ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა კითხვაზე, არის თუ არა ვლადიმერ პუტინის პროექტი, განაცხადა, რომ ის პუტინის „ქვეითია“ და მისი „პროექტი“, ასევე „ხალხის მსახური“. ამის შესახებ მან „ინსტაგრამზე“ პირდაპირი ეთერისას განაცხადა.
„მე ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური ვარ. ჩვენ გვაქვს საკუთარი გერბი და დროშა, მე ვარ რესპუბლიკის არჩეული მეთაური, ვარ პუტინის ქვეითი, შეიძლება ითქვას, პრეზიდენტის პროექტი ვარ. მას რომ ჩემი ხალხისთვის ყველაზე რთულ დროს მხარი არ დაეჭირა, შესაძლოა, დღეს ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო“, – განაცხადა კადიროვმა.
მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა მიღწევა, რაც დაკავშირებულია რესპუბლიკის აღდგენასთან და რეგიონში უსაფრთხოებასთან, ძირითადად, პუტინის დამსახურებაა.
„ამიტომ, ყოველთვის ვამბობ და ახლაც გავიმეორებ, შეგიძლიათ თქვათ, რომ მე პუტინის პროექტი ვარ, პუტის ქვეითი, უზენაესის მონა ვარ და ხალხის მსახური… მე რელიგია მომიწოდებს, ვემსახურო ასეთ პრეზიდენტს და თუკი შენ ნებას გაძლევენ მეჩეთები აშენო, შეისწავლო რელიგია, ვალდებული ხარ დაიცვა ეს სახელმწიფო და პრეზიდენტი. ამიტომ, არ მრცხვენია ვთქვა – მე ვარ ქვეითი, რუსეთის გმირი, გენერალი“, – განაცხადა კადიროვმა.