ფადოს ბიჭები – ზნაურის რაიონი – 1941 წლის უსიხარულო ზაფხული იწურებოდა. მთელი სოფელი ერგას მთაზე გაიხვეტა. საკოლმეურნეო პირუტყვისათვის დამზადებულ თივას ეზოდებოდნენ. სამხრობა იყო. ფოსტალიონმა წერილები და გაზეთები ამოიტანა. ჯერ საინფორმაციო ბიუროს ცნობა წააკითხეს მასწავლებელს, მერე ფოსტალიონმა სოფლის სახელზე გამოგზავნილი წერილი ამოიღო ჩანთიდან და რაღაც სასოებით გაუწოდა.
– წაიკითხე, შვილო, ჩვენი თანამემამულისაა.
წერილს კომუნისტი ალექსი ფილიევი იწერებოდა. მთელი სოფელი იცნობდა ალექსის. მან ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, რამდენიმე წელი იმუშავა ზნაურის საშუალო სკოლის დირექტორად. იქიდან გაიწვიეს სამამულო ომში. ახლა თანასოფლელებს სწერდა:
– “ჩემო ძვირფასო მეზობლებო! ამ წერილს ფრონტიდან გწერთ. ვერაგი მტერი სულ უფრო და უფრო გააფთრებით მოიწევს წინ. ანგრევს ქალაქებსა და სოფლებს. მოძალადეს ჩვენი დამონება განუზრახავს. არ ინდობს ბავშვს, მოხუცს, ქალებს … მაგრამ არა, მტერს ძვირად დავუსვამთ თავხედობას. თქვენ კი ჩემო თანამემამულენო, განსაკუთრებული ენერგიით გმართებთ მუშაობა”.
ამ წერილმა ყველა ჩააფიქრა. ქალები თავსაფრის ბოლოთი ცრემლებს იწმენდნენ.
ვეღარ მოითხმინა ზნაურის რაიონის სოფელ რუსთავის საშუალო სკოლის პირველადი კომკავშირული ორგანიზაციის მდივანმა ქრისტეფორე გასიევმა:
– სამშობლო განსაცდელშია. ჩვენ შეგვიძლია იარაღის ტარება, ბალახს სხვებიც გათიბავენ, თივას სხვებიც ჩაზიდავენ სოფელში”.
ერთი კვირის შემდეგ სოფელმა გააცილა ქრისტეფორე და მისი ამხანაგები: იაკობ და ივანე ტასოევები, მიხეილ გათიკოევი, მუხტარ ფლიევი, ივანე, ვლადიმერ და შალვა კოჩიევები.
თვალცრემლიანებმა გააცილეს უკანასკნელი იმედი ფადო და ვალენკა გასიევებმა. ქრისტეფორე მეხუთე ნაბოლარა ვაჟი იყო მათი. დაცარიელდა ჭერმხიარული ოჯახი. ხუთი ვაჟი გავიდა სახლიდან. რა ბედნიერი მშობლები იყვნენ! ერთი ქალი და ხუთი ვაჟი – ნანატრივით მოუვიდათ. წინათ ბიჭები ჟივილ-ხივილით ავსებდნენ სახლს. ახლა კი ვალენკა მათ სურათებსღა ეჩურჩულება.
აგერ სულ უფროსი ეფიმი. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ძარის სასოფლო საბჭოში მუშაობდა მდივნად. ჯარშიც აქედან წავიდა. მეორე გიორგიმ – სამხრეთ ოსეთის ავტომონიური ოლქის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ჯერ მშობლიურ რუსთავის სკოლაში იმუშავა, მერე კი ჯარში წასვლამდე – ქსუისის საშუალო სკოლაში. 26 წლის იყო, მაგრამ ნიჭიერმა ახალგაზრდამ ბევრის გაკეთება შეძლო. იგი პატარაობიდანვე წერდა ლექსებს, მოთხრობებს. მის პიესა “მდევარს” დღესაც არ დაუკარგავს ლიტერატურული ღირებულება.
მესამე ვაჟი სამსონი მამას ამოუდგა მხარში. მასთან ერთად შრომობდა საკოლმეურნეო მინდვრებზე. გლეხი იყო და მიწა უყვარდა. ომის დაწყებისთანავე ბარი მოხუცებულ მამას გადაულოცა, თვითონ შაშხანას მოკიდა ხელი და ფრონტს მიაშურა.
