სტალინგრადის კატასტროფამ ხერხემალში გადატეხა ჰიტლერი. იგი პანიკაში ჩავარდა, ჯანმრთელობაც სერიოზულად შეერყა. მან ქვეყანაში საყოველთაო გლოვა გამოაცხადა, სტალინს კი პაულიუსის გაცვლა შესთავაზა მის უფროს ვაჟში, ფაშისტურ სამხედრო ტყვეთა ბანაკში მყოფ არტილერიის ლეიტენანტ იაკობ ჯუღაშვილში.
სტალინი მარტოდმარტოა თავის კაბინეტში ფანქრით ხელში, მომავალი საფრონტო ოპერაციების რუკებს დასცქერის. შეაქვს მათში მიმდინარე პროცესების შესაბამისი კორექტივები და ცვლილებები. მოულოდნელად შემოიჭრება მოლოტოვი. სოსო, – მიმართავს სტალინს ყოველგვარი შესავლის გარეშე: – გერმანიის მხარე შვედეთის წითელი ჯვრის თავმჯდომარის, ბერნადოტის მეშვეობით შუამდგომლობს თქვენი ვაჟიშვილის იაკობის გაცვლას გენერალ ფელდმარშალ პაულიუსში. სტალინი ხანგრძლივი დუმილის შემდეგ სცილდება მაგიდას, თვალებში ჩახედავს მოლოტოვს და იტყვის: ამ საკითხზე შენი აზრი მაინტერესებს, ვიაჩე!
– მე ამ საკითხში მრჩევლად ვერ გამოვდგები, – პასუხს არ აყოვნებს მოლოტოვი. – ერთს კი ვიტყვი, პაულიუსი დღეისათვის არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს ჩვენთვის.
– ასეთი პასუხი ხომ არ ნიშნავს, რომ შენ თანახმა ხარ გაცვლაზე, – უმალ რეაგირებს სტალინი.
– კი ნიშნავს, – უმალვე პასუხობს მოლოტოვი.
სტალინი: ვიაჩე, გთხოვ ყურადღებით მომისმინო და, თუ რაიმე შემეშალა, შემისწორე.
ჩემის აზრით, ვერმახტის ბელადებმა, დარწმუნდნენ რა იმაში, რომ ჩვენთან ომის მოგება ჩვეულებრივი გზებით შეუძლებელია, გადაწყვიტეს მოგვიწყონ გლობალური მასშტაბის იდეოლოგიური და პოლიტიკური დივერსია.
რას ვგულისხმობ?
დავუშვათ და მე, სტალინმა, ჩემი შვილი სამხედრო ტყვე ლეიტენანტი იაკობ ჯუღაშვილი გავცვალე გერმანელ სამხედრო ტყვეზე გენერალ-ფელდმარშალ პაულიუსზე. რას იფიქრებენ, რას იტყვიან ამაზე სხვა ტყვე ჯარისკაცები? ისინიც ხომ შვილებია ჩემი.
რას იფიქრებენ, რას იტყვიან სხვა ჯარისკაცების მამები? რას იფიქრებენ წითელარმიელები, ოფიცრები და გენერლები? ასეთ შემთხვევაში ყველა საბჭოთა ტყვე ჯარისკაცს აქვს მორალური და იურიდიული უფლება მოითხოვოს თიავისი გაცვლა ფელდმარშალზე. ტყვეობიდან თავის დაღწევა ხომ ყოველი მათგანის სანუკვარი ოცნებაა.
… და სტალინს ხომ ყოველი მათგანი თავის მამად თვლის, მაშინ რატომ მაინც და მაინც იაკობი უნდა გაიცვალოს ფელდმარშალზე?
ფაშისტები მამის გრძნობებზე თამაშობენ? ავიწყდებათ, რომ სტალინისათვის ყველა შვილი ერთნაირად შვილია, რომ სტალინი ვერ გამოარჩევს მრავალთაგან ერთს. ერთიც იქ, სადაც ყველანი.
ასე რომ, ეს წინადადება ცბიერი მტრის მორიგი ფანდია, რომლის განხორციელება გამოიწვევს სტალინის, როგორც მთავარსარდლის, დისკრედიტაციას, სტალინის, როგორც ქვეყნის მამის, დისკრედიტაციას.
იგი გამოიწვევს მუშურ-გლეხური წითელი არმიის დისკრედიტაციას, საბჭოთა სახელმწიფო წყობილების დისკრედიტაციას.
იგი გამოიწვევს ჩვენი ფრონტისა და ზურგის საყოველთაო დემორალიზაციას, წითელარმიელის ბრძოლისუნარიანობის მთლიან მოშლას.
აი, მოკლე ჩამონათვალი იმისა, თუ რის მიღწევას აპირებენ ამ ფანდით ვერმახტის მესვეურნი.
… და ყოველივე ზემოთქმულიც რომ არა, ჩვენი პასუხი ერთადერთია: საბჭოთა შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლობა ფელდმარშალს არ გაცვლის უმცროს ოფიცერზე.
მოლოტოვი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში თავჩაქინდრული იჯდა და სახეზე ოფლს და თვალებზე ცრემლებს იწმენდდა, გაბზარული ხმით იტყვის: სხვა პასუხს სტალინისაგან მე არ ველოდი და, ალბათ, არც ჰიტლერი.
ომის მონაწილენი იხსენებენ: როცა ფრონტებმა გაიგეს, რომ სტალინმა უარი თქვა თავისი ვაჟიშვილის, ფაშისტ გენერალში გაცვლაზე (ნაცისტური პროპაგანდა საპირისპიროს ავრცელებდა) ჯარისკაცები და ოფიცრები რაღაც არაბუნებრივმა სიამაყის გრძნობამ მოიცვა. სიამაყის გრძნობასთან ერთად, მათ პასუხისმგებლობის გრძნობაც გაუათკეცდათ, ისინი კიდევ უფრო შეუპოვრად ეკვეთნენ მტერს, გაშმაგებით შეუტიეს მის პოზიციებს.
… და, რა თქმა უნდა, სინანულს, ირონიულ ღიმილს იწვევს ანტისტალინური ბრიყვული დემაგოგია, რომელიც აღნიშნულ ფაქტზე დაყრდნობით «ამტკიცებს» თითქოს სტალინი იმდენად სასტიკი დესპოტი იყო, საკუთარი შვილიც კი არ დაინდო. ხელიდან გაუშვა ერთადერთი რეალური შანსი დაეხსნა იგი ფაშისტური ტყვეობის ჯოჯოხეთიდან, წამებით სიკვდილისათვის გასწირა.