თბილისის მერია მუნიციპალურ ქონებაზე გარე რეკლამების განთავსებაზე ახალ აუქციონს გამოაცხადებს – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
– “როგორც მოგეხსენებათ, დედაქალაქის მასშტაბით, მუნიციპალურ ქონებაზე გარე რეკლამების განთავსების 2 ნებართვა 2009 წელს გაიცა და ნებართვის მფლობელი კომპანიები ამ უფლებით უკვე 12 წელია სარგებლობენ. წელს ამ ხელშეკრულებას ეწურება ვადა და ცხადია, ვმუშაობთ ახალი აუქციონის გამოცხადებაზე. ჩვენი გუნდი ამზადებს ახალ პირობებს, რომელიც მომგებიანი და ხელსაყრელია მუნიციპალიტეტისა და ბიზნესისთვის. მინდა, დაინტერესებულ ბიზნეს სუბიექტებს მოვუწოდო, ახლავე ჩაერთონ პროცესში, დაგვიკავშირდეთ, უშუალოდ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს შეგიძლიათ მიმართოთ და მონაწილეობა მიიღოთ ამ პროცესში, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები და დაინტერესების შემთხვევაში, ჩაერთოთ აუქციონში, რომლის გამოცხადებასაც უახლოეს მომავალში ვაპირებთ. აუქციონი ჩატარდება მუნიციპალიტეტისთვის ერთიანი თანხის წინასწარ გადახდის პირობით“ – განაცხადა კალაძემ.
წყარო: bm.ge