ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ვინაიდან, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არაბთა ჯგუფებმა ქალაქში სინაგოგებსა და მაღაზიებს ცეცხლი წაუკიდეს და ასევე ათობით ავტომობილი დაწვეს.
Times of Israel-ი წერს, 1966 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ებრაულ-არაბულ ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ღაზას სექტორში 35 პალესტინელი დაიღუპა. ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა.
Reuters-ის ცნობით, დღეს დილას ისრაელმა საჰაერო დარტყმები განახორციელა ღაზაში მას შემდეგ, რაც თელ-ავივისა და ბეერ-შევას მიმართულებით ასობით რაკეტა ისროლეს.
მედიის ინფორმაციით, ღაზაში 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაინგრა. ისრაელის თავდაცვის ძალების მტკიცებით, შენობაში „ჰამასის“ დაზვერვის ცენტრი, დასავლეთ სანაპიროს სარდლობა და პროპაგანდის დეპარტამენტი იყო განთავსებული. თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე მოსახლეობა გააფრთხილეს, შენობა დაეცალათ.
სარაკეტო დარტყმების შემდეგ, აეროპორტებში ფრენა შეჩერდა.
ისრაელი ამბობს, რომ ღაზას სექტორში 2014 წლის შემდეგ ბოლო 24 საათში განხორციელებული სარაკეტო შეტევები მათი მხრიდან ყველაზე მასშტაბურია.
შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და პალესტინელ სამხედროებს შორის ორმხრივი ცეცხლი მეორე დღეა არ წყდება.
“რეზონანსი”