მეოთხე ვაჟმა – დიმიტრიმ სწორედ ომის დაწყების წინ დაამთავრა ცხინვალის პედაგოგიური სასწავლებელი და მასწავლებლობას არცკი ეღირსა, პირველ მობილიზაციაზევე წავიდა ჯარში.
ფადოს და ვალენკას ყველაზე მეტად უმცროსი შვილის ბედი აწუხებდათ. “სხვები კაცები არიან, მაგრამ ის ჯერ ბალღია, რა დროს მისი ფრონტიაო” – ამოიგმენდა ხოლმე ფადო.
ხუთი ძმა სხვადასხვა ნაწილში იბრძოდა. დიმიტრი არტილერისტი იყო, სმოლენსკის მისადგომებთან დაიღუპა. ფადო ამ დროს ცოცხალი აღარ იყო, ვეღარ გაიგო შვილის დაღუპვის ამბავი.
გიორგი უფროსი ლეიტენანტი იყო, ყირიმის ნახევარკუნძულზე მძიმედ დაიჭრა. გამოჯანმრთელების შემდეგ შვებულება მისცეს და მშობლიურ რუსთავს დაუბრუნდა. მეორედ წავიდა ფრონტზე. ერთ-ერთ ბრძოლაში მტრის ტყვიამ შეწყვიტა მისი გულისცემა.
სხვა ნაწილიდან იტყობინებოდნენ, ეფიმი გმირულად დაიღუპაო. შავარშნიანი სურათი ახლა სამი იყო. უკანასნელი იმედი ორ ვაჟზე დადგა. მაშინ ქრისტეფორე სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა. მალე დედას შეატყობინა, ოფიცრის ჩინი მივიღეო. ომის დამთავრების წინა დღეებში, ქრისტეფორეც ბერლინის მისადგომებთან ჩაიხვია მიწამ.
ომიდან მხოლოდ სამსონი დაბრუნდა. ოთხ ადგილას მძიმე დაკოდილ დედის გულს, აბა, რა გაამთელებს, მაგრამ ის მაინც ცოცხლობს.
მ.ხარებოვი; ი.ტასოევი – გაზეთი “საბჭოთა ოსეთი” – 1965 წელი
– “მელოდე დედა!” – დასტაქარი გაიოზ ბაბუციძე აჩაბეთიდან.
1944 წლის იანვრის სუსხი ჰოსპიტლის კარ-ფანჯრებში იპარება და დაჭრილებს სარეცელში უძვრება.
ვინ მოსთვლის, რამდენ დაჭრილ მეომარს დაუბრუნეს აქ სიცოცხლე. დამუნჯებულები, დასახიჩრებულები, კიდურებდაწყვეტილნი მოდიოდნენ და მოდიოდნენ…
დასტაქარი გაიოზი პალატიდან პალატაში ინაცვლებს. დაჭრილებს ამხნევებს. აი, ის, ლიახვის ნაპირზე გაზრდილი ექიმი, უკრაინელ მიტია კოსტენკოს მიუახლოვდა. რა უთხრას, რით ანუგეშოს სულ ახალგაზრდა, მაგრამ სიცოცხლეზე ხელჩაქნეული ხეიბარი? გვერდით მიუჯდა. მიტიამ თვალი დახუჭა, არაფრის გაგონება არ სურდა. დუმს დასტაქარი. ჯოჯოხეთი ტრიალებს მის გულში. ქირურგია უძლური გამოდგა, მძიმედ დასახიჩრებულ დაჭრილს ვერც ხელები შეუნარჩუნეს და ვერც ფეხები.
– ასე არ შეიძლება, მიტია, ნუ ნაღვლობ, შენ ხომ სამშობლოსთვის გასწირე თავი, აი, ჭრილობები მოგიშუშდება და ისეთ პროთეზებს გაგიკეთებ, რომ…
მიტიამ თვალები გაახილა. მწარე ღიმილმა დაუმანჭა სახე. ცრემლით აევსო თვალები. ექიმმა ცრემლი შეუმშრალა და წამოდგა. გული შეეკუმშა.
