პეკინზე ხანძრის დროს ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

35 წლამდე ქალი, რომელიც პეკინის გამზირზე ხანძრის დროს მეექვსე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა. ინფორმაციას ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ადასტურებენ.

დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 18 მაისს, დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი 14–სართულიანი კორპუსის მეხუთე სართულზე გაჩნდა, რის შემდეგაც კორპუსის ზედა სართულებზე გავრცელდა.

დაშავებული ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, ქალს მძიმე ტრავმული მდგომარეობა აღენიშნებოდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გამოძიება დაადგენს, ახალგაზრდა ქალი სიმაღლიდან გადახტა, თუ შემთხვევით გადავარდა.

ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან  მეხანძრე-მაშველებმა ბავშვები გამოიყვანეს და მოსახლეების  ევაკუაცია განახორციელეს.

ამ დროისთვის კორპუსში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

“სპუტნიკი”