“კარფურის” წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი მზადდება

საქალაქო სასამართლომ “კარფურის” წინააღმდეგ ქართველი მწარმოებლებისა და დისტრიბუტორების რამდენიმე სარჩელი წარმოებაში უკვე მიიღო.

ამ დროისათვის საერთაშორისო ბრენდს უკანონო და არაპარტნიორული დამოკიდებულების გამო სასამართლოში 9 ქართული კომპანია უჩივის და რამდენიმე სარჩელს იურისტები კიდევ ამზადებენ.

საერთაშორისო ბრენდის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შესატანად ემზადება ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია “ჯორჯიან ლეგენდიც”.

„ჩვენ “კარფურთან” თანამშრომლობა დავიწყეთ 2016 წლის სექტემბრიდან. ვითანამშრომლეთ 2019 წლამდე, 2020 წელს შევწყვიტეთ თანამშრომლობა, რადგან 2017 წლიდან მოყოლებული ჩვენ დავინახეთ მათგან არაპარტნიორული დამოკიდებულება, რაც გამოიხატებოდა ხშირ შემთხვევაში ამ წლების მიხედვით გაფორმებული კონტრაქტების გაუგებრობაში, რადგან კონტრაქტები ფორმდებოდა ორენოვანი, აბსოლუტურად განსხვავებული ტექსტით. იყო ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი კონტრაქტი. ხშირად კონტრაქტებში ჩადებული იყო პირდაპირი თუ შეფარული გადასახადები: ეს იყო შესვლის თანხა, მარკეტინგული სხვადასხვა გადასახადები, ახალი პროდუქციის შეტანის ცალკე, გონდოლის ცალკე, რომელიც თან კონტრაქტში გათვალისწინებული იყო, მაგრამ იმის ზემოთ კიდევ გაჭრიდნენ გაუგებარ თანხებს და ხშირად თვეები ისე გადიოდა, მარკეტინგული გადასახადი აღემატებოდა რეალიზებული პროდუქციის ჩასარიცხ თანხას.

ვცდილობდით სატელეფონო კომუნიაციასაც, მაგრამ 3-4 წლის თავზე ძლივს ჩავნიშნეთ. შეხვედრაზე ვესაუბრეთ მათ წარმომადგენელს, მაგრამ ისინი შენს არგუმენტს არ ისმენენ და ამის გარეშე მაინც თავის ხაზს ატარებენ. მაგალითს მოგიყვანთ, 2019 წელს ჩვენ “კარფურმა” ერთჯერადად 82 000 ლარი ავტომატურად ჩამოგვაჭრა. ეს იყო რეალიზებული პროდუქციის ჩასარიცხი თანხა და არგუმენტი დასახელდა, რომ ეს იყო 2 წლის წინანდელი გადასახადი, რომელიც უნდა გადაგვეხადა და რომელიც გამორჩათ.

გამოდის რომ, “კარფური” წარმოადგენს არა სავაჭრო წერტილს, სადაც შეგაქვს პროდუქცია, არამედ როგორც სარეკლამო, მარკეტინგული კომპანიას, რომელიც გაჭრის ძალიან დიდი მარკეტინგულ თანხებს.  ხშირ შემთხვევაში ეს ხელშეკრულებაში არ არის ჩადებული და ხშირად ინგლისურენოვან კონტრაქტში რიგ მუხლებში შეფარულად არის გაწერილი, ამიტომაც ხშირად გაუგებარი დარიცხვები ხდებოდა.

დიახ, ჩვენ მივდივართ სასამართლოში და იმედი მაქვს ავინაზღაურებთ ამ თანხებს”, – განუცხდა “ბიემს” “ჯორჯიან ლეგენდის” ფინანსურმა დირექტორმა ირინა მუჯირმა.

 

“რეზონანსი”