან დაკავშირებით მთელი სერიოზულობით ამტკიცებდა, რომ ამერიკის პრეზიდენტს დამბლა ბავშვობიდან კი არ ჰქონდა, არამედ სიფილისის შედეგად განუვითარდა, რის გამოც იგი ყოვლად არაპროგნოზირებად პრეზიდენტად ჩამოყალიბდა“.

გამარჯვების დღეს გილოცავთ, დიდი სამამულო ომის პატივცემულო ვეტერანებო, თქვენი ოჯახების წევრებო, საქართველოს მოსახლეობავ! ჯანმრთელობას და სულიერ ამტანობას გისურვებთ ბედკრული ქვეყნის გადარჩენისთვის.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი