როგორ „გააჟღერა“ ქართველი მებრძოლების სიმღერები რუსმა არამეომარმა პოეტმა

1903 წლის 7 მაისს დაიბადა პოეტი ნიკოლოზ ზაბოლოცკი. გამარჯვების დღისთვის Sputnik-საქართველომ მოამზადა მასალა მის თარგმანებზე ქართველი პოეტებისა.

გასაკვირია, მაგრამ ХХ საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პოეტს თავისი დროის უმნიშვნელოვანეს მოვლენაზე ბევრი არაფერი დაუწერია. საქმე ის გახლავთ, რომ დიდი სამამულო ომის წლებში ნიკოლოზ ზაბოლოცკი ბანაკებში იყო გადასახლებული.

მისი ცნობილი ლექსი (სახელი გაითქვა ფილმით „Доживем до понедельника“), რომელიც საომარ თემას ეხება, „Иволга“ (“В этой роще березовой…”, 1946 წ.) – მოგვითხრობს არა იმდენად ცოტა ხნის წინანდელ მოვლენებზე, რამდენადაც ზოგადად ადამიანის ბედზე. მაგრამ ამასთანავე, სწორედ ზაბოლოცკის დამსახურებით, სამშობლოს ქართველი მცველების ხმა კავკასიის ფარგლებს გასცდა.

ცნობილია, რომ ზაბოლოცკის საქართველო უყვარდა – ის თავადაც წერდა მასზე და ბევრს თარგმნიდა ქართულიდან. 1936 წელს მან ნახა შემოდგომის კახეთი, მცხეთა და სხვა მშვენიერი ადგილები, „ძალიან დაუახლოვდა ქართველებს, განსაკუთრებით, სიმონ ჩიქოვანს“.

გორში ერთად მგზავრობისას პოეტებმა ერთმანეთს სიტყვა მისცეს, ამ შესანიშნავ გასეირნებაზე ლექსები დაეწერათ. ზაბოლოცკიმ დაპირება მალევე შეასრულა და ეს გაზეთმა „იზვესტიამაც“ დააფიქსირა, სადაც პოეტმა „გორის სიმფონია“ გამოაქვეყნა.

Грузинский поэт Симон Чиковани
© PHOTO: SPUTNIK / MIKHAIL KULESHOV
სიმონ ჩიქოვანი

ეს საქართველოზე მისი ერთადერთი თხზულება არ ყოფილა, მაგრამ, შესაძლოა, მანაც (და არა მხოლოდ „თქმულება იგორის ლაშქარზე“ თხზულების ლექსად გადაწყობაზე მუშაობამ) გარკვეულწილად იმოქმედა პოეტის შემდგომ ბედზე.

1983 წელს ანტისაბჭოური საქმიანობის ბრალდებით დაპატიმრებული, 1946 წელს, უკვე ბანაკებისა და გადასახლების შემდეგ, იგი მოსკოვში დამკვიდრდა, განაგრძო წერა და ბეჭდვაც. თავისი „სიმფონია“ ზაბოლოცკიმ მიუძღვნა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მის კონკრეტულ შვილს, „დიდ ქართველს“, გორში დაბადებულს, რომელიც „მსოფლიოს ხალხების ბელადი“ გახდა.

დიდი გამარჯვების წელს თბილისში გამოვიდა კრებული „ქართული პატრიოტული პოეზიის ანთოლოგია“, რომელშიც შეტანილი იყო ზაბოლოცკის მიერ თარგმნილი ნაწყვეტი გრიგოლ ორბელიანის „სადღეგრძელოდან“. მაგრამ გადასახლებული მთარგმნელის გვარი წიგნში მითითებული არ იყო… სამი წლის შემდეგ კი, 1948 წელს, მოსკოვში გამოიცა ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოეტის ლექსების კრებული. იქ, რასაკვირველია, მოხვდა „გორის სიმფონია“. მართალია, სამუდამოდ გაფუჭებული ანკეტით, მაგრამ ზაბოლოცკი მაინც დააბრუნეს ლიტერატურაში.

იგი ბევრს მუშაობდა ქართველი კლასიკოსებისა და თანამედროვეების თხზულებებზე, თარგმნიდა უბრალოდ სიტყვა-სიტყვით კი არა, არამედ „დიდი სიყვარულით“, აქსოვდა მასში გულს. თავს უფლებას აძლევდა, დაემატებინა სახეები და დეტალები. პოეტი, პროზაიკოსი, ლიტერატურათმცოდნე ალექსანდრე ციბულსკი, რომელმაც თითქმის მთელი ცხოვრება საქართველოში გაატარა, ზაბოლოცკის თარგმანებს აფასებდა, როგორც „ორიგინალის სულის გამოხატვას“.

