ვარდმა თქვა, მაისის თვეში მარტო მე ვარ ლამაზი, სხვა ვერ გაიხარებსო!
სწორედ ამიტომ არ ქორწინდებიან მაისში შეყვარებული წყვილები და სწორედ მაისში რატომ გადაწყვიტა პოლიტიკური გაფურჩქვნა ორმა ძველი ჯიშის სურნელებადაკარგულმა, მკრთალი ფერის პოლიტიკურმა ვარდმა, პროგნოზი ძალიან მიჭირს….
პოლიტიკურ ველზე ახალ ძალად თუ მოდიხარ, მინიმუმ წარსული უნდა გქონდეს სუფთა და აი, უკვე მერამდენედ ვკითხულობ – რა არგო მილიონერმა გიორგი გახარიამ საქართველოს 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ სააკას მიერ ბოძებული საქართველოს მოქალაქეობის წყალობით, მოსკოვიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ მუდმივად მაღალ თანამდებობებზე წამოსვა ბიძინა ივანიშვილმაა?!
არც არაფერი, ხოოომ? ნეტავ გაეკეთებინა….. მე ის ჟურნალისტი არ ვარ, ვინმეს ღვაწლი არ დავაფასო და არ აღვნიშნო!
გახარიას გუნდი ჯერ-ჯერობით მხოლოდ ყოფილი ნაცი ჩინოვნიკებით შემოიფარგლება და თან ისეთი ნაცებით, ქე რომ როლანდ ახალაიას მარჯვენა ხელ-ფეხი იყვნენ და სამეგრელოს ატყავებდნენ!
ზვიად გამსახურდიას ძეგლთან მისვლამაც ვერ უშველა 31 მარტს და იგივე მეგრელებმა სოციალურ ქსელში ისეთი ცეცხლი გაუხსნეს ამის გამო, მართალი გითხრათ გამიკვირდა!
არადა, თურმე ის, რაც იციან მეგრელებმა, გვიან გავიგეთ რიკოთს აქეთ… მაგალითად გახარიას და მოწერელიას სიგარეტის არალეგალური ბიზნესის შესახებ, რომლის არტერიაც რუსეთიდან აფხაზეთის გავლით შემოდის ჯერ ზუგდიდში და შემდეგ დანარჩენ საქართველოში იტოტება!
ცნობილი ადამიანების ე.წ. სახეებად გამოყენება რომ პოლიტიკაში მოსულია, ამას მსოფლიო პრაქტიკაც აჩვენებს!
ეს იმიტომ ხდება, რომ პოლიტიკოსებმა მათ ფონზე თავი წარმოიჩინონ და ამაყად გადმოგვხედონ, ხედავთ, ვინ მიჭერს მხარსოო? ეგ კინო ჩვენც ბევრჯერ ვნახეთ და რამდენჯერაც იმ ცნობილ ადამიანებს ჩემთან უთქვამთ, მაგის გვერდით როგორ დავდექი, ღმერთი არ მაპატიებსო, იმდენი სიკეთე თქვენ, ძვირფასო მკითხველო!
გახარიას მელია გამოეკიდა და შეშინებული ისე გავარდა პრემიერ მინისტრობიდან, გურიაში ძმები არველაძეების მოცვის პლანტაციაში აღმოჩნდა!
რატომ არველაძეების და არა, მაგალითად, ცეცხლაძეების, ანდა გიორგაძეების?
იმიტომ, რომ ძმები არველაძეები საზოგადოებაში მაღალი ავტორიტეტით სარგებლობენ, არიან ნიჭიერები, ლაღები, ქალაქელები და ქიციც იციან და ქიცმაცურიც!
ისინი უყვართ ქართველებს და უფრო შეუყვარდათ ამ ბოლო დროს, გადაცემა „მელომანში“ მათ მიერ დატრიალებული შოუ-ქარბორბალას შემდეგ! როგორც აღმოჩნდა ფეხბურთის გარდა, კარგად იციან მსოფლიო მუსიკა, უსმენენ და თვითონაც მშვენივრად მღერიან!
ჰოდა მეტი რა უნდა ადამიანებს, რომლებსაც ტელევიზიებიდან მხოლოდ უარყოფითი ინფორმაციები ესმით? ნიჭისა და მოლხენის ისეთი ფოიერვერკი მოგვიწყეს ძმებმა არველაძეებმა, პირადად მე, მინიმუმ 10 ჯერ მაინც ვუცქირე გადაცემის ჩანაწერს და ძალიან კარგ გუნებაზე დამაყენეს…
ამასწინათ გავრცელებულმა ინფორმაციამ – რეზი არველაძე გახარიას გუნდში იქნება, ხოლო შოთა ან აჩი არველაძე თბილისის მერობის კანდიდატად დასახელდებაო – სოციალურ ქსელში ყუმბარის აფეთქების ხმაურიანი ეფექტი გამოიწვია და მათი გულშემატკივრები წერდნენ – „ნუ იზამთ მაგას, პოლიტიკა ბინძურია და არ გვემეტებითო!“ ,,მერიაა თუ ფეხბურთის ფედერაციის ფილიალი, ფეხბურთელ მერს, ისევ ფეხბურთელით რომ ანაცვლებენ?“ „შოთი, თბილისის მერი რომ გახდე მინიმუმ 2 ავტოგოლი უნდა გაიტანო ბრატ“ და ა. შ. ა. შ….
არველაძეები გავრცელებულ ინფორმაციაზე ჩვეულად, ხუმრობენ და სხვასაც აცინებენ, მაგრამ….
