შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციის მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტზე

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტი 19 აპრილის შეთანხმებასა და თანასწორობის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

მომავალ კვირას, უქმეების შემდეგ, პარლამენტი უკვე დაიწყებს ამნისტიის კანონპროექტის საკომიტეტო განხილვებს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტი 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

“პირველი – ვინაიდან ის ეხება მხოლოდ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებს და მეორე, ვინაიდან ისინი დაზარალებულად აღიარებენ მხოლოდ აქციის მონაწილეებს და არა პოლიციელებს. ამ ბოლო საკითხით ის არა მხოლოდ შეთანხმებას ეწინააღმდეგება, არამედ ეწინააღმდეგება, ზოგადად თანასწორობის პრინციპებსაც.

რაც შეეხება ჩვენ მიერ ინიცირებულ პროექტს, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ის პირდაპირ ასახავს არა მხოლოდ 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას, ასევე მის სიტყვა-სიტყვით მნიშვნელობას” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში ამნისტიის ორი კანონპროექტია რეგისტრირებული. ერთი “ქართული ოცნების” ხოლო მეორე ოპოზიციის.

წყარო: itv.ge