დასტაქარმა საათს დახედა. დღეს ის ჰოსპიტალს ტოვებდა. მორიგე ექიმს გამოუძახა. მალე მთელი სამედიცინო პერსონალი და მსუბუქად დაჭრილები მოგროვდნენ. აცილებდნენ საყვარელ ამხანაგს.
– ნახვამდის მეგობრებო …
– ნახვამდის, გაიოზ არჩილის ძევ, ნახვამდის, წერილს ხომ მოგვწერთ? – თითქმის ერთხმად შესძახეს გამცილებლებმა.
გაიოზმა დატოვა ჰოსპიტალი. ორი დღით დედასთან ჩავა, ოჯახს მოინახულებს, მერე კი ფრონტზე.
თბილისში სატრფოს უნდა შეხვედროდა, აცნობა ჩამოსვლის დღე, მაგრამ სადგურში არავინ დახვდა.
– ნეტარ და დაემართა ლიას? რატომ არ შემხვდა, იქნებ ისიც ფრონტზეა უკვე? წერილებზეც რომ არ მპასუხობდა …
ცხინვალისკენ მატარებელი ორი საათის შემდეგ გადიოდა. გადაწყვიტა ინსტიტუტში შეევლო. იქ ყველას გაუხარდა გაიოზ ბაბუციძის ნახვა. პროფესორ-მასწავლებლები სათითაოდ იკრავდნენ გულში. გულდამძიმებული გამოვიდა მშობლიური ინსტიტუტის შენობიდან, ბევრი მისი ამხანაგი დაღუპულიყო. აქვე გაიგო, ლია მოხალისედ წასულიყო ფრონტზე …
სოფელში ალიონზე მივიდა. ,,როგორ გაიხარებს დედაჩემი.”, გაიფიქრა მან და ჭიშკარი შეაღო. დედა ეზოში ფუსფუსებდა.
– დედა! – გაისმა სიწყნარეში. დედას ცოცხი ხელიდან გაუვარდა. ეგონა, მომესმაო, მაგრამ როცა ცხადად დაინახა თავისი შვილი, ქარივით გაიჭრა მისკენ.
– შვილო, გაიოზ! ეს რა ბედნიერი დილა გაუთენდა დედაშენს! – გაიოზმა ხელში აიტაცა, მკერდში ჩეკრა მშობელს. დედა კი ბეჭებზე ხელს უთათუნებდა, როგორ დავაჟკაცებულხარო.
ოჯახში სიხარული დატრიალდა. ბებია ტასო, უმცროსი ძმები და დაიკო თვალებში შესციცინებდნენ გაიოზს. მთელმა აჩაბეთმა გაიგო გაიოზის დაბრუნება.
ერთი დღით ჩამოსულს დედა გვერდიდან არ შორდებოდა. წასვლის წინ გაიოზი ეზოში გავიდა. თავისი დარგული ვაშლის ხის ქვეშ გაჩერდა. მერე უცბად დაიხარა. ფხვიერი მიწა მუჭით აიღო და ხელსახოცში გამოჰკრა. უცხო მხარეში ძალას შემმატებსო.
აჩაბეთელები ომში აცილებდნენ თავიანთ შვილს. დედა გაოგნებული ეკვროდა პირმშოს. თავი სიზმარში ეგონა. აი, მოვიდა მისი ბიჭი, გაახარა დედა და ასე უცბად ართმევს სიხარულს …
– ნუ იდარდებთ, მელოდე, დედა … – ერთხელ კიდევ გადაეხვია გაიოზი დედას, და-ძმებს, ბებიას და წავიდა. წავიდა და …
მას შემდეგ ოცი წელი გავიდა; ოცჯერ დაზამთრდა და ოცჯერ გაზაფხულდა. დედა კი ისევ ელის შვილს. ელის, ელის და ლოდინით არ იღლება… როცა ნაღველი მეტისმეტად მოეძალება, შვილის უკანასკნელ სიტყვებს იმეორებს: “ნუ იდარდებთ, მელოდე, დედა … ”
– გელოდები, შვილო, არ დავღლილვარ, კიდევ დიდხანს დაგელოდები, მაგრამ ასე ძალიან რომ იგვიანებ? – ჩურჩულებს ხშირად შვილის მოლოდინში მოხუცებული დედა.
ი.ბაბუციძე – გაზეთი “საბჭოთა ოსეთი” – 1965 წელი.
მასალა: qartli.ge