ისე, მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) არველაძეების არამხოლოდ ახლობელი, არამედ ნათესავიცაა და ვინც ამას წინათ რიყეზე მდუმარებისთვის შეგკრიბათ, მალე ხმაურისათვის გამოგიყვანთ ისეთი პირი უჩანს…
არც მე მემეტებიან პოლიტიკისთვის ძმები არველაძეები განა იმიტომ რომ ვერ „გაქაჩავენ“, არა! არ მემეტებიან იმ ადამიანის(ადამიანების) გვერდით, ვისაც საქართველოსთვის არაფერი გაუკეთებია და მხოლოდ თვალის ჩაპაჭუნებით გაიკეთა იმიჯი!
და კიდევ, როგორც ინფორმირებული ადამიანები მეუბნებიან, ბურჯანაძე რუსულ “კანალზე” გახარიათი ჩაანაცვლეს. პრინციპში, ბურჯანაძემ მისია ამოწურა “ვარდების რევოლუციის ტროიკას” შემადგენლობაში ყოფნითა და შვილის ქართულ პოლიტიკაში შემოყვანით. მოკლედ, გახარია არა მხოლოდ ბიძინას, არამედ, რუსეთის პროექტიც გამოდის. ისე, რამ გაყო ბიძინა და რუსეთი, ეგეც საკითხავია…
ან რა სარგებელი მოუტანია საქართველოსთვის მილიონერ ლევან ვასაძეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელ-გვარი საქართველოში ხშირად ისმის და არცთუ სახარბიელო კონტექსტში?
ადრე დავწერე და ახლაც გავიმეორებ… 2005 წელს, მოსკოვში ერთ-ერთ ცნობილი ქართველი პოლიტიკოსის ოჯახს ვსტუმრობდი, მათივე მიპატიჟებით… ოჯახის უფროსს სახლში დაბრუნება ძალიან გაუგრძელდა და მეუღლეს წარამარა ურეკავდა – ,,ირინა არ წავიდეს, დამელოდოს, თბილისში რაღაც უნდა გავატანოო… რამდენიმე საათის შემდეგ, როგორც იქნა, მოვიდა და ისეთი გახარებული იყო, ემოციებს ვერ მალავდა და ჩემს შეკითხვაზე, რა მოხდა, აღარ იტყვი-თქო?“ სიტყვასიტყვით ასე მიპასუხა: ,,ახლა ერთი დიდი კაცის სახლში ლევანის მომავალი გადაწყდა, მე მიყვარს ლევანი, რომელიც საქართველოში მალე წავა და გარკვეული დროის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებასაც ჩაიბარებსო!“
ვიმეორებ – ეს ითქვა 2005 წელს და მას შემდეგ გამადიდებელი შუშით ვაკვირდებოდი ლევან ვასაძის გამოჩენას ქართულ პოლიტიკაში და რადგან „ის“ პიროვნება ძალიან მიყვარს (ვინც ლევანის მომავალი გამანდო), რაღაცნაირად პოზიტიურად განვეწყე მის მიმართ!
მხოლოდ საწყის ეტაპზე გამიჩნდა სიმპატიები და ამას არც ვმალავ!
ლევანის პოლიტიკური ტაქტიკა და სტრატეგია კი იმდენად არარაინდული იყო, გნებავთ ვერის ბაღში გამოჩენისას, გნებავთ ფილარმონიასთან ხალხმრავალი საპროტესტო აქციის დროს, რომ კრიტიკას ვერ უძლებს…
მოვიდა იკომბლავა და წავიდა ….
არადა, მაშინ იქ, მისი მომხრეები დააპატიმრეს და ვითომც არაფერიი?
„ალიას“ ,მკითხველს ემახსოვრება ისტორია, რომელიც ამ ორიოდე კვირის წინ დავწერე – ,,ახლა შვეიცარიაში ერთი ქართველი მილიონერი ტრენინგენს გადის ევროპელ და რუს პოლიტიკოსებთან პარტიის დაფუძნების თაობაზე და ქართულ პოლიტიკაში მოსვლასაც მალე დაანონსებს“- მეთქი, ხომ გახსოვთ?
ჰოდა, ლევან ვასაძეს ვგულისხმობდი, რომელმაც მისი სიტყვებით რომ ვთქვა, ,,დიდი ჭოჭმანის შემდეგ“ გადაწყვიტა პოლიტიკაში შემოსვლა…
ვნახოთ, რას იზამ, ლევან, რამდენად დამოუკიდებლად იმოქმედებ, ამას დრო გვანახებს! რა ხალხს დაიყენებ გვერდით, ამასაც უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს და ჯერჯერობით ვინც დავინახეთ, აბა, რა მოგახსენოო?
ომში რომ შედიხარ, ჯანმრთელი ადამიანები უნდა გაიყვანო საბრძოლველად, გულყრები რომ ემართებათ, ისეთები კი არააა?
და ერთიც… შენი წავკისის სკოლა, მილიონერების შვილებისთვის რომ ააშენე, ღარიბების შვილებმა რა დაგიშავეს?
მიუხედავად ყველაფრისა, ლევან ვასაძეს, პირადად ჩემთვის, გიორგი გახარიასთან შედარებით ცოტა მეტი უპირატესობა აქვს და ახლავე გეტყვით რატომაც…
იგი პატრიარქთან დაახლოვებული პირია, მეუფე შიოს თანაკლასელი და მეგობარია!
არის კონსერვატული იდეების მომხრე! სძულს ცრუ ლიბერალები და კატეგორიულად ემიჯნება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ქართველ ერს სძულს!
გახარიასთან შედარებით, ინტელექტუალია, არის მრავალშვილიანი მამა!
აქვს კავშირები ბევრი ქვეყნის წამყვან პოლიტიკოსებთან!
ირინე გოგოსაშვილი