„მთარგმნელი ემსახურება ხალხთა შორის მეგობრობის საქმეს, – ამბობდა თავად პოეტი – მათ ურთიერთგამდიდრებას კულტურის სფეროში. მთელი მისი შრომა და პროფესიული უნარები განისაზღვრება ამ საფუძვლით ამ მიზნით“. თარგმანები ზაბოლოცკისთვის იქცა ერთგვარ მეთოდად, გაქცეოდა მასში სამუდამოდ ჩაბუდებულ, წამებებისა და ბანაკებისგან გამოწვეულ გამანადგურებელ შეგრძნებებს და პოეზიისთვის შეეფარებინა თავი…

1947 წელს მოსკოვში, მწერალთა კავშირში ტარდებოდა ახალგაზრდა ქართველი პოეტების მარგიანისა და ნონეშვილის საღამო. ზაბოლოცკიმ მათი რამდენიმე ლექსი თარგმნა, შემდგომაც განაგრძობდა მათთან თანამშრომლობას.

მოსკოვსა და თბილისში 1952 წელს გამოცემულ რევაზ მარგიანის კრებულებში დაიბეჭდა მისი თარგმანი ლექსისა „ქართველი ომში“.

Реваз Маргиани
PHOTO: COURTESY OF NATIONAL LIBRARY
რევაზ მარგიანი

მარგიანმა გამოიარა ომი, მუშაობდა საფრონტო გაზეთების რედაქციებში. ლექსი „ქართველი ომში“ დათარიღებულია 1943 წლით. ზაბოლოცკიმ, რომელიც ამ დროს ბრძოლის ველიდან შორს იმყოფებოდა, შეძლო გაეგონა და ხალხის ყურამდე მიეტანა მებრძოლი მარგიანის ლექსის სიმღერა, რომელიც „ქართველს ომში სჩვევია“.

იბრძოდა პოეტი იოსებ ნონეშვილიც, ავტორი პოემისა „ამბავი ერთი ქალიშვილისა“ (1951 წ.). რუსმა მკითხველმა ის ზაბოლოცკის თარგმანით გაიცნო. პოემა დაწერილია ქართული წარმოშობის ყირიმელი პარტიზანის, ზოია რუხაძის გმირობის მოტივებზე,  რომელიც ფაშისტებმა აწამეს. ნონეშვილი აღწერს გაბედულ გოგონას და პარტიზანულ რაზმს, რომელშიც იბრძოდნენ ყირიმის მცველები საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კუთხიდან – რუსები, უკრაინელები, ყაზახები, ქართველები…

ქართველი პოეტები: იოსებ ნონეშვილი, გიორგი ლეონიძე, გალაკტიონ ტაბიძე
PHOTO: COURTESY OF NATIONAL LIBRARY
ქართველი პოეტები: იოსებ ნონეშვილი, გიორგი ლეონიძე, გალაკტიონ ტაბიძე

ნაწარმოები მკითხველს განაწყობს ერთიანი ბრძოლისთვის საერთო მტრის წინააღმდეგ. თხზულების ნათელი მომენტია ორი ზოიას – კოსმოდემიანსკაიასა და რუხაძის – დიალოგი, სადაც საუბარია საქართველოსა და რუსეთის გვერდიგვერდ სვლაზე, წლიდან წლამდე განვითარებაზე, ხოლო ორ ზოიას, რომლებმაც სიცოცხლე სამშობლოს მომავალს შესწირეს, ავტორი დებს უწოდებს…

იოსებ ნონეშვილი და ავლიპ ზურაბაშვილი
PHOTO: COURTESY OF NATIONAL LIBRARY
იოსებ ნონეშვილი და ავლიპ ზურაბაშვილი

რუსული და ქართული ლიტერატურა ამ ორი დასავითაა, მჭიდროდ გადახლართულია ერთმანეთში მათი სტრიქონებიც და ბედიც. ზაბოლოცკის თხზულებები ქართულად ითარგმნა. რუსულად „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანისთვის იგი საქართველოში დააჯილდოეს. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე პოეტმა ილია ჭავჭავაძის ლექსი თარგმნა, რომელშიც ეს სიტყვებიცაა:

…”Хоть рано ты умолк,

Но ты исполнил свой великий долг,

И песнь твоя от самого начала

Нам не напрасно издали звучала!”

„ადრე იყო შენი სიკვდილი,

უღვთო იყო შენი სიკვდილი…“

ზაბოლოცკის დამსახურებაა, რომ რუსულენოვან მკითხველს დღესაც შეუძლია გაეცნოს დიდ და საზარელ ომში ბრძოლის ველზე სამუდამოდ დადუმებული ქართველი მებრძოლების ამაყ ნამღერს, ლექსად ქცეულს…