„ნამახვანი ჰესი“ არის, იყო და იქნება ქართული პროექტი. ქართული ენერგეტიკის საკვანძო და განუყოფელი ნაწილი. ამ პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოიტანოს,- ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა.
ლომინაძის განმარტებით, „ნამახვანი ჰესის” პროექტის საწინააღმდეგო პროტესტმა იმდენად ირაციონალური ფორმა მიიღო, რომ საქმიანი მსჯელობის და კითხვებზე ნორმალურ რეჟიმში პასუხის გაცემის სივრცე პრაქტიკულად არ დატოვა.
ამასთან, ლომინაძე აღნიშნავს, რომ გარკვეული ჯგუფების მიერ, საზოგადოებაში მიზანმიმართულად დეზინფორმაციები ვრცელდება.
„ხშირ შემთხვევაში, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს ძალიან კარგად მესმის საზოგადოების დიდი ნაწილის და ადამიანების აღშფოთება, როდესაც ვხედავ რამდენად მძიმეა ბრალდებები, რომელიც ისმის „ნამახვანი ჰესის” პროექტის შესახებ. თითოეული მითი, რაც ვრცელდება ამ პროექტთან დაკავშირებით, უმეტეს შემთხვევაში ეხება ძალიან მგრძნობიარე თემებს. ჩვენ შევისწავლეთ ყველა მასალა, რაც უკავშირდებოდა კომპანიის ტენდერში გამარჯვების შემდეგ, გაფორმებულ ხელშეკრულებას, ჩატარებულ კვლევებს, აღებულ ნებართვებს და პასუხისმგებლობას. გავეცანით ყველა მითსა და ბრალდებას, რაც სამწუხაროდ, უკანასკნელ პერიოდში ხშირად და დიდი რაოდენობით ვრცელდებიდა სხვადასხვა ჯგუფის მიერ.
ბუნებრივია, არ გამოვრიცხავ და მეტიც ნათლად ვხედავთ, რომ რიგი ძალები და ადამიანები სურათის დამახინჯებას და ადამიანების გრძნობებით მანიპულირებას ცდილობენ, აბსოლუტურად შეგნებულად და ძალიან კონკრეტული მიზნებით.
სამწუხაროდ, დღეს პროექტის საწინააღმდეგოდ პროტესტმა იმდენად ირაციონალური ფორმა მიიღო, რომ საქმიანი მსჯელობის და კითხვებზე ნორმალურ რეჟიმში პასუხის გაცემის სივრცე პრაქტიკულად არ დატოვა.
თუმცა, კომპანია აცნობიერებს იმ ვალდებულებას, რომ თუნდაც დღეიდან, თუნდაც დაგვიანებით საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც მართლაც აინტერესებს ჰესის ირგვლივ არსებული სინამდვილე, მივაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია, სწორედ ამიტომ, ვიწყებთ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, რათა ეს რაციონალური ხმა მივიტანოთ საზოგადოებამდე.
„ნამახვანი ჰესი” არის, იყო და იქნება ქართული პროექტი. ქართული ენერგეტიკის საკვანძო და განუყოფელი ნაწილი.
ამ პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოიტანოს და სრულად ჩაანაცვლოს იმპორტი, რაც ზამთრის პერიოდში ღებულობს განსაკუთრებულ მნიშვნელობას”,- განაცხადა მერაბ ლომინაძემ.