“ნიუსფრონტმა” ორი შეკითხვით მიმართა ცნობილ პოლიტიკოსებს, საქართველოს პარლამენტის წევრს, “ევროპელი სოციალისტების” ლიდერ ფრიდონ ინჯიასა და ყოფილ პარლამენტარს, ამჟამად პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორს, დიმიტრი ლორთქიფანიძეს.
კითხვა 1-ლი: მხარს უჭერთ თუ არა იდეას, რომ საქართველოში არსებული, ფაშიზმის წინააღმდეგ წარმოებული სამამულო ომისადმი მიძღვნილი ძეგლები და მონუმენტები გარემონტდეს და ჯეროვნად იქნას მოვლილი? მაგალითისათვის, ამა წლის 9 მაისს, ქარელში ენთუზიასტებმა შეაკეთეს ასეთი ძეგლი.
კითხვა მე-2: მიგაჩნიათ თუ არა, რომ ფაშიზმზე გამარჯვებაში გადამწყვეტი წვლილი საბჭოთა კავშირს, მათ შორის, საქართველოსაც, მიუძღვით?
ფრიდონ ინჯია:
1. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაა და ვალდებულნი ვართ, გავუფრთხილდეთ. აუცილებელია, ძეგლები შევინარჩუნოთ, აღვადგინოთ, მოვუაროთ, უფრო მეტიც, ჩვენ თვითონვე დავუდგათ ძეგლი ჩვენს გმირებს. მოვძებნოთ მათი საფლავები, მოვეფეროთ, მუდმივად ცოცხალი ყვავილებით შემკობილი გვქონდეს…
ცუდი დრო დადგა, ისტორიის გადაწერა სურთ, ძეგლების განადგურებას ცდილობენ და, სამწუხაროდ, ახერხებენ კიდეც, მაგრამ ჩვენ, უფროსმა თაობამ, ეს არ უნდა დავუშვათ, ჩვენი ვალია, ახალგაზრდებს დიდი სამამულო ომის ისტორია ხელახლა გავაცნოთ და ვასწავლოთ, გამუდმებით პატივი მიაგონ წინაპრების უდიდეს თავგანწირვას. ძალიან კარგი საქმე გაკეთდა ქარელში, სადაც, ქალაქის ცენტრში, ომის მონუმენტი შეკეთდა. ქარელი მაგალითი უნდა გახდეს ყველა სხვა ქალაქისა და სოფლისათვის.
2. დიახ, სწორედ საბჭოთა კავშირის დამსახურებაა ფაშიზმის დამარცხება. სწორედ საბჭოთა კავშირმა და დიდმა ქართველმა, იოსებ ბესარიონის ძე სტალინმა გადაარჩინეს მთელი მსოფლიო ფაშისტებისგან. სხვა ისტორია მე არ ვიცი და არც მაინტერესებს…
საქართველოს ბევრი გმირი ჰყავს, მაგრამ ის, რომ რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა ჩვენმა თანამემამულე მელიტონ ქანთარიამ ააფრიალა, განსაკუთრებულ როლს სძენს ჩვენს ქვეყანას მსოფლიოში. მისი დაბადების დღის არაღნიშვნა სულმდაბლობაა.
5 ოქტომბერს მელიტონ ქანთარიას დაბადების დღეა. როგორ შეიძლებოდა, ამ დღეს არ მისულიყო მის საფლავთან ადამიანი და შესაბამისი პატივი არ მიეგო, მუხლი არ მოედრიკა გმირის საფლავთან, გმირისა, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლოა. რომ არა მელიტონ ქანთარიასნაირი გმირები, ცოტა ადრე ვიქნებოდით ლიბერალების ბრჭყალებში მოქცეულები და, ალბათ, გადაგვარებულებიც, მაგრამ მათ გასაგონად ვიტყვი: სწორედ ამ გმირების სულები დაგვეხმარებიან, რომ ეროვნული ფასეულობების მტერი ლიბერალების პარპაში მალე დავასრულოთ ჩვენს ქვეყანაში.
ასე რომ, დიდი სამამულო ომი ჩვენი, საბჭოთა ხალხების ომი იყო და დიადი გამარჯვებაც ყველამ ერთად მოვიპოვეთ!
დიმიტრი ლორთქიფანიძე:
1. არათუ იმის მომხრე ვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში ძეგლები უნდა არსებობდეს, არამედ იმისაც, რომ ვინც რაიმე, სულ მცირედი წვლილი მაინც შეიტანა იმ დიდებული წარსულის დისკრიმინაციაში, ისტორიის გაყალბებაში, ყველა დაისაჯოს. უპირველესად, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, უნდა დაისაჯოს “დიდების მემორიალის” ამფეთქებელი, იმ ვანდალური ფაქტის ჩამდენი, რომელსაც დედა-შვილის სიცოცხლეც შეეწირა. ეს იყო უმძიმესი კატეგორიის დანაშაული, როგორც ისტორიის წინაშე, ისე მომავალი თაობების წინაშე. ეს იყო მცდელობა, ამოეშანთათ ადამიანების მეხსიერებიდან ის დიდებული ისტორიაა, რომლითაც ვამაყობთ, ვამაყობთ ქართველების მიერ დიდ სამამულო ომშიშეტანილი უდიდესი წვლილით. 750 ათასი ქართველი წარბშეუხრელად წავიდა ომში საკუთარი ქვეყნის დასაცავად და იქიდან ნახევარი აღარ დაბრუნებულა. ამას დაფასება უნდა, მათ ხსოვნას მუდმივად პატივი უნდა მივაგოთ, დიდი სამამულო ომის მონუმენტებს უნდა მოვუაროთ, საფლავები მუდამ სისუფთავეში უნდა იყოს. მიხარია, რომ ქარელში შეკეთდა მონუმენტი, იმედია, ეს საქმიანობა მთელი საქართველოს მასშტაბით გაიშლება.
2. სტალინი იყო მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების ავტორი, რომელმაც თავისი ბრძნული სტრატეგიით მოიპოვა უდიდესი გამარჯვება, როგორც დასავლეთის ფრონტზე, ისე აღმოსავლეთის. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იაპონიის არმიას საცდელი, საწამებელი ლაბორატორიები ჰქონდა გახსნილი მანჯურიაში, ეს იყო კაცობრიობის წინაშე ჩადენილი უმძიმესი დანაშაული, მაგრამ სტალინის, ამ უდიდესი სტრატეგის, გენერალისიმუსის დამსახურებით ყველანაირ სადისტურ-ფაშისტურ ქმედებას ბოლო მოეღო და ეს ყველაზე დიდი სისხლიმღვრელი ომი დიადი გამარჯვებით დასრულდა, რაშიც საბჭოთა კავშირთან ერთად, ამ პატარა საქართველომაც უდიდესი წვლილი შეიტანა. ჩვენ ძალიან ბევრი გმირი გვყავს და მათი დავიწყება დანაშაულის ტოლფასია.