ინდოეთში კოვიდისგან გამოჯანმრთელებულ და გამოჯანმრთელების პროცესში მყოფ პაციენტებში, მუკორმიკოზის, ე.წ.„შავი სოკოს“ შემთხვევები ფიქსირდება.
კერძოდ, მუმბაიში მოღვაწე თვალის ქირურგი, აქშაი ნაირი ამბობს, რომ მან ოპერაცია ჩაუტარა 25 წლი დიაბეტის მქონე ქალს, რომელიც კოვიდისგან 3 კვირის წინ გამოჯანმრთელდა და რომელსაც მუკორმიკოზი განუვითარდა.
ოპერაცია 3 საათს გრძელდებოდა.
„თვალის ამოღება მომიწია, რათა მისი სიცოცხლე მეხსნა. სამწუხაროდ, ეს დაავადება ასეთია” – ამბობს ნაირი.
|რა არის მუკორმიკოზი?
მუკორმიკოზი საკმაოდ იშვიათი სოკოვანი დაავადებაა, რომელიც დაბალი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში იჩენს თავს. მუკორმიკოზს ობის სოკოები იწვევენ, რომლებიც ნიადაგში, მცენარეებში, სასუქში, ხილსა და ბოსტნეულში გვხვდება. ინფექცია თვალებს, ყურსა და ზოგჯერ ადამიანს ტვინსაც აზიანებს. სიცოცხლისთვის საშიშია განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შეხვდებათ დიაბეტით დაავადებულებს, აივ ინფიცირებულებს, ან ადამიანებს, რომლებიც სიმსივნეს ებრძვიან.
პაციენტებს, რომლებსაც მუკორმიკოზი აქვთ, შემდეგი სიმტომები აღენიშნებათ: ცხვირიდან სისხლდება, თვალების შეშუპება და ტკივილი, დაწეული ქუთუთოები, მხედველობის გაუარესება და შემდეგ დაკარგვა.
ასევე, მათ, შესაძლოა, ცხვირის გარშემო შავი ლაქები გაუჩნდეთ.
ექიმები ამბობენ, რომ პაციენტების უმრავლესობა მათთან ძალიან გვიან მიდის მაშინ, როდესაც მხედველობა უკვე დაკარგული აქვთ. შესაბამისად, იმისთვის, რომ ინფექციამ თავის ტვინამდე არ მიაღწიოს, მათ პაციენტებისთვის თვალის ამოკვეთა უწევთ.
|რას ამბობენ ექიმები – რამ გამოიწვია მუკორმიკოზის შემთხვევები
ექიმები ფიქრობენ, რომ მუკორმიკოზის შემთხვევები, შესაძლოა, სტეროიდული მედიკამენტების მოხმარებით იყოს გამოწვეული, რომელსაც მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების სამკურნალოდ იყენებენ. მათივე თქმით, მართალია სტეროიდული მედიკამენტები კოვიდის დროს ფილტვებში ანთებით პროცესსა და ზიანს ამცირებენ, მაგრამ ისინი ასევე ასუსტებენ იმუნიტეტს და სისხლში შაქრის დონეს ზრდიან.
სწორედ ამიტომ, ექიმები ვარაუდობენ, რომ პაციენტებში მუკორმიკოზის შემთხვევები, შესაძლოა, იმუნიტეტის დაქვეითებამ გამოიწვია.
ექიმი ნაირის განცხადებით, რომელიც მუმბაის სამ საავადმყოფოში მუშაობს, აპრილის თვეში ამ დაავადებით 40 პაციენტი აღწერა. უმეტესობას დიაბეტი ჰქონდა და ისინი კორონავირუსისგან სახლის პირობებში გამოჯანმრთელდენ. 11 მათგანმა კი აღნიშნული ინფექციის გამო, თვალი დაკარგა.
დეკემბრიდან თებერვლამდე პერიოდში, ინდოეთის 5 ქალაქში, მუკორმიკოზის 58 შემთხვევა გამოვლინდა. მათ უმრავლესობას ინფექცია გამოჯანმრთელებიდან 12-15 დღის შუალედში განუვითარდა.
ექიმი ნაირის თქმით, ბოლო 2 ორი წლის განმავლობაში მუკორმიკოზის 10-ზე მეტი შემთხვევა არ გამოვლენილა.
„ეს წელი რაღაც განსხვავებულია” – ამბობს ის.
|რა გამოსავალი არსებობს
სოკოს საწინააღმდეგო ინტრავენური ინექციის ერთი დოზის ღირებულება 3,500 რუპიაა (48 დოლარი). მისი მიღება 8 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად უნდა მოხდეს. ეს დაავადების საწინააღმდეგოდ ერთადერთი ეფექტური საშუალებაა.
მუმბაიში მოღვაძე დიაბეტოლოგის, რაჰულ ბაქსის განცხადებით, მუკორმიკოზის თავიდან არიდების ერთ-ერთი გზა კოვიდ პაციენტების მკურნალობისა და გამოჯანმრთელების შემდეგ სტეროიდული მედიკამენტების დოზისა და ხანგძლივობის კონტროლია.
„ექიმებმა პაციენტების სისხლში შაქრის რაოდენობა უნდა აკონტროლონ“ – აცხადებს ბაქსი.
მისი თქმით, გასულ წელს 800 დიაბეტის მქონე კოვიდ პაციენტს უმკურნალა, თუმცა სოკოვანი ინფექცია არცერთ მათგანს არ განვითარებია.
ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, რომ მუკორმიკოზის შემთხვევების დიდი აფეთქება არ ფიქსირდება.
ჯერჯერობით დაზუსტებით იმის თქმა რა იწვევს მუკორმიკოზის შემთხვევებს, რთულია.
„უცნაურია, რომ სოკოვანი ინფექცია ბევრ ახალგაზრდას აღენიშნება“,- ამბობს ექიმი ჰეგდე.
ჰეგდეს თქმით, გასულ თვეს მუკორმიკოზი მის 27 წლის პაციენტს გამოუვლინდა, რომელსაც დიაბეტი არ ჰქონდა.
„კორონავირუსით ინფიცირების მეორე კვირას მისთვის თვალის ამოკვეთა მოგვიწია. ეს საშინელებაა“ – ამბობს ჰეგდე.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით
წყარო: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენგო PTN.ge