თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა, იყალთოში მცხოვრები, 27 წლის ფირუზ ლომაშვილია. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდამ ავტომანქანა ოპელი ცოტა ხნის წინ შეიძინა.
„ეს მანქანა ცოტა ხნის წინ იყიდა. კარგი, წესიერი ახალგაზრდა იყო. სახლების სარემონტო სამუშაოებით იყო დაკავებული. ლომაშვილების გვარის ერთი ოჯახია იყალთოში. ძალიან მძიმე ამბავია, ამბობენ, სწრაფად მოძრაობდა და საჭე ვერ დაიმორჩილა“, – განუცხადა „პრაიმტაიმს“ გარდაცვლილის ახლობელმა.
ავტოსაგზაო შემთხვევა, სოფელ იყალთოში 11 მაისის ღამეს, კომენდანტის საათის დროს მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა და მიღებული დაზიანებების შედეგად, მანქანის მძღოლი, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.
“პრაიმტაიმი”