პალესტინელები და ისრაელელები თანაბრად იმსახურებენ დაცულ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას – ჯო ბაიდენი 

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში „მდგრადი სიმშვიდის“ მისაღწევად მისი ადმინისტრაცია ყველა მხარესთან მუშაობას განაგრძობს.

„ჩემი ადმინისტრაცია აპირებს, გააგრძელოს პალესტინელებსა და ისრაელელებთან, ასევე რეგიონში სხვა პარტნიორებთან მუშაობა მდგრადი სიმშვიდის მისაღწევად,“- აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, როგორც პალესტინელები, ასევე ისრაელელები დაცულ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას იმსახურებენ.

„მიგვაჩნია, რომ პალესტინელები და ისრაელელები თანაბრად იმსახურებენ დაცულ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას და თავისუფლების, კეთილდღეობისა და დემოკრატიის თანაბარ შესაძლებლობას,“- აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდა. ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკებების შემდეგ, ბლინკენმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ ”ძალადობა სასწრაფოდ უნდა დასრულდეს”.

შეგახსენებთ, ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ გამწვავდა და გასული კვირის ორშაბათიდან მხარეებს შორის სარაკეტო და საჰაერო იერიშები არ წყდება, რასაც ათობით ადამიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა.